"22 წლის ნანატრი შვილია ლილუ, ღმერთმა გვაჩუქა... დიდი ბრძოლა მოგვიწევს, რომ სიცოცხლე შევუნარჩუნოთ..." - კვირის პალიტრა

"22 წლის ნანატრი შვილია ლილუ, ღმერთმა გვაჩუქა... დიდი ბრძოლა მოგვიწევს, რომ სიცოცხლე შევუნარჩუნოთ..."

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში პრემიების ბუმია, რომელთა დიდი ნაწილიც თურმე ქველმოქმედებაში იხარჯება, რატომღაც მაინც ელვის სისწრაფით მატულობს იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც კანონიერად, სახელმწიფოსგან ეკუთვნის დახმარება საკუთარი, ოჯახის წევრისა და ახლობლის სიცოცხლის გადარჩენაში, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ამ დახმარებას ვერ იღებს.

9 თვის ლილუ კუპატაძის მშობლებს მორიგი ქიმიოთერაპიის მორიგი დაფინანსების მისაღებად, დიდი ამბების გადატანა დასჭირდათ, თუმცა, მეოთხე ეტაპისთვის, მხოლოდ თანხის ნახევარი აქვთ. დანარჩენისთვის კი, ბრძოლა გრძელდება...

ბექა კუპატაძე, ლილუს მამა:

- ლილუს ავთვისებიანი სიმსივნე (ნეირობლასტომა) აქვს. მას შემდეგ, რაც ჩვენდა საუბედუროდ, სადაზღვევო კომპანია "ირაო" "ალდაგმა" შეისყიდა და "ჩემი ოჯახის კლინიკაში გადაგვიყვანეს", ჩვენი ტანჯვაც დაიწყო... იქამდე არც ერთხელ არ შეგვქმნია სამედიცინო მომსახურების და საგარანტიო ფურცლის მიღებაზე პრობლემა. პირველივე დღიდან გვიწევს ჯანდაცვის სამინისტროსა და მედიაციის სამსახურში. "ალდაგიდან" რამდენჯერმე ვცადე პასუხის მიღება, თუ რა უნდა მექნა ბავშვისთვის, რომლის გადარჩენის იმედიც 3 ქიმიის შემდეგ დამიბრუნდა და მორიგი ქიმიის გამო მეღუპებოდა, მაგრამ პასუხის გამცემი ვერავინ ვიპოვე. დიდი დავიდარაბის შემდეგ დაგვაწვინეს კლინიკაში. შემდეგ, როდესაც დიდი ხმაური ავტეხეთ ინტერნეტში, ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის სამსახურს დავუკავშირდით და ეტყობა, შესაბამისი უწყებებიც ჩაერთვნენ, - მედიაციის სამსახურიდან ქალბატონმა ქეთი ცეცხლაძემ დამირეკა და მითხრა, თქვენი ბავშვის საქმე განხილულია და თანხის ჩარიცხვის პროცედურები მიმდინარეობსო. ანუ ხვალიდან (ინტერვიუ ჩაწერილია 20 ინვისს, - ავტ.) ქიმიის კურსი დაიწყება, მაგრამ სულ 10-დღიანი კურსი სჭირდება და 5 დღის სამყოფი თანხაა ჩარიცხული.

- ვინ ჩარიცხა ეს თანხა, "ალდაგმა?"

- დიახ... 2041 ლარიდან 700 ლარი უნდა დაეფინანსებინათ, მაგრამ ეტყობა, რახან ხმაური ატყდა, კიდევ 400 ლარიც დაამატეს... ამ თანხის ამოწურვის შემდეგ, ისევ წანწალი მოგვიწევს თუ როგორ იქნება საქმე, არ ვიცით... ქიმიის მეოთხე კურსის ჩამთავრების შემდეგ, ოპერაციისთვის უნდა მოვემზადოთ. იქამდე კი ვატყობ, დიდი ბრძოლა მოგვიწევს, რომ შვილს სიცოცხლე შევუნარჩუნო, როგორც აქამდე...

- ოპერაცია საქართველოში უნდა გაუკეთდეს?..

- ჯერ არ ვიცით, ექიმები გადაწყვეტენ. ადრე მითხრეს, შესაძლოა, სისხლ-ძარღვები დაუზიანდესო და საზღვარგარეთ, თურქეთში წაყვანას გვირჩევდნენ, ვნახოთ. მთავარია, იქამდე მივიდეთ... ოპერაციის შემდგომ, ქიმიოთერაპიის კიდევ ორი კურსი დასჭირდება.

22 წლის ნანატრი შვილია ჩვენი პატარა გოგონა, ლილუ... როგორც იქნა, გვაჩუქა უფალმა მე და ჩემს მეუღლეს და ახლა ვუყურებთ, როგორ ვკარგავთ უფინანსობის გამო. მირჩიეთ რამე, ან სახელმწიფომ მირჩიოს ან საზოგადოებამ...

"კვირის პალიტრა" ლილუ კუპატაძის საქმეში გასარკვევად, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი სი აის"-ს დაუკავშირდა, საიდანაც "ჩემი ოჯახის კლინიკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან გადაგვამისამართეს.

თეონა ლალიაშვილი:

- ბავშვის მკურნალი ექიმის ინფორმაციით, ბავშვს 5-დღიანი სტაციონარული მკურნალობა სჭირდებოდა და მხოლოდ ეს დაფინანსდა, რაც ასევე მოიცავდა ლაბორატორიულ და ქიმიოდიაგნოსტიკურ კვლევებს. ამიტომაც დაფინანსდა ეს თანხა, თუ დანარჩენი თანხაც პოლისით იქნება გათვალისწინებული, სადაზღვევო კომპანია მზად არის, ესეც დაუფინანსოს. ამ ეტაპზე კი საგარანტიო ფურცელი უკვე გაგზავნილია.

დახმარების მსურველთათვის ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომრებს:

საქართველოს ბანკი, მიმღები, ხათუნა დობორჯგინიძე (ლილუს დედა):

GE 93 BG0000000708488300

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)