"სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ...." - რას ყვებიან მორევში ქვაზე გარჩენილები (ექკლუზივი)
"შევრჩით მორევს შუა 2-მეტრიან ქვაზე 15 კაცი, - 11 მოსწავლე, ორი მსაწავლებელი, ერთი მშობელი და ერთიც მენავე..."
"ღამით ვიღვიძებ და ვფიქრობ ყველა მათგანზე, ვინც იმ ქვაზე სიკვდილს ველოდებოდით"
"გოგონა, რომელიც უკან იყურებოდა, ამ წყალმა წააქცია და წაიღო..."
ის, რაც ზაფხულის უწყინარ საღამოს მარტვილის პატარა სოფელ ინჩხირში მოხდა, აქაურებს არასოდეს დაავიწყდებათ - რამდენიმე წამში უწყინარი აბაშისწყალი აქაფებულ 4 მეტრის სიმაღლის მორევად გადაიქცა და ხეობა უფსკრულად აქცია. შავი ტალღები რამდენიმე მეტრიან ხეებს მოაქანებდნენ და კლდეებს ღმუილით ახეთქებდნენ.
თუმცა სიკვდილი გაცილებით შემზარავი ჩანდა იმ ადამიანების თვალში, რომლებიც მორევში ამოჩრილი ქვის წვერზე იდგნენ მაშინ, როცა წყალი ამ წვერის დაფარვასაც ლამობდა. სულ რამდენიმე მეტრის ფართობზე მდგარი 15 კაცი 4 საათის განმავლობაში განუძრევლად ელოდა სიკვდილს.
მანანა წერეთელი; რუსთავის მე-20 სკოლის მასწავლებელი:
- ამ ამბის გადმოსაცემა შეიძლება ყოველმა ჩვენგანმა სხვადასხვა სიტყვებით სცადოს, მაგრამ არსი ერთია, - ჩვენ სიკვდილმა დაგვინდო და რატომღაც გაგვეცალა. ამ ამბის შემდეგ ღამით ვიღვიძებ და ვფიქრობ ყველა მათგანზე, ვინც იმ ქვაზე სიკვდილს ველოდებოდით და ერთი რამის თქმა შემიძლია, - აქ ჩემი მოსწავლეები იყვნენ, მათთან ერთად ჩემი შვილიც და არავინ არ ჩავარდნილა ისტერიკაში. ეს არავის დაავიწყდეს, - ჩვენ შიშით დაჩიავებული ახალგაზრდობა არ გვყავს...
- აქამდე როგორ მიხვედით, რა მოხდა იმ დღეს?
- ექსკურსიაზე წავედით რუსთავიდან. მოვიარეთ იმერეთი და ჩავედით სამეგრელოში. იქ მდინარე აბაშისწყლის ხეობაში შევედით ნავებით. რომ არა ეს დღე, ღირს იმ სილამაზის ნახვა... მდინარეში წყალი დაბალზე იყო, ზოგან ნავი მიწასაც ეხებოდა. ამიტომ ნავებიდან გადმოვედით და ფეხშიშველები წავედით ნაპირამდე. უცებ ზურგს უკან მენავეების ღრიალი მოგვესმა, - ჩქარა, ქვაზე ადითო. ჩვენ წინ კლდიდან ქვა იყო გადმოშვერილი, იმაზე გვეუბნებოდნენ, ადითო... პირველად ვერ მივხვდით, რა ხდებოდა... უცებ გუგუნი გაისმა და დავინახეთ, რომ ხეობაში აქაფებული შავი წყალი მოეხეთქებოდა. ერთი გოგონა, რომელიც უკან იყურებოდა, ამ წყალმა წააქცია და წაიღო... წამით თვალთ დამიბნელდა... მერე დავინახე, როგორ დაიჭირეს ბიჭებმა და ქვამდე მიიყვანეს. ეს ქვა და მის ზემოთ წამომდგარი კლდის ნაჭერი ჩვენ გარშემო ერთადერთი ადგილი იყო, რომელზეც ხელის მოკიდება შეიძლებოდა. როცა ამ ქვაზე ყველა ავედით, რამდენიმე წამში მივხვდი, რომ, უფრო მაღლა თუ არ ავიწევდით, წყალი მოგვწვდებოდა და დაგვახრჩობდა. ჩვენს მაღლა კიდევ იყო ერთი ქვა, სადაც დადგომა შეიძლებოდა, მაგრამ თუ წყალი იქაც ამოვიდოდა, უკვე ვერსად წავიდოდით. არ ვიცი, როგორ მოვახერხეთ მასზე ასვლა ისე, რომ რომელიმე ჩვენგანს ფეხი არ დაუცდა. ამასობაში ის ადგილი, სადაც ვიდექით, უკვე წყალმა დაფარა. ასე შევრჩით მორევს შუა 2-მეტრიან ქვაზე 15 კაცი, - 11 მოსწავლე, ორი მსაწავლებელი, ერთი მშობელი და ერთიც მენავე... აქ თითოეულმა სულ რამდენიმე სანტიმეტრის საყრდენზე 4 ჯოჯოხეთური საათი გავძელით. ბავშვებმა გაგვაძლებინეს...
