სტაჟიანი ”ბაბა იაგა”
”ყველაზე კარგი ფლირტის მდგომარეობაა”
2010 წლის დადგომა განსაკუთრებით ირინა სარიშვილს უნდა უხაროდეს. აღმოსავლური კალენდრის თანახმად ვეფხვის წელშია დაბადებული. ადამიანი "ვეფხვის" პორტრეტის შექმნა ქალბატონი ირინას ხასიათის მიხედვით ვცადეთ. რესპონდენტი სიამოვნებით აგვყვა ხუმრობანარევ რუბრიკაში "ცნობილი ვეფხვები".
ირინა სარიშვილი 1962 წლის 24 დეკემბერს დაბადებულა.
ასტროლოგების თქმით, ქალბატონ "ვეფხვებს" ძალიან ჰყვარებიათ მბრძანებლობა და ოჯახში მამაკაცს უფროსობის უფლებას არ აძლევენ. სამაგალითო დიასახლისებიც ყოფილან, თუმცა, წყნარი და მონოტონური ყოფა მალე სწყინდებათ და ერთბაშად თავქარიანი ხდებიან. ღმერთმა ნუ ქნას და თავი გალიაში გამომწყვდეულივით იგრძნონ, დეპრესია და სიავე მოეძალებათ. მოკლედ, ასე ასტროლოგები ფიქრობენ, ახლა ვნახოთ რას ფიქრობს თავად ქალბატონი "ვეფხვი".
- ქალბატონო ირინა, ასტროლოგები ამბობენ, რომ ვეფხვებს შესანიშნავი ინტუიცია აქვთ, არაერთხელ გამართლებულა თქვენი პოლიტიკური პროგნოზებიც.
- არ მგონია, რომ წინასწარმეტყველების უნარი მქონდეს, უბრალოდ, სხვაზე მეტ დროს ვუთმობ ფიქრს და არსებული ინფორმაციის ანალიზს.
- თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციისა და ანალიზის მიხედვით 2010 წელი როგორი იქნება?
- ზამთარში და გაზაფხულზე კარგს არაფერს ველი. თუმცა მაინც იმედიანი განწყობა მაქვს იმიტომ, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება და თუ ჩვენი ერი განწირული არ არის (რაზეც უმარავი საფუძვლიანი ინფორმაცია არსებობს), უნდა გადავრჩეთ.
- როგორც პოლიტიკოსი რას ელით 2010 წლისგან?
- ვიმედოვნებ ვეფხვის წელი უკეთეს მომავალს მომიტანს. თუმცა, პრეზიდენტი ალბათ ვერ გავხდები.
- ეს გინდათ?
- ძალიან, ღამე არ მძინავს (ეცინება). ზარმაცებს პრეზიდენტობა არ გამოუვათ და არც უნდა გამოუვიდეთ. მე ზარმაცი ვარ! არჩევნებში კი იმიტომ ვმონაწილეობდი, რომ ტრიბუნა მჭირდებოდა. მე ყველაზე მხიარული კანდიდატი ვიყავი საპრეზინდეტო კანდიდატებს შორის. ჩემგან განსხვავებით ყველას ეგონა, რომ პრეზიდენტი გახდებოდა. საერთოდ მიმაჩნია, რომ ქვეყანა უნდა მართოს კაცმა.
- ამბობენ, რომ ვეფხვის ნიშნით დაბადებულთა დადებითი თვისებებია: გამორჩეული ძალა, სიმამაცე და ძლიერი წარმოსახვის უნარი. ამ სამიდან თქვენ რომელი გაქვთ?
- გამორჩეული ძალისა რა გითხრათ, თუმცა არც უძლური ვარ. მეგობრები ამბობენ, რომ ურთულესი მდგომარეობიდან ვახერხებ ფეხზე წამოდგომას. ვფიქრობ, ეს ჩემი მოთმინების შედეგია.
მშიშარაც არ ვარ. რაღაცების შიში კი მქონია, მაგრამ მომიხერხებია მისი დაძლევა.
