ქველმოქმედება გადამდებია!
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად გაერთიანდნენ
„სითი“ და „Look Models“-ი პატარა მეგობრებისთვის იბრძვის...
სამი წლის წინ , 14 წლის მარიამს ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინეს. ინტენსიური მკურნალობის შემდეგ, გოგონას ძვლის ტვინი გადაუნერგეს და დღეს სრულიად ჯანმრთელია. რომ არა კეთილი ადამიანების მხარდაჭერა, როგორც ფინანსური, ისე მორალური, ალბათ, ყველაფერი „ჰეფი ენდით“ არ დასრულდებოდა... ლეიკემიით დაავადებულების გადასარჩენად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ხშირად ერთიანდებიან. „თუ მოვინდომეთ, ყველაფერი გამოვა“ - ამის კარგი მაგალითი დიტო ცინცაძეა, რომელმაც კოლეგების გვერდით დგომით ლეიკემია დაამარცხა.
რამდენიმე დღის წინ, მთაწმინდაზე, „ანდერვილ კლუბში“ ჟურნალმა „სითი“-მ და Look Models-მა საქველმოქმედო საღამო გამართეს. ჟურნალ „სითიში “ დაბეჭდილი ცნობილთა ფოტოები, მასზე აღბეჭდილმა ქალბატონებმა თავადვე შეიძინეს. მიწვეულ სტუმრებს სხვადასხვა დიზაინერის ტანსაცმლის შეძენაც შეეძლოთ. შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად დიტო ცინცაძის ფონდში გადაირიცხა.
ეკა ხოფერია: „ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა. დავბეჭდეთ ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ქალბატონების ფოტოები, რომლებიც ამ საღამოზე თავადვე შეიძინეს. მოეწყო ორი ჩვენება, სადაც ავთანდილ ცქვიტინიძისა და ანუკი არეშიძის კოლექციები წარმოადგინეს. მთავარი ის არის, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები გადამდები იყოს და გაერთიანდეს ყველა სფეროს წარმომადგენელი. ერთხელ მაინც არ წახვიდე რესტორანში, არ იყიდო ძვირად ღირებული ჩანთა, ფეხსაცმელი და სხვ. დაზოგილი თანხა გაიმეტე ადამიანებისთვის, რომლებსაც სიცოცხლის შესანარჩუნება სჭირდებათ“.
დიტო ცინცაძე: ”მოხარული ვარ, რომ ეს საქმე გაგრძელდა და ბევრი ადამიანი ჩაერთო. რაც მეტნი ვიქნებით, მით მეტ ადამიანს გადავარჩენთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საღამოს ორგანიზატორებს, ჩემს მეგობრებს და ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც გვერდით დამიდგა. მე ვარ მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება გადაარჩინო სიცოცხლე”.
მარიამი, 14 წლის: „სამი წლის წინ ლეიკემია დამიდგინეს. ფონდის დახმარებით ვიმკურნალე და ახლა სრულიად ჯანმრთელი ვარ. ხშირად ვღებულობ მონაწილეობას ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებელად გამართულ ღონისძიებებში. ძალიან კარგი იქნება თუ მსგავსი ტიპის საღამოები ხშირად გაიმართება. ალბათ, მე უფრო კარგად მესმის იმ ბავშვების, ვისაც დღეს ეს დიაგნოზი აქვს და ვიცი, ამ ბავშებს ფინანსურ დახმარებასთან ერთად მორალური მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ“.
კირა ანდრონიკაშვილი: „არ შემიძლია ტკივილის გარეშე მოვიხსენიო ის ბავშვები, რომლებსაც ყოველი დღე უთენდებათ იმედით... ღმერთმა ყველას ჯანმრთელობა მისცეს. ჩვენი სურვილები ამ ბავშვებამდე აუცილებლად მიაღწევს და ღმერთი დალოცავს... ჩემს ოჯახთან ერთად „სითის“ პროექტში გადაგვიღეს ულამაზესი ფოტო. სწორედ ეს ფოტო შევიძინე, მინდა, ყველა ბავშვი ჯანმრთელი იყოს“.
ირინა ონაშვილი: „10 წელია, პოდიუმზე აღარ გამოვსულვარ, მაგრამ ბოლო პერიოდში მეორედ მომიწია გამოსვლამ... ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საღამოზე ის იყო, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ლეიკემიით დავადებული ბავშვებისთვის გავერთიანდით“.
თეა აგლაძე, ჟურნალ „ბომონდის“ რედაქტორი: „ქველმოქმედება გადამდებია. „ბომონდის“ სახელით არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება გაგვიმართავს. მსგავსი ღონისძიებებით ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას, დავეხმაროთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს“.
ნანული სარაჯიშვილი: ”მსგავსი საღამოები რომ ხშირად ჩატარდეს, ამაზე კარგი არაფერი იქნება. ჩვენი ერთობით სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია. “
მირიან ჯეჯელავა: „ხშირად მიწევს სოციალური ღონისძიებების წაყვანა, რაც ძალიან მიხარია. ამით ჩემი წვლილი შემაქვს იმ დიდ საქმეში, რასაც სიკეთის კეთება ჰქვია. სახელმწიფოთი დაწყებული, ბიზნეს სექტორით დამთავრებული, ყველა ჩართულია ამ პროცესში, მაგრამ საკმარისი არ არის და მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს“.
თორნიკე ყაჯრიშვილი