ლომისობას დაკარგული - 17 წლის გურამს ვერსად პოულობენ
"სულ მოიარეს იქაურობა, სადაც კი ნაბიჯის დადგმა შეიძლებოდა, ყველგან მივიდნენ და ბავშვი ვერ იპოვეს!"
"პატარა ტყეა, იქაც შევედით, სახლებშიც დავიძახეთ და ლომისის წვერზეც ავედით. სამჯერ ავედით ლომისის წვერზე... მაგრამ გურიკა ვერ ვიპოვეთ..."
წლევანდელი ლომისობის დღესასწაულის მადლს ცრემლი ახლდა. მლეთაში ჩამოწოლილიმა მეწყერმა 8 ადამიანი დააშავა. ისინი, საბედნიეროდ, ცოცხლები გადარჩნენ. მაგრამ 17 წლის გურამ დადიანიძესთან დაკავშირებული შემთხვევა უფრო მძიმეა და გაურკვეველი. გურამი თანატოლებთან ერთად ლომისობას მოსალოცად წავიდა და დაიკარგა. საქმე პოლიციას გადაეცა...
მანანა თორაძე, გურამის მეზობელი:
- უბნიდან 11 ბავშვი წავიდა დღესასწაულზე, გურამის ყველა თანატოლი. ვინ იფიქრებდა, რომ ბავშვი გაქრებოდა! ტყე-ღრეში სიარულით დაოსებულ მშობლებს იმედი აქვთ რომ შვილს იპოვიან. სულ მოიარეს იქაურობა, სადაც კი ნაბიჯის დადგმა შეიძლებოდა, ყველგან მივიდნენ და ბავშვი ვერ იპოვეს! სად არის?! მის დედ-მამას მარტო ეგ ერთი ჰყავს, სხვა მაგის ადგილზე იტყოდა, რატომ უნდა ვიმუშაოო, მაგრამ ეგ ღამეც მუშაობდა, რომელიღაც მაღაზიაში, - მშობლებს ცოტათი შევეშველებიო...
სალომე ღულაშვილი, დაკარგულის მეგობარი:
- იმდენად გვინდოდა ლომისობაზე წასვლა, რომ ამისთვის არაფერი დავიშურეთ. ”მარშრუტკაც” კი ბავშვებმა ვიშოვეთ. მარტო ერთი უფროსი ადამიანი გვახლდა, - ისე არ გაგვიშვეს მშობლებმა... ძალიან ბედნიერები ვიყავით, მანქანაში სულ ვიცინოდით და ვხუმრობდით... ისე დაღლილები ვიყავით, ფეხზე ვეღარ ვიდექით, მაგრამ ტაძრიდან რომ ჩამოვდიოდით, მაშინაც ვიცინოდით, - ფერდობზე ტალახი იყო, ვცურავდით, ვეცემოდით და ამაზე ვიცინოდით. როცა ფერდობი ჩამოვათავეთ, მშივრები ვიყავით და ვჭამეთ. იმ ადგილზე 15 წუთზე მეტს არ დავრჩენილვართ. გვინდოდა, ”მარშუტკაში მალე ჩავმჯდარიყავით” და წამოვედით... გურიკა და ჩვენი მეგობარი გოგონა უკან მოგვყვებოდნენ. უკვე დასახლებაში ვიყავით, ქვედა მლეთაში, როცა გურიკა სოფლში სკამზე ჩამომჯდარა. იმ გოგომ ჰკითხა, - ცუდად ხომ არ ხარო. გურიკას კიდევ, უთქვამს- არაო. გოგოს უფიქრია, იქნებ სპირფარეშოში უნდა წასვლაო, ამიტომ უკითხავს, - გურიკა, გზა გავაგრძელო, თუ დავრჩეო. გურიკას უთქვამს, - გააგრძელეო... ეს გოგო ჩვენ დაგვეწია და ალბათ 5 წუთიც არ იყო გასული, რომ ჩვენ რომ უფროსი გვახლდა, ფარანი მოატარა, გურიკას დაუძახა. ის არ გამოეხმაურა. კიდევ დაუძახა და კიდევ არ გამოეხმაურა. გავგიჟდით და ძებნა დავიწყეთ. იქვე პატარა ტყეა, იქაც შევედით, სახლებშიც დავიძახეთ და ლომისის წვერზეც ავედით. სამჯერ ავედით ლომისის წვერზე... მაგრამ გურიკა ვერ ვნახეთ...
- სადმე ისეთი ადგილი არის, სადაც გურამი გადავარდებოდა და ვეღარ ამოვიდოდა?
- შეიძლებოდა, ფერდობზე ფეხი დაცურებოდა, მაგრამ სადმე ხომ ჩავარდებოდა? ჩვენ იქ ყველაფერი დავათვალიერეთ და არსად იყო... ღამის 3 საათზე დაიკარგა და რომ გათენდა, 11 საათამდე ყველა ვეძებდით. სანამ მშობლებს შევატყობინებდით, ვფიქრობდით, იქნებ ვიპოვოთო. მერე მაშველებმაც ეძებეს...
- არც რაიმე ვერსია გაქვთ, რატომ დაიკარგა გურამი?
- არაფერი ვერსია არ გვაქვს, გურიკა ისეთი ბიჭი არ არის, სადმე წასვლა სდომებოდა და მშობლებისთვის არ ეთქვა...
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)