"გველები და ხვლიკები გამისინჯავს და დესერტად პეპელაც დამიყოლებია"
ნუგზარ კვაშალს ბევრი უცნაური ახალი წელი ახსოვს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ამ დროს საკუთარ ოჯახში ყოფნას არაფერი სჯობია:
- ბატონო ნუგზარ, თუ გქონიათ გამორჩეული ახალი წელი, რომელიც არ გავიწყდებათ?
- როგორ არა, უცხოეთში გასტროლების დროს იმდენი უცნაურობა მინახავს, რომ შემიძლია ამ თემაზე დაუსრულებლად ვილაპარაკო. ახალ წელს შევხვედრივარ კორეაშიც, ლაოსშიც, ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც. მახსოვს, თბილისში რომ ვრეკავდით და ჩვენი ახლობლები ერთმანეთს ეგუნდავებოდნენ, იქ მოკლესახელოიანი მაისურები გვეცვა და სიცხისგან ვიწვოდით. კიდევ, უცნაური იცით რა იყო? - სამჯერ ვხვდებოდით ახალ წელს: ჯერ თბილისის დროით, მერე აუცილებლად მოსკოვის დროით, მერე კი - იმ ქვეყნის დროით, სადაც ვიყავით. საბაბი კი გვქონდა და ჩვენც ზედიზედ სამჯერ ვსვამდით ახალი წლის სადღეგრძელოს. ლაოსში იცით, როგორ ულოცავდნენ ერთმანეთს სრულიად უცხო ადამიანები? მოულოდნელად ასხამდნენ წყალს, "კოკა-კოლას" და სხვადასხვა გამაგრილებელ სასმელს, რაც კი ხელში მოხვდებოდათ. ეს მათი ტრადიციაა. წარმოიდგინეთ, 50-გრადუსიანი სიცხე, ლაოსელები ჩაყოფდნენ ჭიქას ბაყაყებითა და ხვლიკებით სავსე არხში და პირდაპირ სახეში გვასხამდნენ თავკომბალებიან წყალს. თან ვერც ვერაფერს ეტყოდი, რადგან ახალ წელს გილოცავდნენ...
- გველის ან ხვლიკისგან მომზადებული კერძიც ხომ არ გაგისინჯავთ?
- რასაკვირველია, ახალი წლის სადღეგრძელოც მითქვამს გველისა და ხვლიკის კერძებით გაძეძგილ სუფრასთან. ეგზოტიკურ საჭმელებს არ ვიწუნებ, გურმანი ვარ და ყველა ქვეყნის სამზარეულო მაინტერესებს. ასე რომ, გველები, ხვლიკები და ბაყაყებიც გამისინჯავს და დესერტად პეპელაც დამიყოლებია. გიკვირთ, არა? აბა, ერთი თქვენ იკითხეთ, ისინი რომ გაიგებენ, ღორის ხორცის მწვადი უგემრიელესიაო, როგორ უკვირთ! გიჟდებიან, ღორის ხორცს როგორ ჭამთო.
- წელს როგორ შეხვდით ახალ წელს?
- მე ძველით ახალ წელს შევხვდი ოჯახში - ნამდვილ ახალ წელს რომ ვეძახით. იყო დრო, როცა 5-6 ადგილას გვეძახდნენ და მთელი ღამის განმავლობაში კონცერტები გვქონდა. წელს განსაკუთრებით მინდოდა შინ ყოფნა, იმიტომ, რომ ახლახან შემეძინა შვილიშვილი. გამაგიჟა, სახლიდან გასვლა აღარ მინდა...
2010 წელი დადგა და იმედი მაქვს, რომ ეს წელი მაინც იქნება ბედნიერების მომტანი, ქვეყნის გამთლიანებისა და წინსვლის დასაბამი.
ხათუნა ჩიგოგიძე