"ემოციური იყო. გარდატეხის ასაკში წნევები ჰქონდა" - რატომ მოიკლა თავი მე-12 კლასელმა გოგონამ? - კვირის პალიტრა

"ემოციური იყო. გარდატეხის ასაკში წნევები ჰქონდა" - რატომ მოიკლა თავი მე-12 კლასელმა გოგონამ?

20 მაისს, თბილისში, ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონში, დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე საშინელი შეკივლების ხმა გაისმა. იმის მიუხედავად, რომ კოკისპირულად წვიმდა, კორპუსის მაცხოვრებლები გარეთ გაცვივდნენ და შემზარავი სურათის თვითმხილველები გახდნენ. მათ კორპუსთან ახალგაზრდა გოგონა პირქვე დამხობილი, უსიცოცხლოდ ეგდო. პირაღმა გადმოაბრუნეს, ვარდნისგან სახე იმდენად დასახიჩრებული ჰქონდა, ამოცნობა გაუჭირდათ, მერეღა მიხვდნენ, რომ გოგონა მათი მეზობელი, 17 წლის მირანდა მშვენიერაძე იყო.

მირანდა პირველ სართულზე ცხოვრობდა დედასთან, ძმასთან და რძალთან ერთად. მამა გარდაცვლილი ჰყავს. დედა შვილს მზრუნველობას არ აკლებდა. იმ საბედისწერო დღეს მირანდა დედას სკოლაში ეგონა . მე-12 კლასში სწავლობდა, გამოცდებისთვის ემზადებოდა და რამდენიმე დღეში მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა. "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე 20 მაისს ასეთი წარწერაც დატოვა: "მე ჩავაბარებ, მზად ვარ, 4 დღე და მორჩა, ვსიო".

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული, თუმცა გამოძიებას ჯერ მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა შეყვარებულთან ნაჩხუბარი იყო, თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ მის ახლობლებს. მირანდას შეყვარებული გამოძიებამ უკვე დაკითხა. იგი დაკრძალვაზეც იყო, როგორც ამბობენ, მომხდარს ძალიან განიცდის და ორჯერ გულიც წაუვიდა.

გოგონას დედამ უმძიმესი სტრესის გამო ჩვენთან საუბარი ვერ შეძლო, ამიტომ მისი კლასის დამრიგებელს, ქალბატონ ლილიანა გიორგობიანს ვესაუბრეთ.

- იმ დღეს პრეტესტი ჰქონდათ ბავშვებს და სკოლაში უნდა მოსულიყო მირანდა. "მე ჩავაბარებ", ეს სტატუსი დადო ფეისბუკის გვერდზე და სახლიდან გამოვიდა.

მეხუთე კლასიდან ვიყავი მათი დამრიგებელი. სულ ჩემს ხელში გაიზარდა. ყველაფერი გულთან მიჰქონდა, ემოციური ბავშვი იყო, ძალიან მოკედლებული იყო ჩემზე, სულ მეხუტებოდა და მოფერებით კატას ვეძახდი. არ დამავიწყდება, როგორი ბედნიერი იყო ბოლო ზარზე. მასწ, თქვენ ჩემს მაისურზე არ დაგიწერიათო, მოვიდა ღიმილით და მეც წარწერა გავუკეთე. მთელ გვერდზე დამიწერია ჩემი მისდამი სურვილები.

ბავშვები ძალიან განიცდიან მომხდარს და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბანკეტი არ გადაეხადათ. ისე, ყველანი ემზადებოდნენ ამ დღისთვის, სამოსი ნაყიდი ჰქონდათ. მირანდასაც შერჩეული ჰქონდა კაბა. ამბობდა, გრძელი ლურჯი კაბა უნდა ჩავიცვაო. გრძელი თმები მომბეზრდა და ლამაზი ვარცხნილობა უნდა გავიკეთოო.

-როგორც ვიცი საატესტატო გამოცდები არ ჰქონდა ჩაბარებული, გამოცდების ხომ არ ეშინოდა?

- არ ჰქონდა იმის პრობლემა, რომ ატესტატი აეღო. იმის საშუალება ოჯახს არ ჰქონდა, რომ რეპეტიტორებთან ევლო, მაგრამ შრომისმოყვარე ბავშვი იყო და მშვენივრად სწავლობდა. დედამისმა მარტო გაზარდა და არაფერს აკლებდა. სიდუხჭირის მიუხედავად, არც საბანკეტო კაბის პრობლემა ჰქონდა და არც არაფრის.

