გაზით "გვაბოლებენ"?
მოულოდნელად ამხელა საბადოს აღმოჩენა ეჭვს იწვევს გეოლოგებში
სპეციალისტებისთვისაც უცნობია, რა ტიპის კვლევებს ეყრდნობა "ფრანტერას" განცხადება, 42 მილიარდი კუბური მეტრი გაზის აღმოჩენის შესახებ
გასულ კვირას ზარ-ზეიმით აღინიშნა საგარეჯოს რაიონში, სოფელ იორმუღანლოში გაზის მოპოვებითი სამუშაოების დაწყება. მწარე ხევის საბადოზე გაზის მოპოვებასა და დისტრიბუციას ამერიკული კომპანია "ფრანტერა" ახორციელებს. ჭაბურღილიდან მილებში ბუნებრივი აირის პირველად გაშვებას, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდა.
საქართველოში გაზის მოპოვება 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო და მცირე მოცულობით დღემდე გრძელდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაზის წლიური მოპოვება საშუალოდ 16,5 მლნ კუბ/მ-ია. სულ კი ქვეყანაში მოპოვებულია 2,8 მლრდ კუბ/მ გაზი. შესაბამისად, "ფრანტერას" მიერ გაზის საბადოს აღმოჩენა არავის გაჰკვირვებია, მაგრამ საყოველთაო ინტერესი გამოიწვია გაზის იმ მოცულობამ, რომლის აღმოჩენაც ამერიკულმა კომპანიამ საზეიმოდ აუწყა საზოგადოებას - 42 მილიარდი კუბური მეტრი! ცნობისთვის,
საქართველო წელიწადში 1,8-დან 2 მილიარდამდე კუბ/მ გაზს მოიხმარს და თითქმის 100%-ით იმპორტირებულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული.
ასეთ ფონზე რა გასაკვირია, რომ "ფრანტერას" აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ნიკადროსმა ასეთი მარაგის აღმოჩენა ისტორიულ მოვლენად შეაფასა და 42 მლრდ კუბ/მ მოცულობის საბადო ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის წინა პირობად მიიჩნია. პროექტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს პოტენციური შესაძლებლობა, გახდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის გაზის მომპოვებელი სახელმწიფო. ეს ყველაფერი შესანიშნავია, მაგრამ... საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ამ გრანდიოზული აღმოჩენის შესახებ არაფერი იცოდნენ.
ალექსანდრე აბაიაძე, "საქართველოს ნავთობისა და გაზის" კორპორაცია: "იორმუღანლოში მწარე ხევის საბადო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არის აღმოჩენილი. შემდეგ, 2008 წელს "ფრანტერამ" განაახლა მასზე ბურღვითი და მოპოვების სამუშაოები. რაც შეეხება ასეთ მოცულობას, ჩვენს კორპორაციასა და სააგენტოში, რომელიც სახელმწიფო მხარეს წარმოადგენს, "ფრანტერას" წარდგენილი აქვს ოფიციალური დოკუმენტები, სადაც გაზის დადასტურებული მარაგების მოცულობა აღნიშნულ საბადოზე 23 მილიონი კუბ/მ-ია. დამეთანხმებით, რომ 23 მილიონსა და 42 მილიარდს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. გარდა ამისა, ასეთი საბადოს აღმოჩენა მასშტაბურ სამუშაოებთან არის დაკავშირებული, უნდა არსებობდეს გეოლოგიური დასაბუთება და სხვ. ასეთი განსაკუთრებული კვლევა კი ბოლო დროს არც წარმართულა და შესაბამისად, არც რამე დიდი საბადო აღმოუჩენიათ.
მეტსაც გეტყვით, რამდენიმე თვის წინ ჩვენ სხვადასხვა შეხვედრა გავმართეთ, მათ შორის "ფრანტერასთან", სადაც სწორედ ის დადასტურებული 23-მილიონიანი მარაგი განიხილებოდა და იმასაც, საკმარისი მასალების არქონის გამო, სახელმწიფო დაუსაბუთებლად მიიჩნევდა".
მოულოდნელად ამხელა საბადოს აღმოჩენა ეჭვს იწვევს გეოლოგებშიც. აკადემიკოსი დავით ელიაშვილი წლების განმავლობაში თავად მონაწილეობდა გაზის საძიებო კვლევებში და ამბობს, რომ კახეთში გაზს რამდენიმე კომპანია ეძებდა, მაგრამ ასეთ მარაგებს ვერ მიაგნეს. ელიაშვილის თქმით, 42 მილიარდი კუბ/მ საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და როგორც მისთვის, ასევე სხვა სპეციალისტებისთვისაც უცნობია, რა ტიპის კვლევებს ეყრდნობა "ფრანტერას" განცხადება.
