"გამბედავი უნდა იყო, რომ ეტლს მიჯაჭვული შეიყვარო"
აკაკი შალამბერიძე: "თეონა რომ არა, ბევრი რამ ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა... ახლა სტიმული მომეცა,
ცხოვრება მინდა და მიხარია"
თეონა სხირტლაძე: "როცა მასთან ვარ, მხოლოდ მაშინ ვცხოვრობ"
ამბავი დაუჯერებელი ჩანს, თუმცა, არც ჰოლივუდური ფილმის სცენარია და არც - ლამაზი ზღაპარი. აკაკი შალამბერიძემ და თეონა სხირტლაძემ ერთმანეთი სამი წლის წინ სოციალური ქსელით გაიცნეს. აკაკი ხონში ცხოვრობს. სკოლის დამთავრებისთანავე ჯარში გაიწვიეს. ერთი თვეში შინ უნდა დაბრუნებულიყო, რომ უბედური შემთხვევა მოხდა - სიმაღლიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. მას შემდეგ ეტლში ზის...
სამი წლის წინ თეონამ ინტერნეტში მოთხრობა წაიკითხა და კრიტიკული კომენტარი დაურთო. ავტორმა მალევე უპასუხა და კამათით დაწყებული ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა. ერთი წელი სწერდნენ ერთმანეთს, მაგრამ აკაკის გოგონასთვის არაფერი უთქვამს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იყო.
თეონა სხირტლაძე: - ძალიან მიკვირდა, რომ არ მთხოვდა, შევხვდეთო. ამიტომაც მისი ამბის გაკითხვა დავიწყე და ყველაფერი შევიტყვე. ალბათ, ფიქრობდა, როცა მის საიდუმლოს გავიგებდი, ურთიერთობას შევწყვეტდი. ჰოდა, ავდექი და ხონში ჩავაკითხე. თავიდან, ალბათ, ფიქრობდა, რომ მებრალებოდა, მაგრამ 3 წელი გავიდა და მზად ვარ, მთელი ცხოვრება მის გვერდით გავატარო... ჩემს ახლობლებს არ სჯეროდათ, რომ ეტლში მჯდარი ბიჭი შემიყვარდა. დრო გავა და დაივიწყებსო, ამბობდნენ, მაგრამ ახლა დარწმუნდნენ, რომ ცდებოდნენ. ვიცი, ლამაზ ოჯახს შევქმნი. თითქმის ყოველდღე ტელეფონით და "სკაიპით" ვსაუბრობთ. ახლა მინდა, ხონში ვიშოვო სამსახური და იქ გადავიდე საცხოვრებლად. როცა მასთან ჩავდივარ, წიგნებს მიკითხავს, ერთად ვუყურებთ ფილმებს, ფეხბურთს, ვთამაშობთ სამაგიდო გასართობ თამაშებს. ხანდახან მგონია, როცა მასთან ვარ, მხოლოდ მაშინ ვცხოვრობ.
- აკაკიმ მითხრა, რომ მისი მუზა და ცხოვრების სტიმული შენ ხარ...
- თუ ასეა, ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც რაღაც ახალს წერს, ჯერ მე მიკითხავს. მისი ნაწერები ერთ წიგნად შევკარი და მეგობრების დახმარებით, წიგნად გამოვეცი. წიგნის პრეზენტაცია თბილისში და ხონში გაიმართა.
აკაკი შალამბერიძე: - ძალიან გამბედავი უნდა იყო, რომ ეტლს მიჯაჭვული შეიყვარო.
- იმ ტრაგიკული დღის გახსენება, ალბათ, გიმძიმს...
- ეს უბედურება რომ მოხდა, იმავე დღეს გამიკეთეს სასწრაფო ოპერაცია, მაგრამ... ცოტა ხნის წინ რამდენიმე ქვეყნის კლინიკაში გავგზავნეთ ჩემი დიაგნოზი და მომივიდა პასუხი, რომ ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია, სრულფასოვანი ცხოვრებით ვიცხოვრო. 100%-იან გარანტიას არავინ მაძლევს, მაგრამ შანსი დიდია. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს დიდი თანხა სჭირდება. ჯერჯერობით ვერაფერი ვიშოვე... ვნახოთ, რა იქნება. თეონამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. ის რომ არა, ბევრი რამ ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა... ახლა სტიმული მომეცა, ცხოვრება მინდა და მიხარია.
- ბანალური კითხვა უნდა დაგისვა: როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
- მთელი დღე ჩემს ოთახში ვარ, წიგნებთან და კომპიუტერთან. ზოგჯერ მეგობრებს გავყავარ მანქანით. ეს არის და ეს.
- შენი პირველი კრებულის პრეზენტაცია თებერვალში ყოფილა.
- კრებულში რამდენიმე მოთხრობაა. კიდევ ვაპირებ ახალი კრებულის გამოცემას. ბევრი მასალა დამიგროვდა. რომანის წერა დავიწყე, ვნახოთ, რა გამომივა.
ამონარიდი კრებულიდან
"ახლა ღამეა და ვიგონებ ჩემს ბავშვობას. მახსენდება ყოველივე წვრილმანი, კარგი და ცუდიც. სკოლა, ქუჩები და ნაკადული, ძველი მეგობრები...
თითქმის ყოველ ღამით ვიხსენებ წარსულს, აბა, ეს წყეული უძილო ღამეები რამით ხომ უნდა გადავაგორო? ვიცი, ჩემი არეული ცხოვრების გამო დაბნეული ბავშვის იერით კიდევ დიდხანს უნდა ვიარო ამ წუთისოფელში და მეც ახალ სირთულეებთან შეჭიდებას ისევ წარსულში ჩარჩენას ვამჯობინებ..."
თორნიკე ყაჯრიშვილი