"მარტივია, ეგ არი, დარგე შენი კედარი” - ტყემ დაბადება დაიწყო - კვირის პალიტრა

"მარტივია, ეგ არი, დარგე შენი კედარი” - ტყემ დაბადება დაიწყო

გამარჯობა, როგორ არის შენი კედარი? ვინც მონაწილეობა მიიღო ”კვირის პალიტრის” პროექტში ”ჩემი კედარი”, არ გაუკვირდება რას ვკითხულობთ. ვისაც ეს ამბავი მხედველობიდან გამორჩა, კიდევ ერთხელ შევახსენებთ, ”კვირის პალიტრამ” წამოიწყო აქცია, რომლის პირობების თანახმად, გაზეთის მკითხველს შეეძლო საჩუქრად მიეღო ჰიმალაის კედრის თესლი და საკუთარი ხელით გაეხარებინა. დათესე და გამოზარდე მარადმწვანე კედარი! მოვუწოდებდით ცოტა ხნის წინ მკითხველს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ 2015 წლის 18 აპრილს, "კვირის პალიტრის" 20 წლის იუბილეზე, ერთად გავაშენოთ კედრის ტყე. სად? საამისოდ უამრავი ადგილია, მთავარია ერთი წლის შემდეგ ამ მნიშვნელოვან დღეს მომზადებული შევხვდეთ. მომზადება კი იმას ნიშნავს, რომ სიყვარულით გამოყვანილი ნერგი მზად უნდა იყოს დიდი ტყის გასაშენებლად. ამიტომაც გთხოვთ, შეგვატყობინეთ როგორ მიდის საქმე, უკვე ამოიწვერა თქვენი ნებიერა ნერგი, თუ თესლი ჯერ კიდევ გაღვივების პროცესშია და არ ჩანს? იქნებ ჩვენგან დახმარება გჭირდებათ, გსურთ რჩევა გვკითხოთ, ან სულაც თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ სხვებს. ამიტომაც ნუ დაიზარებთ, და მოგვწერეთ, ასევე გადაუღეთ ფოტო თქვენს პაწაწინა, მომავალ ხეებს და გამოგვიგზავნეთ.

თუ ისე მოხდა, რომ თესლის გახარებისთვის ყველა პირობა დაიცავით და მაინც არ ამოვიდა, რა გაეწყობა, გულს ნუ გაიტეხთ, სამწუხაროდ ბუნებაშიც არ ხარობს ყველაფერი. ისე კი, თუ ღეროს ამოწვერას ცოტა დააგვიანდა, ნუ შეშინდებით,

ზოგადად კედრის თესლი 20-25 დღეში აღმოცენდება. საერთოდაც წიწვოვანები ნელა იზრდება - წელიწადში დაახლოებით 5-10 სანტიმეტრით.

თუ თესლი ჯერაც არ ჩაგიფლავთ მიწაში და ყოყმანობთ იმიტომ, რომ გამოუცდელობის გეშინიათ, დროს ნუ კარგავთ, სცადეთ, ნერგის გამოყვანა რთული სულაც არ არის. მოიძიეთ ყვავილების მიწა, რომლის შეძენა ყვავილების ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება. ან სკვერში და ეზოში მოძებნეთ მეტნაკლებად ნოყიერი მიწა, ცოტა ნაკელიც შეურიეთ და ქოთანში ან სხვა საშუალო ზომის ჭურჭელში, თუნდაც პლასტმასის ერთჯერად ჭიქაში მოაწყვეთ ”საბრძანებელი” კედრისათვის, ოღონდ ჭურჭლისთვის ძირის გახვრეტა არ დაგავიწყდეთ. შემდეგ თესლი ფრთხილად მიწით სავსე ჭურჭლის შუაგულში ჩადეთ და დაელოდეთ ნერგის დაბადებას. დასათესად თესლზე თითის დაჭერაც კმარა (დაახლოებით 1-1,5 სმ-ზე) და მიწაში ღრმად დაფლვა საჭირო არ არის. ნათესს ზემოდან მიწის თხელი ფენა მოაყარეთ და მორწყეთ. სანამ გაღვივდება, მიწა რომ გაშრება, ცოტაოდენი წყლით მორწყეთ ხოლმე. ამოწვერილ ღეროს კი კვირაში ორჯერ აპკურეთ წყალი. მიწა ოდნავ ტენიანი უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიჟღინთოს წყლით. ასევე შეგიძლიათ ქოთანს ქვემოდან დაუდოთ წყლიანი ლანგარი - მცენარე იმდენ სითხეს შეიწოვს, რამდენიც დასჭირდება. ლანგარზე წყალი სულ უნდა ესხას. სანამ ნერგი დაიბადება, ერთნაირად შეიძლება ქოთანი მზეზე ან ჩრდილში იდგეს, ოღონდ თბილ ადგილას, მაგრამ ამოწვერილი ღეროს ზაფხულში შუადღის მწველი მზის სხივები ვნებს, ზამთარს კი აივანზეც გადაიტანს.

ჰიმალაის კედარი 1000 წელს ცოცხლობს. ახლა იმასაც თუ გაითვალისწინებთ, რომ ამ ხნის განმავლობაში რამდენი თესლის გამოყოფა და კიდევ ახალი კედრების დაბადება შეუძლია თქვენს ”პირმშოს”, იოლად გააცნობიერებთ ერთი ხის გახარებით როგორ საქმეს გაუკეთებთ მომავალ თაობას ათასი წლის და მეტი ხნის განმავლობაში. თითოეული ხე პლანეტის ფილტვებს ანახლებს და ჟანგბადით ამდიდრებს სამყაროს.

იმისათვის, რომ ამ დიდ საქმეში ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, შეგვეხმიანეთ თქვენი კითხვებით, რჩევებით და რაც მთავარია ფოტოებით, რომ კარგად მომზადებული შევხვდეთ 2015 წლის 18 აპრილს, როდესაც გავაშენებთ უზარმაზარ კედრის ტყეს. გვერწმუნეთ, ეს საქმე რთული სულაც არ არის და როგორც პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, საქმე შემდეგნაირად არის, ”მარტივია, ეგ არი, დარგე შენი კედარი”! დარგე, რომ მომავალმა თაობამ იამაყოს და მოგბაძოს.

სანამ თქვენი პატარა კედრების შესახებ გვიამბობთ, გთავაზობთ უკვე დაბადებულების ფოტოებს, რომლებიც მათმა ”მშობლებმა” გამოგვიგზავნეს იმის ნიშნად, რომ ტყემ დაბადება დაიწყო, ოღონდ ჯერ მხოლოდ ქოთნებში.