20 წლის ბექა გოგიტიძე საკუთარი სახლის უკან, ბებიის საფლავზე ჩამომხრჩვალი იპოვეს... - კვირის პალიტრა

20 წლის ბექა გოგიტიძე საკუთარი სახლის უკან, ბებიის საფლავზე ჩამომხრჩვალი იპოვეს...

"ბექას მამა ჩემი მეგობარია. გაუსაძლისია მისი გლოვის ცქერაც კი"

"სახლში ისე შევიდა, ვერავინ შეამჩნია. თოკი აიღო და სასაფლაოზე წავიდა... მერე ტელეფონიც გამორთო..."

როცა საზღვარზე გადმოვიდა, შეყვარებულს დაურეკა, მან კი შეხვედრაზე უარი უთხრა. როგორც კი ძებნა დაუწყეს, პოლიციამ პირველად მისი შეყვარებული დაჰკითხა და გოგომ აღიარა, - პაემანზე მისვლა მთხოვა, მაგრამ არ მივედიო. ამას წინ რა უძღოდა, არ ვიცით...

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში 20 წლის ბექა გოგიტიძის გაუჩინარება ახალგაზრდებში უკიდურესად გახშირებული მორიგი ტრაგედიით დასულდა - ბექა საკუთარი სახლის უკან, დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით მდებარე სასაფლაოზე, დილის 8 საათზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ბექა გოგიტიძემ, რომელიც თურქეთში დაქირავებულ მუშად მუშაობდა და მიღებული მიზერული ანაზღაურებით ოჯახს ეხმარებოდა, სარფის საზღვარი 16 ივნისს 17 საათსა და 30 წუთზე გადმოლახა და მალევე შეყვარებულს დაურეკა. შემდეგ ტელეფონი გამორთო და გაუჩინარდა...

მერაბ მგელაძე, სოფელ ახალშენის რწმუნებული:  - შეძრული ვარ ამ ტრაგედიით. ბექას მამა ჩემი მეგობარია. გაუსაძლისია მისი გლოვის ცქერაც კი; უდიდესი უბედურება დაატყდა მის ოჯახს თავს. ბექას კილომეტრების შემოგარენში  ვეძებდით და თურმე სახლს უკან  ჩამოუხრჩვია თავი...

- როგორ მოხდა, რომ მაშველები ბექას ყველგან ეძებდნენ და სახლთან ახლოს არ მოუძებნიათ?

- ვინ იფიქრებდა, რომ იქ უნდა მოეძებნათ?! ბექა ოჯახის საგვარეულო სასაფლაოზე ნახეს ჩამომხრჩვალი. ეს სასაფლაო, მართალია გოგიტიძეების სახლიდან ახლოს არის, მაგრამ სახლსა და სასაფლაოს შორის მოზრდილი ხევია. არავის მოუვიდოდა აზრად იქ ბექას მოძებნა. ბიჭი კი წასულა და ბებიის საფლავზე ჩამოუხრჩვია თავი...

- სამართალდამცველებმა საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრეს, სხვა ვერსიებიც ხომ არ არსებობს?

- როგორც პოლიციელებმა თქვეს, ბექა რამდენიმე დღის გარდაცვლილია, ზუსტად რამდენის, ექსპერტიზა დაადგენს. როგორც გავიგეთ, ბიჭმა ეს შეყვარებულის გამო გააკეთა. სოფელიც ეთანხმება ამ აზრს, - ყველა ამბობს, თავის მოსაკლავი მიზეზი სხვა რა უნდა ჰქონოდა ამ ბავშვსო. საოცრად წესიერი ბიჭი იყო. ეს ალბათ იმ დღესვე გააკეთა, როცა საზღვარზე გადმოვიდა, შეყვარებულს დაურეკა, მან კი შეხვედრაზე უარი უთხრა. როგორც კი ძებნა დაუწყეს, პოლიციამ პირველად მისი შეყვარებული დაჰკითხა და გოგომ აღიარა, - პაემანზე მისვლა მთხოვა, მაგრამ არ მივედიო. ამას წინ რა უძღოდა, არ ვიცით. თუმცა ბექა იმდენად ემოციური იყო, ეტყობა, ეს უარი ვერ აიტანა და თავი მოიკლა. საუბედუროდ, ამას ვეღარაფერი გამოასწორებს...

- აქედან იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ბექა შეყვარებულთან საუბრის შემდეგ შინ წამოვიდა, კილომეტრები გაიარა, მაგრამ თავის მოკვლა ისე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ გზაშიც არ გადაიფიქრა...

- ალბათ. როგორც ჩანს, სახლში მივიდა და უკანა კარიდან ისე შევიდა, ვერავინ შეამჩნია. იქ კი ის თოკი აიღო, რომლითაც თავის ჩამოხრჩობა გადაწყვიტა და სასაფლაოზე წავიდა... მერე ტელეფონიც გამორთო... ჩვეულებრივი სარეცხის გასაფენი თოკით აქვს თავი ჩამომხრჩვალი. სოფელში ასეთი თოკებს პატარ-პატარა ნაწილებად ჭრიან  და პომიდორს ახვევენ სარებზე.

მთელი სოფელი შოკშია. რა ემართებათ ამ ახალგაზრდებს ასეთი, რომ უკვე ვეღარაფერს უძლებენ?!

P.S. სამწუხაროდ, ამ  კითხვაზე არც ჩვენ გვაქვს პასუხი.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)