კიკეთში მეგობრის მიერ ჩაცხრილული ბიჭი ლევან ვასაძემ გადაარჩინა
კიკეთის სისხლიანი ინციდენტი - ბავშვობის მეგობარმა მეგობარი ავტომატით დაჭრა
"იმიტომ მიასწრეს საავადმყოფომდე, რომ ლევანი გიჟივით მიქროდა, მოგვიანებით გზაში სასწრაფო შეხვდა და დაჭრილი იქ გადაიყვანეს. ექიმებმა თქვეს, წამები იყო საჭირო და ნიკა ცოცხალი აღარ იქნებოდაო..."
24 წლის ნიკა ნ. გვიან ღამით თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ურთულეს მდგომარეობაში მიიყვანეს, - ის სისხლისაგან იცლებოდა. საავადმყოფოს მედპერსონალი, მცდელობის მიუხედავად, დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებს - დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარება სტაბილურად მძიმეა. ექიმები ვერ წყვეტენ, ჩაატარონ თუ არა ურთულესი ოპერაცია, შესაძლოა მან ეს ვერ გადაიტანოს. თუმცა, თუკი ოპერაცია ჩატარდა, პაციენტს რეზუსდადებითი პირველი ჯგუფის სისხლი დასჭირდება, რასც ოჯახის ნაცნობ-მეგობრები გაიღებენ.
როგორც დაჭრილის ახლობლები ამბობენ, ნ. ნ ახლო მეგობრებთან ერთად შაბათ-კვირას კიკეთში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებმა იქეიფეს...
ლ.დ; დაჭრილის ახლობელი:
- ბიჭები შაბათ-კვირას კიკეთში ავიდნენ. ყველა ბავშვობის მეგობარი იყო. ამიტომ ასეთი რამე თუ მოხდებოდა, ვინმე ვინმეს ესროდა, ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა...
-კონკრეტულად რა მოხდა? ამბობენ, რომ ჩხუბი გოგონას გამო მოხდაო...
- ეგ ვერსია სწორი არ არის, ნიკას ცოლი ჰყავს.
- აბა ინციდენტი რამ გამოიწვია?
- ამაზე საუბარი არ მინდა.
- გასაკვირი ის არის, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი ნიკას ბავშვობის მეგობარმა ამოიღო და სროლა დაიწყო. ამბობენ რომ, ნიკას არა 14, როგორც პირველად ითქვა, არამედ 25 ტყვია ესროლეს...
- ეს სწორი არ არის, ის ბიჭი ისროდა, რაც მოხვდებოდა, მოხვდებოდა...
- მერე?
- მერე დააგდო იარაღი და გაიქცა. ნიკა რომ წაქცეული დაინახეს, ერთი გამოვარდა და მშველელს დაუწყო ძებნა. კიდევ კარგი, ამას მაინც მიხვდნენ, - სასწრაფოს მოსვლამდე ნიკა სისხლისგან დაიცლებოდა და იქვე მოკვდებოდა.
- მერე?
- ღამე იყო, იმ სიბნელეში, აბა, ვინ იქნებოდა გარეთ, მაგრამ ბოლოს ერთი მანქანა გამოჩნდა და ის ადამიანი გაიქცა და იმ მანქანას პირდაპირ გადაუდგა. მძღოლმა რომ გააჩერა, ფეხებში ჩაუვარდა, - გვიშველეო, ლევან ვასაძის მანქანა იყო. ეგ კაცი ხომ კიკეთში ცხოვრობს. კიდევ კარგი, ლევანი იყო, - ბევრი მაგალითი არსებობს, რომ დაჭრილ და სისხლიან კაცს მანქანაში არ სვამენ და საავადმყოფოში არ მიჰყავთ, - შარში გავეხვევითო. ნიკა თავად ლევანმა მიიყვანა საავადმყოფოში. იმიტომ მიასწრეს საავადმყოფომდე, რომ ლევანი გიჟივით მიქროდა, თორემ როგორც ექიმებმა თქვეს, წამები იყო საჭირო და ნიკა ცოცხალი აღარ იქნებოდაო...
... გავრცელებული ინფფორმაციით, ნიკა. ნ-ს მამა ბენზინგასამართი სადგურების ქსელის, "რომპეტროლის" ყოფილი თანამშრომელია. დამნაშავის ვინაობა ცნობილია. ის ჯერჯერობით სამართალდამცავებს არ აუყვანიათ, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ნიკა ნატროშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება პირველი რეზუს დადებითი ჯგუფის სისხლი. 599 479197 (სალი) დახმარების მსურველები დაუკავშირდით ამ ნომერზე
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)