ფანტაზიორი ბავშვობიდან ვარ, დეპრესიულ მდგომარეობაშიც კი შემიძლია თავი დავიმშვიდო, ჩემთვის გავყუჩდე და იმდენად ძლიერად წარმოვიდგინო სასურველი მდგომარეობა ანუ, რა მშვენიერია ცხოვრება, რომ განწყობა რადიკალურად შემეცვალოს.
- ამბობენ, რომ ”ვეფხვები” იმპულსური, უდისციპლინო, ჯიუტი და აგრესიული ხალხია.
- აგრესიას ჩემში სრულიად გამოვრიცხავ, იმპულსური ვარ, შესაძლოა მომენტალურად გავბრაზდე, მაგრამ აფეთქება მალე გამივლის.
ჯიუტი ნაკლებად ვარ, რადგან გამოცდილებამ ჭკუა მასწავლა ან დამარბილა, მაგრამ თუ რაღაცაში დარწმუნებული ვარ, ძალიან ძნელია ვინმემ აზრი შემაცვლევინოს.
უდისციპლინობას კი, როგორც ჩანს, არც ასაკობრივი ზღვარი აქვს და არც გამოცდილება შველის. მთლიანად ხასიათზე და განწყობაზე ვარ დამოკიდებული, თუ ვალდებულებას არ ვგრძნობ ვინმეს მიმართ, შემიძლია მეგობრებთან ერთად სადმე წასვლის გამო სერიოზულ საქმეზე ვთქვა უარი. თუმცა, ვიმეორებ, ადამიანს არ დავაღალატებ.
დისციპლინის შემთხვევებიც მაქვს, მაგალითად თუ სახლს ვალაგებ, სანამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვან, ვერ მოვეშვები. ამიტომაც ჩემი სახლი ან საშინლად ანგრეულია, ან ძალიან კარგად დალაგებული. საერთოდ არ მიყვარს ორგანიზებული და დაგეგმილი ცხოვრება. მაქსიმალურად თავისუფლად უნდა ვგრძნობდე თავს.
- ასტროლოგების მტკიცებით, ”ვეფხვს” აქვს ყველა ღირსება, გახდეს მდიდარი და გავლენიანი ადამიანი.
- სიმდიდრისა რა გითხრათ... ერთი უცნაურობა კი მახასაითებს: როდესაც ერთი ნაბიჯიღა მრჩება ნებისმიერი სახის წარმატებამდე, იოლ ნაბიჯზე ვამბობ უარს. არ ვიცი რა მყავს შეჩენილი, მაგრამ აუცილებლად უნდა გავირთულო გზა. ასე ხდება ჩემი ცხოვრების ყველა სფეროში, პირადშიც და საქმიანშიც. თითქოს თვალწინ მაქვს წარმატება, ხელის გაწვდენაღაა საჭირო, მე კი შორი გზიდან ვიწყებ შემოვლას და ყველაფერს ვაფუჭებ.
თუმცა, პირადი ცხოვრებით უკმაყოფილო არ ვარ. არაჩვეულებრივი ოჯახი მაქვს და მეტი ნამდვილად არაფერი მინდა.
- ამბობენ, ”ვეფხვები” სიყვარულში დაფრინავენ, ძალიან რომანტიკულები არიანო.
- სიყვარულში ძალიან პრეტენზიული ადამიანი ვარ. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ, მაგრამ რაც მინდა, თითქოს შეუძლებელია.
- ასეთს რას ითხოვთ?
- საერთოდ არ მესმის რას ნიშნავს ქალის და კაცის ურთიერთობებში მიჩვევა ან გადაჩვევა. ამიტომაც ვამბობ, რომ ორივე სქესისთვის ყველაზე სასიამოვნო ფლირტის პერიოდია, სანამ ყველაფერი ახალი და ამაღლებულია. შეუძლებელია ქალი და კაცი 20-30 წელი ცხოვრობდნენ ერთად და მათ ეს გრძნობა სხვა ურთიერთობაში არ გადაუვიდეთ. მირჩევნია, არ გადავიდეს და დარჩეს ლამაზად... ფლირტის მდგომარეობა ყველაზე კარგი მდგომარეობაა. მერე ყველაფერი ფუჭდება, თუ ცოლ-ქმრობაშიც გადავიდა, იქ საერთოდ დანგრეულია გრძნობა.