ლიანა ჯერვალიძე, ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში: "გაზის საძიებო სამუშაოები საქართველოში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მიმდინარეობდა. სხვათა შორის, გაზს აქ ძმები სიმენსები ეძებდნენ, რომლებმაც შემდეგ ცნობილი კომპანია "სიმენსი" დააფუძნეს. თუმცა, მათ მაშინ დიდი ვერაფერი აღმოაჩინეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ახმეტის რაიონში, მაღალმთიან სოფელში გაზს მოიპოვებდნენ ბელგიელები, მცირე რაოდენობით ბუნებრივი აირი ჯორებზე გადაკიდებული ტიკებით ჩამოჰქონდათ ბარში და ყიდდნენ.
"ფრანტერა" საქართველოში უკვე დიდი ხანია აწარმოებს საძიებო სამუშაოებს და დღემდე მნიშვნელოვანი არაფერი აღმოუჩენია, ამიტომ ცოტა არ იყოს მოულოდნელი იყო განცხადება 42-მილიარდიანი მარაგის შესახებ. თუ ნამდვილად დადასტურებულია ასეთი მოცულობის რეზერვუარის არსებობა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია შიდა ბაზრის განვითარებისთვის, რადგან ჩვენ 100%-ით იმპორტირებულ გაზზე ვართ დამოკიდებული. ამჟამად საქართველოს მოხმარების მაქსიმუმი 2 მილიარდი კუბ/მ-ია. თუ ვივარაუდებთ, რომ ეკონომიკა განვითარდება და მოხმარებაც მოიმატებს, სავარაუდოდ, ის 3-3,5 მილიარდს მიაღწევს.
გამოდის, რომ "ფრანტერას" აღმოჩენილი საბადო შიდა მოხმარებას 12 წლით დააკმაყოფილებს. ეს პოტენციალი გაზის მსოფლიო ბაზარზე საქართველოს სრულფასოვან მოთამაშედ ვერ აქცევს, მაგრამ შიდა ბაზრისთვის საინტერესო იქნება.
ყველაზე დიდი მოლოდინი არსებობს საქართველოს შავი ზღვის შელფზე განთავსებულ სამ საძიებო ბლოკთან დაკავშირებით. წლეულს, მარტში, თბილისში ნავთობისა და გაზის კონფერენცია გაიმართა, სადაც საუბარი იყო ამ საბადოების სალიცენზიოდ გატანაზე. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგეგმება ამ სამი ბლოკის ერთად გატანა და ლიცენზიას ალბათ ერთი კომპანია მოიპოვებს. თუ საძიებო სამუშაოები წარმატებით დასრულდა და იმ რაოდენობის რეზერვი აღმოჩნდა, რასაც ველოდებით, ეს კომერციულად საინტერესო იქნება და საქართველო შეძლებს, გაზის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს".
"ფრანტერაში" აცხადებენ, რომ 42 მილიარდი - საპროგნოზო მაჩვენებელია. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მწარე ხევის საბადოზე კომპანია ყოველდღიურად 57 ათას კუბ/მ-ად გაზს მოიპოვებს, ხოლო მწარე ხევის გაზის გეოლოგიური პოტენციალი 28 მილიარდ კუბ/მ-ად აქვს შეფასებული. ეს საერთაშორისო ნავთობისა და გაზის კომპანია 1996 წელს დაარსდა, მისი სათავო ოფისი აშშ-ში მდებარეობს. საქართველოში კომპანია 1997 წლიდან საქმიანობს, აწარმოებს კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს ქვეყნის აღმოსავლეთში, რისთვისაც დააფუძნა შპს "ფრანტერა ისტერნ ჯორჯია". მან იმავე წელს დაიწყო ნავთობსაძიებო სამუშაოები დედოფლისწყაროში, შირაქის ველებზე. კომპანიის ჭაბურღილიდან ნავთობის პირველი ამოღება 1-ელ აპრილს დაემთხვა. ამ ჭაბურღილის გახსნას ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ესწრებოდა. შევარდნაძე ამბობდა, რომ უცხოელმა სპეციალისტებმა შირაქში ნავთობის დიდ მარაგს მიაკვლიეს, რაც ეკონომიკისთვის კარგი იქნებოდა, დედოფლისწყაროელებს კი სამუშაო ადგილები და უფასო ნავთობპროდუქტები ელოდებოდათ... დანაპირებს ადგილობრივები დღემდე ელიან. მაშინ გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა რეალურად ეს იყო მცდელობა, კარგი სიახლის გახმაურებით ხელი შეეწყოთ კომპანიის აქციების ფასის ზრდისთვის საფონდო ბირჟაზე. და თუ გაზის მასშტაბური საბადოს ისტორიაც დავიწყებით დასრულდა, ალბათ ხსენებულ ვარაუდს ბევრნი ამ შემთხვევაშიც გაიხსენებენ.