- როგორ გაძელით?
- არც ვიცი. მახსოვს მოპირდაპირე ნაპირზე თვალით მოვნიშნე კლდის წვერი, რომელსაც წყალი თანდათან ფარავდა. გულში ვთქვი, - თუ ეს წვერი დაფარა წყალმა, მაში, ჩვენ წყალი მუხლებამდე მოგვწვდება, შეიძლება გავძლოთ, ვიდრე წყალი მხრებამდე მოვა... მაგრამ მერე ვეღარ გავძლებთ...
- მაშველი რატომ არ მოდიოდა?..
- მივხვდი, რატომ ვერ გვეშველებოდნენ, - თავზე რომ კლდე გვქონდა წამოხურული, როგორც კი მაშველებმა იქ თოკების ჩამოშვება დაიწყეს, მაშინვე ქვებმა დაიწყო ცვენა. ის ქვები ჩვენ გვაცვიოდა თავზე. შეიძლება რომელიმე ჩვენგანი ამ ქვებს მორევში გადაყოლოდა. მივხვდი რომ სანტიმეტრობით ითვლიდნენ, სად უნდა დაემაგრებინათ თოკი და ჩამოშვებულიყვნენ... ესეც უნდა ვთქვა, - ერთი მაშველი ნახევარი საათი ქანაობდა ჰაერში და ვერ გვწვდებოდა. ბოლოს, ”ჩვენს” ქვას ფეხი მოახვედრა, ჩვენი სანტიმეტრები გაინაწილა და საათ-ნახევარი ცალ ფეხზე იდგა ჩვენ გვერდით... მან თითქოს ხელი ჰკრა სიკვდილს. ბავშვებმაც, - თავით ფეხებამდე გალუმპულები გაუთავებლად ხუმრობდნენ... არადა, ერთის ხელი მეც მეჭირა ხელში და ვხვდებოდი, როგორ კანკალებდა შიშით. მაგრამ როგორც კი თვალებში შევხედავდი, - არაფერია მცივაო, მეუბნეოდა. ყელაზე მეტად ჩემი შვილის მეშინოდა, - ჩემ უკან იდგა და ხშირად ჩუმად იყო. იმ წამებში მისი სიჩუმის ყველაზე მეტად მეშინოდა, - თავს მივატრიალებდი და შევეხვეწებოდი ხოლმე, - ანა, ხმა ამოიღე დედა-მეთქი.
- ძალიან საშიშია სიკვდილის პირისპირ დგომა?
- ამაზე სხვა პასუხი არ არის, - ჰო. თუმცა მაინც გააჩნია, ვინ გიდგას გვერდით. ვუყურებდი ბავშვებს და ვფიქრობდი, - ამათ ხომ ყველაფერი წინ ჰქონდათ, სკოლა ახლა დაამთავრეს, სულ სამი დღის წინ ჰქონდათ ბანკეტი, იყვნენ ბედნიერები და ლამაზები და ახლა ასე რატომ უნდა დამთავრდეს ყველაფერი, ეს ხომ უაზრობაა-მეთქი! უცებ დავინახე, რომ ჩემი მონიშნული კლდის წვერი წყალში გამოჩნდა და მივხვდი, რომ გადავრჩებოდით...
- მაშინ რაღა გაიფიქრეთ?
- ყველა რომ გაიყვანეს, მე იმ ქვაზე ვიდექი, ვუყურებდი უკვე ნაპირისაკენ გაყვანილ ბავშვებს და და გულში მათი დედების ნაცვლად ახლა მე ვტიროდი.. ოღონდ, მარტო გულში, თვალებიდან ცრემლი აღარ მომდიოდა.
პ.ს. ყველა იმ ბავშვს, ვინც აბაშისწყალის ”კანიონში” გადარჩა, რუსთავის ეკლესიაში ჯანმრთელობის პარაკლისი გადაუხადეს...
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)