ემოციური იყო. გარდატეხის ასაკში წნევები ჰქონდა, თუ გაკვეთილი არ იცოდა, მოვიდოდა ჩემთან და მეტყოდა, დამეხმარეთ, გამომიყვანეთ გაკვეთილიდან, ან უთხარით მასწავლებელს, რომ არ ვიცი დღეს გაკვეთილიო. თავმოყვარე გოგონა იყო. მეც მასწავლებელს ჩუმად ვეტყოდი მიზეზს და ძალიან ვუფრთხილდებოდი მის ფსიქიკას. ბევრს შრომობდა, თავისით აკეთებდა ყველაფერს. ჰუმანიტარული საგნები უყვარდა და ჟურნალისტობაზეც ფიქრობდა. გამოცდების გამო ამას არ იზამდა, ეს გამორიცხულია, ატესტატს აიღებდა.

- კლასელები რას ამბობენ, მათთან არ საუბრობდა რა აწუხებდა?

- მე-12 კლასში თითქმის ყველა დაკავდა თავისი საქმით, ემზადებოდნენ ბავშვები და ერთმანეთისთვის დრო არ ჰქონდათ. არავინ იცის, რა მოხდა, ყველანი შოკირებულები ვართ. იმ დღეს მეზობლებს უნახავთ, ცოტა უცნაურად გამოიყურებოდაო, მაგრამ არ მიუქცევიათ ყურადღება. მეოთხე სართულზე იპოვეს მისი ჩანთა, სავარაუდოდ, მეექვსე სართულიდან მოხდა ვარდნა.

დედამისს არ სჯერა თვითმკვლელობის. ახსნას ვერ უძებნის მომხდარს. საშინელ დღეში იყო, ბავშვი ისე დავკრძალეთ, წესი არ აუგეს, ამას განიცდიდა. დაკრძალვიდან ორ კვირაში 1 ივნისს უფლის წყალობით მე და დედამისი პატრიარქიდან მოვხვდით. პატრიარქი საღამოს ლოცვას საპატრიარქოს ეზოში ასრულებდა. უწმინდესი რომ გამოვიდა, მირანდას დედა მუხლებში ჩაუვარდა და უწმინდესს უთხრა, ჩემს შვილს თავი მოსაკლავი არ ჰქონდა, არ ვიცი რა მოხდა, არავინ არის თვითმხილველი, რომ ბავშვი სადარბაზოდან გადმოხტა. მუხლმოდრეკით გემუდარებით, მაჩუქეთ, უწმინდესო შვილი, რომ შევძლო მისთვის სანთელის დანთებაო. პატრიარქმა, ხელი აწია და წესის აგების კურთხევა მისცა. განადგურებულ დედას რომ უსმენდა, პატრიარქსაც გადმოსცვივდა ცრემლი. ეს საოცარი დღე იყო. თქვენ ვერ წარმოიდგინეთ იმ დედის რეაქციას, როგორი გახარებული იყო. თქვენ მე შვილი გამიცოცხლეთ, ჩემს სიცოცხლეს აზრი მიეცა, მადლობა, მადლობა - კარგა ხანს იძახდა განადგურებული დედა. მირანდა დაიკრძალა პატრიარქის კურთხევით, მის საფლავზე მამა მირიანი მოვიდა და პანაშვიდი გადაუხადა. დედას მიეცა იმედი, ილოცებს თავისი შვილისთვის. ყველასთვის დიდი ტკივილია მირანდა.

- ბოლო ზარზე სევდიანი ხომ არ იყო?

- უზომოდ ბედნიერი იყო. იმ დილას რა მოხდა, არ ვიცით. მობილური წაიღო პოლიციამ. არ ვიცით, რაიმე ცუდი მესიჯი მიიღო თუ არა. ამბობენ, შეყვარებულთან ნაჩხუბარი იყოო, მაგრამ ხომ იცით შეყვარებულების ჩხუბი. ის ბიჭი საშინლად განიცდიდა მომხდარს.

არ ვიცით, როგორ ვანუგეშოთ დედამისი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა შვილისთვის. ბოლო დღემდე დედა- შვილს ჩახუტებულებს ერთად ეძინათ. მას არ სჯერა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს და გამოძიების დასრულებას.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)