"მამა რო წავიდა, არ მიტირია, თოხ რომ ვისწავლე, გამატირა" – თურქეთში ნაგრძნობი ქართული გენი - კვირის პალიტრა

"მამა რო წავიდა, არ მიტირია, თოხ რომ ვისწავლე, გამატირა" – თურქეთში ნაგრძნობი ქართული გენი

"ბევრს ვასწავლე ქართული, თუმცა მათგან ერთი ლარის ფული არ ამიღია საფასურად... როგორ შეიძლება ადამიანს საკუთარი ენა ასწავლო და ფული გამორთვა?!"

"როცა მამა ქართულად იტყოდა რამეს მის მოსმენას არაფერი სჯობდა"

"მამა მეუბნებოდა, რომ ყველა ქართველი ჩვენი ნათესავიაო, ქართულია ჩვენი მშობლიური ენაო"

ცოტა ხნის წინ ინტერნეტით ორჰან ბერიძის ერთობ ემოციური წერილი გავრცელდა, სადაც იგი ყვებოდა თუ როგორ ისწავლა ქართული ენა. ბატონი ორჰანი თურქეთის მოქალაქეა, თუმცა თავს ქართველად თვლის. წერილი საოცრად ამაღელვებელი იყო. ჩვენ დავუკავშირდით ორჰან ბერიძეს და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ (სტილი დაცულია).

ორჰან ბერიძე:

- საქართველო ჩემი გულია. ჩემი დედა თურქი იყო, ხოლო მამა ორიგინალური ქართველი იყო. გეტყვით, რატომ იყო ორიგინალი ქართველი. მამამ თურქული საერთოდ არ იცოდა, მისთვის უცხო ენა იყო თურქული. მხოლოდ 15 წლის ასაკში უსწავლია და სიცოცხლის ბოლომდე ცუდი კიოლით საუბრობდა თურქულად. სამაგიეროდ, როცა ქართულად იტყოდა რამეს, მის მოსმენას არაფერი სჯობდა. მაშინ ჩემთვის ქართული და საქართველო არაფერს არ მეუბნებოდა. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცოდი ქართულად. მამა ქართველობის შესახებ ყველაფერ მიყვებოდა, მეუბნებოდა, რომ ყველა ქართველი ჩვენი ნათესავიაო, ქართულია ჩვენი მშობლიური ენაო. სამწუხაროდ, 1994 წელს მამა გარდაიცვალა.

- თქვენ როგორ ისწავლეთ ქართული?

- 2004 წელს გადმოვედი სტამბულში. ზოგები ქართველები აქაური კილოით საუბრობენ ქართულად, მაგრამ უმეტეობამ არ ვიცოდით ქართული. ვთქვით, ერთი მასწავლებელი იპოეთ და ვისწავლოთ, ვნახოთ როგორია ეს ჩვენი ქართული ენაო. ასე მობრძანდა ჩვენთან ქალბატონი მანანა გურგენიძე, რომელმაც გვასწავლა ჩვენი მშობლიური ენა, აი-ია. ჩემმა მეგობრებმა სწავლა დატოვე, მაგრამ მე გავაგრძელე, გავაგრძელე და ბოლოს ისე ვისწავლე, 3 წელი გაკვეთილები მე ჩავატარე. ბედნიერი ვარ, რომ ბევრს ვასწავლე ქართული, თუმცა მათგან ერთი ლარის ფული არ ამიღია საფასურად. ამ საქმეს წმინდად ვუყურებ, როგორ შეიძლება ადამიანს საკუთარი ენა ასწავლო და ფული გამორთვა?!

- გაგიჭირდათ ქართულის შესწავლა?

- გაკვეთილზე რომ ვნახე ჩვენი ასო-ბგერები, ძალიან უცხო იყო ჩემთვის, მაგრამ სითბოს ვგრძნობდი ამ ბგერებიდან. ძალიან ჭკვიანად ვუყურებდი ასო-ბგერების სწავლას და შევიყვარე. ჩუმ-ჩუმად წინასწარ ვსწავლობდი ხოლმე გაკვეთილებს და ხანდახან მიბრაზდებოდა მასწავლებელმა, რომ ძალიან გაუსწრებ მეგობრებსო. ერთხელ სახლში მოვედი, გავაღე დედა-ენა და მომავალი გაკვეთილი იყო ხ. მარტო ვიყავი და ხმამაღლა დავიწყე კითხვა თ-თ-თ-ოხ-ი და რომ გავიაზრე ეს სიტყვა, გამატირა, ცრემლები წამომივიდა. გულჩვილი ადამიანი არა ვარ. მამა რო წავიდა, მაშინაც კი არ მიტირია, მაგრამ თოხ სიტყვამ გამატირა, რადგან ჩემი წინაპარი გამახსენდა. ჩვენი უფროს თაობა აჭარული კილოთი ამბობდა ხოლმე - თოხი ამეიტაიო და ეს გამახსენდა.

