"ერში, სადაც ყანწებით მიდის სმა და მერე მუცელზე ხელის ტყაპუნი..." - კვირის პალიტრა

"ერში, სადაც ყანწებით მიდის სმა და მერე მუცელზე ხელის ტყაპუნი..."

"რეი ჩარლზი ყავდათ ეკლესიის დასათვალიერებლად წაყვანილი, რა მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე ლაპარაკი"

"სადაც ყოველ დილით ვიგებთ, რომ შვილმა-მამა, ცოლმა-ქმარი, ქმარმა-ცოლი და ა.შ. მოკლა სასმელის ნიადაგზე. მარიხუანა ითვლება კრიმინალად"

"რომ თქვან, ნატოში შევალთო, დაბოლილზე აუცილებლად მაგრად გაგეცინება"

"მეთორმეტე საუკუნეში მაგრები ვიყავით, ჩამოსულ სტუმრებს ვაყურებინებთ ფარ-ხმალით სირბილს და ახალს არაფერს ვთავაზობთ"

რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე ჩატარდა აქცია, რომელზეც ერთადერთი მოთხოვნა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია იყო. რამდენად რეალურია საქართველოში მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება, ამაზე კომენტარი ჯგუფ "აუტსაიდერის" ლიდერს, მუსიკოს რობი კუხიანიძეს ვთხოვეთ.

- საქართველოში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის იმედი არ მაქვს, თუ სახელმწიფო იმას მაინც შეძლებს, რომ სასჯელი შეამსუბუქოს, ეგეც მიღწევა იქნება. ჩვენთან ეს მოხდება მაშინ, როცა ევროპული შეგნება გვექნება და ამას სულ მინიმუმ, 15 წელი მაინც სჭირდება. რაღა შორს მივდივარ, რეი ჩარლზი რომ იყო ჩამოსული, ერთ-ერთ ეკლესიაში ყავდათ წაყვანილი და უსინათლო კაცს ეკითხებოდნენ, როგორ მოგეწონაო და ამ ხალხს თქვენ მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე ელაპარაკებით?!

- როგორ ფიქრობთ, რატომაა ასე პრობლემატური ამის გადაწყვეტა?

- სხვას რას უნდა ელოდო ერში, სადაც ხალხი ღვინის კულტურაზეა ჩამოკიდებული, ყანწებით მიდის სმა და მერე მუცელზე ხელის ტყაპუნი. სადაც ყოველ დილით ვიგებთ, რომ შვილმა-მამა, ცოლმა-ქმარი, ქმარმა-ცოლი და ა.შ. მოკლა სასმელის ნიადაგზე. მარიხუანა ითვლება კრიმინალად. ჩვენთან ერთი ბოთლი ღვინო უნდა ღირდეს 500 ლარი, რომ ამ ხალხმა ცოტა ამოისუნთქოს.. ამას უნდა ებრძოდეს ყველა თაობა, მაგრამ ჩვენ ამით ვამაყობთ.

სტაინბეკი იყო ჩამოსული საბჭოთა კავშირში და უკან რომ დაბრუნდა, ჰკითხეს, რა ნახეო და მოსკოვში ესა და ეს ვნახეო, ჩამოთვალა ღირშესანიშნაობები და საქართველოში მხოლოდ ჭერი ვნახე, რადგან სულ ყანწი მეჭირა ხელშიო. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ადამიანი ღვინოში ჩავახრჩოთ, რომ ეიფორიულად ეგონოს ქართველების სიმაგრე. იცი ყველაზე დიდი პრობლემა რაა? მარიხუანის მომხმარებელი და მკვლელი ფაქტობრივად ერთნაირ სასჯელს იხდიან და ერთ შენობაში უწევთ ყოფნა, ეს სირცხვილია.

- აქციაზე თქვენც იყავით?

- ასეთი აქცია მე არ მინახავს. რაც თავი მახსოვს, სულ აქციებია საქართველოში და ყველგან, აგრესიაა, თოფებია, გინებაა და ეს იყო სიმშვიდის ზეიმი. უცხოელი მახლდა, რომელსაც ქართული აქციები უნახავს და გაგიჟდა, ეს რა მაგარი აქციააო. ისე მგონია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი რომ არ ყოფილიყო, ასეთი მშვიდად არ ჩაივლიდა ეს აქცია.

- დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე საუბრობს ის ვინც არ იცის ქუჩა..

- იმის თქმა, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია ნარკომანიას გაზრდის, სისულელეა. პარლამენტში არ იქნება ადამიანი, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ვისაც არ ექნება მოწეული მარიხუანა. როცა მაღალი ხელფასი გაქვს, მოწევ, 500 ლარის შიში არ გექნება და თავისუფლად გამოხვალ გარეთ.

თვითონ მარიხუანას აქვს ასეთი თვისება, რომ ხარ ეიფორიაში და ისეთ დაპირებებზე გეცინება, რომელზეც მანამდე არც გაგეღიმებოდა. მაგ. რომ თქვან, ნატოში შევალთ, დაბოლილზე აუცილებლად მაგრად გაგეცინება. სანამ საქართველოში ღვინო ღმერთამდეა აყვანილი, მანამდე გამორიცხულია მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე ლაპარაკი. წარმოიდგინე, ფრენკ ზაპა ჩეხეთში დანიშნეს კულტურის მინისტრად და ამით კულტურის რეფორმას შეუწყვეს ხელი და ჩვენთან ვინმე გააკეთებს ამას? ჩვენ ჯერ კიდევ იმას ვებღაუჭებით, რომ მეთორმეტე საუკუნეში მაგრები ვიყავით, ჩამოსულ სტუმრებს ვაყურებინებთ ფარ-ხმალით სირბილს და ახალს არაფერს ვთავაზობთ.

თანაც, დაბოლილების დაჭერა მთავრობას აწყობს, რადგან ბიუჯეტი ივსება არაფრისაგან. პირველ ჯერზე 500 ლარია, მერე 2000, მერე პატიმრობა და პატირმობის დროს გირაოთი უშვებენ და ხალხს აიძულებენ სახლ-კარი გაყიდონ. "კრაკადილის" ბუნაგადაა ქვეყენა ქცეული და უმჯობებსი იქნება თუ ამას მიხედავენ, თორემ მარიხუანა ამასთან შედარებით მეასეხარისხოვანი პრობლემაა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)