ზაზა რუსაძე: "რას ნიშნავს გეი ფილმი?!" - კვირის პალიტრა

ზაზა რუსაძე: "რას ნიშნავს გეი ფილმი?!"

"პლაკატზე ორი ბიჭია, რომელიც სახეებით ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან"

"მშიშარა ადამიანებისგან ჩნდება ხოლმე ამხელა სიძულვილი"

"საქართველოს პარლამენტარებო, მთავრობის წევრებო, გთხოვთ ოჯახით დაესწროთ ამ ფილმის ჩვენებას. თქვენ უნდა გიმადლოდნენ ესენი, ასე რომ გაპარპაშდნენ. არ დაგავიწყდეთ ბუსუსებიანი პრეზერვატივები აკრძალულია, უბრალოები წაიღეთ. ისე ლესბოსელი ქალებიც იქნებიან და თქვენს ცოლებსაც მოემსახურებიან. ჯერ ამ ფილმის გადამღების, მერე მსახიობების, მერე კიდევ თქვენი დედაც, ვინც ამათ მწვანე აუნთო"...

ასეთი აგრესიული კომენტარები გავრცელდა სოციალურ ქსელში ზაზა რუსაძის ფილმთან -"ჩემი საბნის ნაკეცი" დაკავშირებით...

თუ რამ გამოიწვია აჟიოტაჟი, ამის შესახებ ფილმის რეჟიოსრს – ზაზა რუსაძეს ვესაუბრეთ:

- ეჭვი მეპარება, რომ ფილმი ნანახი ჰქონდეთ იმ ხალხს, რომლებიც ასეთ კომენტარებს წერენ. ყველაზე სწორი იქნება, ამ ადამიანებმა თავად ნახონ ფილმი და თუ დაასკვნიან, რომ გეი-ფილმია და ჰომოსექსუალიზმის თემას ეხება, მაშინ მათი რეაქცია აბსოლუტურად ნორმალურად ჩაითვლება... ხელოვნება ის სივრცეა, რომელიც არ კონტროლდება და სწორედ ამ უკონტროლო სივრცის ეშინიათ ალბათ ამ ადამიანებს.

- კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება... რატომ მოიხსენიებს ხალხი ამ ფილმს, როგორც "გეი ფილმს"?

- ალბათ იმიტომ რომ პლაკატზე ორი ბიჭია, რომელიც სახეებით ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და ეჭვები იმ შიშმა გამოიწვია, რომელიც საერთოდ ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს ჰომოსექსუალიზმის თემასთან მიმართებაში.

- იმის თქმა გსურთ რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი ჰომოფობი ცხოვრობს?

- არა მხოლოდ ჰომოფობი, არამედ აქ ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც არანორმალურად ეშინია განსხვავებებისა. მშიშარა ადამიანებისგან ჩნდება ხოლმე ამხელა სიძულვილი.

- ძალიან ბევრი რეჟისორი თავად ქმნის სკანდალს, ყურადღების მისაქცევად.. თქვენც ერთის მხრივ ხომ არ გაწყობთ ეს აჟიოტაჟი, რაც თავისთავად მოხდა?

- ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია მისი ნამუშევარი იხილოს მაყურებელმა და მოხდეს დისკუსია, დიალოგი თუ რა ნახეს.. ამ ფილმში იმაზეა საუბარი, რომ საბჭოთა გამოცდილება მართავს ჯერ კიდევ ამ ქვეყანას. თავისუფლებაზეა ეს ფილმი... საერთოდ, შეფასება "გეი ფილმი" ძალიან უცნაურია. არსებობს ჰეტეროსექსუალური ფილმი? ეს რამე ახალი ჟანრია? ჩემი ფილმი სულ სხვა შინაარსისაა და ამიტომ მოვუწოდებ მაყურებელს მივიდნენ, ნახონ და დაასკვნან, თუ რა ხდება ფილმში.

- ჩვენ გვახსოვს 17 მაისი და როგორც რეჟისორს ხომ არ ფიქრობთ რომ რამე საფრთხე გემუქრებათ ხალხის გარკვეული ნაწილიდან?

- იმედი მაქვს, აგრესიას და საფრთხეს ასე პირდაპირ ვერ ვიგრძნობ. თუმცა, თუნდაც ის ფაქტი რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, როგორც ხელოვანი და როგორც რეჟისორი, ყოველ დღე ვარ საფრთხის წინაშე. რადგან უკულტურო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველაფერს უკულტურობა წყვეტს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)