ერთხელ შუა ღამე იყო, დაწოლილ ვიყავი და მეძინა, სიზმარშიც კი გაკვეთილს ვმუშაობდი და ერთი სიტყვა ვერ გავიხსენე, იმდენად გავწვალდი, რომ გამეღვიძა, ავდექი ლოგინიდან, მოვედი მეორე ოთახში, წიგნში ვნახე ეს სიტყვა და ისევ დავწექი, როდესაც ჩამეძინა სადაც შევწყვიტე, ზუსტად იქიდან გააგრძელა სიზმარი. ბედნიერი კაცი ვარ, რომ დედა-ენა ვთარგმნე თურქულ ენაზე. რატომ "დედა-ენა" ვთარგმნე? სამწუხაროდ საქართველოდან არ გვიგზავნიან და იმიტომ მომიწია თარგმნა. "დედა-ენა" საქართველოს ბავშვებისთვისაა მომზადებული და მე აქაურებისთვის ქართული სიტყვები დავწერე ლათინური ბგერებით, რომ ადვილი წასაკითხი ყოფილიყო. ისე მაგრად ვასწავლი, რომ პირველივე გაკვეთილზე კომპიუტერზე წერს ჩემმა მოსწავლემ "აი-ია".

- წერილში წერთ, რომ მას მერე, რაც ისწავლეთ ქართული ახვედით. მამის საფლავზე და ეს ამბავი მამას მოუყევით...

- ავედი მამას საფლავზე და ასე მეგონა პირადად ველაპარაკე, რადგან ქართულად ველაპარაკებოდი. ვუთხარი: მამა, შენ რომ ბავშვობისას ქართულად საუბრობდი ბიძაებთან, მაშინ არაფერ მესმოდა, ახლა მე კითხვაც ვიცი და წერაც, ლაპარაკიც გამართულად შემიძლია. ვუთხარი: ბაბუებო, მამა, ერთი საათით ადექით, ქართულად ვისაუბროთ, და მერე ერთად დავწვეთ საფლავში-მეთქი. მინდა ყველას მადლობა მოვუხადო, ვინც ქართულად მესაუბრება. ამდენად საუბარი დაუსწრებელი სწავლით ვისწავლე.

- როგორი რეაქცია აქვთ თქვენს ქართულზე თურქებს?

- სადაც კი სიტყვის თქმა მიწევს ტელევიზორებში, ბევრი კონფერენციებში და სხვ. ყველგან ხმამაღლა ვამბობ, რომ მე ვარ ქართველი. ჩემი ქართველობის გამო ყველა პატივს მცემს და მიხარია. ჩემს ბავშვობაში საქართველო არ თქვა, რუსეთი ამბობდნენ და სარფის იქეთა მხარზე ძალიან ცუდ რაღაცეებ ვიცოდით, ამბობდნენ - მსოფლიოში რაც კი ცუდია, იქითააო. ალბათ მანდეთ პირიქით ამბობდნენ თურქეთზე.

საბედნიეროდ, დღეს ასე აღარაა, ჩვენ ძმები ვართ. ჩვენ ძალიან გვიყვარს საქართველო. ქართველობა ჩვენი ქოლგაა, რელიგიები, კუთხეები, ფერები, კულტურები და სხვ. ეს ყველაფერი ქართველობის მერე მოვა. შარშან ჩემი შვილი მყავდა საქართველოში და მეჩეთში მივიყვანე, ეს ჩვენი სამლოცველოა-მეთქი და მერე ეკლესიაში წავიყვანე ბიჭ და ეს ჩვენი ძმების რელიგიაა-მეთქი, ვუთხარი. არ აქვს მნიშვნელობა, თუ სად ვცხოვრობთ, ჩვენ ძმები ვართ, რადგან ქართველები გვქვია. თურქეთის ქართველი, საქართველოს ქართველი, ირანის ქართველი და სხვ. არ აქვს მნიშვნელობა ქართველი ქართველია. ჩვენ ვართ ერთი სისხლი, ერთი ხორცი და ერთი ოჯახი და როგორც ჩვენი წინაპარი იტყოდა, ძალა ერთობაშია.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)