"შორტები გამოვიცვალე და გრძელ შარვალში მივეცი ხმა"
გუშინ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. წინა წლებისგან განსხვავებით არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მაგრამ მოხდა ბევრი კურიოზიც. მაგ. ქობულეთელი გიორგი კერძევაძე საარჩევნო უბანზე მხოლოდ იმიტომ არ შეუშვეს, რომ "შორტები" ეცვა. ჩვენ დავუკავშირდით მას და კომენტარი ვთხოვეთ.
გიორგი კერძევაძე:
- რადგან "შორტები" მეცვა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ არ შევეშვი ხმის მისაცემად. ეს კანონდარღვევა არ იყო და არ ვიცი, რას მერჩოდა. სიმართლე გითხრათ, მეჩქარებოდა და აღარ გამიპროტესტებია. დრო რომ მქონოდა, შეიძლება გამეპროტესტებინა ეს გადაწყვეტილება და შევსულიყავი ხმის მისაცემად.
- მოკლე შარვლის გამო სხვაგან თუ შეგქმნიათ მსგავსი პრობლემა?
- ვიცი, რომ სამსახურში არ შეიძლება ასე ჩაცმა და არასოდეს ვიცვამ. ახლა აჭარაში ტურისტული სეზონია, ძალიან ბევრი ადამიანი დადის მოკლე შარვლით და ნამდვილად არ ვიცი, რატომ არ გაითვალისწინა კომისიის თავმჯდომარემ ეს საპატიო გარემოება. მეც აღარ შევყევი და არ გავაღვივე კონფლიქტი. მერე გამოვიცვალე და გრძელშარვალჩაცმულმა მივეცი ხმა.
- თქვენთვის ისე მნიშვნელოვანი იყო საკუთარი ხმის დაფიქსირება, რომ გამოიცვალეთ და ისევ მიხვედით?
- რა თქმა უნდა. მომავალი არჩევნებისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ მომხდარ ფაქტს. ეს იყო ჩემი შეცდომა. ასე მართლა არ უნდა წავსულიყავი არჩევნებზე.
- რატომ?
- დაუფიქრებლად შევედი ასე ჩაცმული. ისეთ ოფიციალურ ადგილას, როგორ საარჩევნო უბანია, "შორტებით" შესვლა მართლა არ შეიძლება.
- ცოტა მკაცრი განსჯა ხო არაა?! საარჩევნო უბანი ნამდვილად არ წარმოადგენს რაიმე სახის სიწმინდეს...
- გეთანხმებით, მაგრამ ცოტა რომ დაფიქრდეთ, მართალი იყო კომისიის თავმჯდომარე. მაგ. ქორწილში ხომ არ წახვალ შორტებით? ისევე არ უნდა წავსულიყავი არჩევნებზეც. ამდენი ხალხი მოდის და შენც არ უნდა მიხვდე მოკლე შარვალში გამოწყობილი, მაგრამ მიჩვეული ვარ "შორტებში" სიარულს და შევიარე.
- შეურაცხყოფილად ხომ არ იგრძენით თავი, როდესაც გამოგიშვეს უბნიდან?
- არანაირად. ცოტა ისინი ტყუოდნენ და ცოტაც მე.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)