"მიშამ გადააყრევინა ნოტებიო, ხომ? ბრავო, მიშა!"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
2 ივნისს ბერლინის ბოდე-მუზეუმში გამართულ საზეიმო მიღებაზე საპატიო სტუმრებისთვის კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა მეცო-სოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მას აკომპანირებას პიანისტი დავით ალადაშვილი უწევდა. დაკვრის დროს პიანისტს როიალიდან ნოტების ფურცელი გადაუვარდა. ირაკლი ღარიბაშვილი წამოდგა და ნოტები პიანისტს მიაწოდა…
აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით ოპერის მომღერალ ალეკო ხომერიკს გავესაუბრეთ, რომელიც 17 წლის განმავლობაში შეუცვლელი ფიგურა იყო სამთავრობო კონცერტებზე...
- ბატონო ალეკო ხალხში ვრცელდება აბსურდული მოსაზრება, თითქოს პიანისტმა განგებ გადაყარა ნოტები... …
- მიშამ გადააყრევინა ნოტებიო, ხომ? ბრავო მიშა! თუ პიანისტებს ფულს უხდის, ნოტები დაყარეთ და ღარიბაშვილმა ან სხვა მაღალჩინოსანმა აიღოსო, მაშინ ნამდვილად ეკუთვნის ამერიკის პრეზიდენტობა!.. ეს ხუმრობით, ისე კი მაგგვარი შემთხვევები გამიგია და მინახავს კიდეც. ნოტები ვის არ გადაცვენია, მაგრამ ეს ახალგაზრდებს და გამოუცდელებს ემართებათ, თორემ ალექსანდრე კორსანტიაზე, ლექსო თორაძეზე თუ ელისო ვირსალაძეზე არ გამიგია. ისინი ისედაც უნოტოდ უკრავენ თითქმის ყველაფერს... დავით ალადაშვილი ახალგაზრდა და პერსპექტიული კაცია, ძალიან აქებენ. სამწუხაროდ ეს კონცერტი არ მინახავს, თორემ შევატყობდი, პიანისტს ნოტები გადაუცვივდა თუ განგებ გადაყარა.
- თქვენ 17 წლის მანძილზე გიწევდათ სამთავრობო კონცერტებზე გამოსვლა და ალბათ თქვენც გქონიათ რაიმე შეფერხება...
- 17 წლის განმავლობაში შეუცვლელი მომღერალი ვიყავი სამთავრობო კონცერტებზე. არცერთი კონცერტი არ ტარდებოდა უჩემოდ. საქორწინო მოგზაურობაში რომ წავედი, ხუთი დღე არ მაცალეს და დამაბრუნეს, რადგან ვიღაც მაღალჩინოსანი ჩამოდიოდა. სიცხიანიც რომ ვყოფილიყავი უნდა მემღერა... მიუხედავად გამოცდილებისა, მეც მქონდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა: კრწანისის რეზიდენციაში შევარდნაძე ხავიერ სოლანას ხვდებოდა და მიმიწვიეს, როგორც "გრანადას" კარგი შემსრულებელი. როიალთან დავდექი დოინჯით და ტექტს ვეღარ ვიხსენებდი. ერთხელ წავიბორძიკე, მეორედ, მესამედ მერე აღარ მოვერიდე და სიმღერა თავიდან დავიწყე. თავიდან ორმაგი ძალიათ ვიმღერე, შეცდომა რომ გამენეიტრალებინა. ხავიერ სოლანა სუფრიდან წამოდგა, მოვიდა, ხელი ჩამომართვა, მადლობა გადამიხადა და გადამეხვია... მეც მომსვლია ასე და გიამბეთ კიდეც.
კომენტარისთვის "ეჭვმიტანილს", დავით ალადაშვილსაც დავუკავშირდით, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
დავით ალადაშვილი:
- ბერლინის კონცერტზე შემთხვევით გადამივარდა უკვე გადაშლილი ნოტის ფურცელი, პრემიერს კი მადლობის ნიშნად გადავეცი მომდევნო გვერდი...
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)