"უნდათ, რომ ქართველებმა ჯვარს დაადგან ფეხი!" - მამა კონსტანტინე ფეხსაცმლის ძირებსა და საკანალიზაციო ჭებზე გამოსახულ ჯვრებზე - კვირის პალიტრა

"უნდათ, რომ ქართველებმა ჯვარს დაადგან ფეხი!" - მამა კონსტანტინე ფეხსაცმლის ძირებსა და საკანალიზაციო ჭებზე გამოსახულ ჯვრებზე

ცოტა ხნის წინ მთაწმინდის პანთეონში ვაჟა ფშაველას საფლავს ჯვარი დაამაგრეს, რომელიც არ შეესაბამება ძეგლის კონცეფციას და მარტივად რომ ვთქვათ, ხელოვნების ნიმუშს ხელყოფს. ამ ფაქტთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება, თუმცა მათ აქვთ პროექტი, რომ პანთეონში არსებულ ყველა საფლავზე დამაგრდეს ჯვარი. ჩვენ დავუკავშირდით საზოგადოების ხელმძღვანელს, მამა კოსტანტინე გიორგაძეს და კომენტარი ვთხოვეთ:

- როდესაც პანთეონში საფლავებზე ავდიოდი და პანაშვიდებს ვუხდიდი, ვხედავდი, რომ ბევრ საფლავს ჯვარი საერთოდ არ აქვს. ქრისტიანი კაცი ვარ და ძალიან გამიკვირდა, ეს რომ შევამჩნიე. მერე მივწერე მერიას, რომ კარგი იქნებოდა, თუ ყველა საფლავს ექნებოდა ჯვარი.

- მამაო, აქ განსვენებულთა უმეტესობა მთელი საქართველოს კუთვნილებაა, მათ შორის მუსლიმი ქართველებისაც...

- ილია ჭავჭავაძის საფლავზე ახლაც არის ჯვარი და ეს აბრკოლებს ვინმეს? რა, რადგან მუსლიმს ეწყინება, ქრისტიანის საფლავზე ჯვარი არ უნდა იყოს? ეს არაა სწორი მიდგომა.

- ახლახან ვაჟა-ფშაველას საფლავს დაადგეს ჯვარი, ამაზე თუ გაქვთ ინფორმაცია?

- არა, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ თუ ჯვარი დადგეს კარგია, თუმცა თუ ჯვარი არ შეესაბამება ძეგლის კოცეფციას, ვინც დაამაგრა, იმას პასუხი უნდა მოსთხოვოთ. ჩემი იდეის მიხედვით ყველა ჯვარი უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული საფლავის კონცეფციას. სამწუხაროდ, მერიამ ამ თემის მიმართ უყურადღებობა გამოიჩინა და დღეს ეს თემა მიჩუმათებულია.

მე გირჩევდით იმაზე გაამახვილოთ ყურადღება, რომ ქალაქში, საკანალიზაციო ჭის თავებზე გამოსახულია ორთოდოქსული ჯვრები და ეს გაკეთდა სპეციალურად, რომ ადამიანებმა ფეხი დაადგან. 100 000 მოწამე იმიტომ ეწამა, რომ ჯვარს არ დადაგეს ფეხი და ახლა კი საკუთარი ნებით გვადგმევინებენ ჯვარზე ფეხს.

- კითხვით თუ მიმართეთ იმ კომპანიას, ვინც ამ თავსახურებს ამზადებს?

- საკრებულოს მივმართე, მაგრამ ვერ გავიგე, იქ რა ხდება.

- როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ეს?

- რას და უნდათ, რომ ქართველებმა ჯვარს დაადგან ფეხი!

- ვისაც ეს უნდა, მათთვის გაცილებით მარტივი იქნება, რომ ფეხსაცმელების ძირზე გამოსახონ ჯვარი...

- არის კიდეც გამოსახული, მიყიდია ხოლმე ფეხსაცმელი და როდესაც მინახავს, რომ ძირზე ჯვარი აქვს, უკან მიმიბრუნებია. ზოგი ათლის ამ ჯვრებს და ისე იცმევს ფეხზე. სანამ ადამიანი არ ნახავს, რომ ძირზე ჯვარი აქვს, მას ეს ცოდვაში არ ჩაეთვლება, თორემ თუ ნახავს, აღარ უნდა ჩაიცვას.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)