- ფიქრობთ, რომ თქვენს ბოლო ქმართან ყველაფერი კარგად იქნებოდა, ქმარი რომ არ გამხდარიყო?
- აღარ მინდა ამ თემაზე ლაპრაკი, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გრძნობაზე, რომელიც შემდეგ გაცივდა. (?!)
- თუ იცით რა საერთო გაქვთ ასლან აბაშიძესთან?
- მე? ვაიმე, რა საერთო უნდა მქონდეს?
- ორივე ვეფხვის წელში ხართ დაბადებული.
- უი, რა გინდა, ასლანზე გამოვიდა სიმართლე - მდიდარია. მაგას გაუმართლა. ის უფრო უზრუნველყოფილი ვეფხვი ყოფილა, მე ჯერ წინ მაქვს ყველაფერი.
- საერთოს რას ხედავთ თქვენს ხასიათებში?
- რა საინტერესო კითხვაა, ყველაფერს მოველოდი ამის გარდა, რომ მე ასლანთან რაიმე მსგავსება შესაძლოა მაკავშირებდეს. ვიხსენებ, მაგრამ მიჭირს მსგავსების გახსენება.
- "კვირის პალიტრის" მკითხველმა ირინა სარიშვილს საგაზეთო კარნავალში 10 წლის წინ და ახლაც "ბაბა იაგას" კოსტიუმი მოარგო. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს "ბაბა იაგას" სტაჟიან სტატუსს?
- უი, ბაბა იაგა? საინტერესოა ვინ რას გულისხმობს ზღაპრის ამ პერსონაჟში. მართალა ვერ ვხვდები მე და "ბაბა იაგა" რა კავშირში ვართ ერთმანეთთან.
- იქნებ ასეთი დამოკიდებულება იმის ბრალია, რომ თქვენს მიერ გაკეთებული არასასურველი პოლიტიკური პროგნოზები ყოველთვის მართლდება.
- ვითომ ცუდ ამბებს ვწინასწარმეტყველებ? მერე "ბაბა იაგა" და წინასწარმეტყველება თუ მკითხაობა რა კავშირშია ერთმანეთთან? ზღაპრებიდან ვიცი, რომ "ბაბა იაგა" ცოცხზე გადამჯდარი ბოროტი არსებაა, რომელიც დაფრინავს და ყველას თავზე დასჩხავის.
ამას წინათ, როგორც მკითხავი, ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში ბოშა ქალის სამოსშიც გამომაწყვეს. ეს ამბავი ძალიან სასაცილო იყო. "ბაბა იაგობას" რატომ მაბრალებენ? როგორც ჩანს, ვინც ასეთ იმიჯს მარგებს, ეტყობა მძიმე ბავშვობა ჰქონდა, ან ზღაპრებში კარგად არ არის გარკვეული. ზოგი ვანგასაც მეძახის, რაც ძალიან არ მსიამოვნებს. რა ვქნა? რაც უნდათ ის დამარქვან, ხვალ შესაძლოა "კრაკადილ გენა" ან ჩებურაშკა გავხდე (ეცინება). კარგი იქნება, სანამ ვინმეს რამეს დაარქმევენ, მკითხველებმა ზღაპრები გადაიკითხონ და ზუსტად იცოდნენ რომელ გმირს რა ახასიათებს. ფაქტია, "ბაბა იაგას" არ აქვს იმ თვისებებთან ოდნავი კავშირიც კი, რასაც მე თუნდაც შაყირით მომაწერდნენ. ამასთან, მე და ცოცხი ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან. რა დანიშნულებაც აქვს, იმაშიც კი ვერ ვიყენებ ხეირიანად, არათუ გასაფრენად.