რატომ გაიქცა "ვოლგის" ბინადარი თავშესაფრიდან
"პანსიონატში ჩხუბი ატეხა, - მე ის კაცი ვარ, ქვაბის ნაძირალა ვჭამოო?"
"იმ მათხოვარმა პანსიონატის თანამშრომლებს უთხრა, - აქ რა მინდა, დღეში მათხოვრობით 200-ლარიანი ვარო..."
ამას წინათ მოსკოვის პროსპექტზე, ერთი კორპუსის წინ ძველი "ვოლგა" დამანახეს, - ამ მანქანაში კაცი ცხოვრობსო. რას ამბობთ-მეთქი?! "ვოლგას" მივუახლოვდი. შიგ ლეიბი, რადიო და კიდევ რამდენიმე საყოფაცხოვრებო ნივთი დავინახე. მისი ბინადარი არ დამხვდა. რამდენიმე დღის შემდეგ "ვოლგის" ბინადარი ტელევიზიით ვნახე. გახარებული ამბობდა, - ჟურნალისტები დამეხმარნენ, მთავრობამ პანსიონატში გადამიყვანა, აქ სამოთხეა, აწი არაფერი მიჭირსო. შვებით ამოვისუნთქე. თუმცა, გაოგნებული დავრჩი, როცა ახლახან ის ისევ პროსპექტზე დამხვდა... მანქანის მინაზე მივუკაკუნე და, - ქუჩაში რატომ დაბრუნდით-მეთქი! - ვკითხე. ხელი ამიქნია, - წადიო! ამის შემდეგ ყველაფერი ვიღონე იმის გასაგებად, თუ რატომ აღმოჩნდა შავი "ვოლგის" ბინადარი ისევ ქუჩაში...
ახლომდებარე კორპუსის მცხოვრებმა მითხრა, - იქაური საჭმელები დაიწუნა, ბატონოო და კარი ცხვირწინ მომიჯახუნა. მაშინვე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსს, როინ ქოჩორაშვილს დავუკავშირდი, სწორედ მან გადაიყვანა ბადრი გაბრიჩიძე პანსიონატში.
- ბატონო როინ, კაცს უშველეთ, - ჭერი გაუჩინეთ. ის კი ისევ ქუჩას დაუბრუნდა...
- ღამის 3 საათზე დამირეკა სამგორის დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ - "ფეისბუკში" ინფორმაციას წავაწყდი, სამგორში კაცი მანქანაში ცხოვრობს, სასწრაფოდ დაეხმარეო. წავედი, თავშესაფარი გამოვუნახე - ძალიან ლამაზი სახლია ლოტკინზე, კარგი კვებით და სათანადო პირობებით. როცა იქ მივიყვანე, ყველას გასაგონად იძახდა, - აქ ძალიან კარგია, აწი არაფერი მიჭირსო, მაგრამ რამდენიმე დღეში უკან წამოვიდა.
- მეზობელმა მითხრა, იქაური საჭმელები არ მოეწონაო.
- რას მეუბნებით, მანქანაში ცხოვრობდა და უარეს პირობებში გადავიყვანდი? მაგრამ კაცს ქუჩაში ცხოვრება უნდა, დავაკავო? პანსიონატში ჩხუბი აუტეხია, - რაც მინდა, ის უნდა მომართვათო...
პანსიონატში კი გვთხოვეს, - ბატონმა ბადრიმ უხეშობით დაგვამახსოვრა თავი, ხვალ რას მოიმოქმედებს, არ ვიცით, ამიტომ ჩვენს გვარს და სახელს ნუ დაწერთო.
მომვლელი: - ბადრი გაბრიჩიძეც ისე თბილად მივიღეთ, როგორც სხვები; საკვებსაც იმასვე ვაჭმევდით, რასაც სხვები მიირთმევენ. ჩვენ მრავალი შემომწირველი გვყავს და როგორ ფიქრობთ, აქ მოხუცებს რაიმე რომ დავაკლოთ, ვინ გაგვაჩერებს?!
- საინტერესოა, რა გაქვთ მენიუში?
- საუზმეზე კარაქი, ყველი, ჩაი, კაკაო და ფაფა. იმის მიხედვით, ვის როგორი ფაფა უყვარს, ორ-ორ ქვაბს ვხარშავთ. ბადრი გაბრიჩიძემ, შვრიის ფაფა მიყვარსო და მივართვით. სადილზე გუფთას, ტოლმას, ხორციან სოუზს, გარნირიან კატლეტს, სუპს, ბორშჩს ვამზადებთ... ვახშმად ვცდილობთ, რაიმე მსუბუქი მოვამზადოთ, თუმცა ყველი, კარაქი და კაკაო, ვახშმადაც გვაქვს.
ამ ბატონს სადილი რომ მივართვით, გვითხრა, - მე ის კაცი ვარ, ქვაბის ნაძირალა ვჭამოო?
მერე დაურეკა თავის მძღოლს (თავად თქვა ასე), ფული მისცა და რესტორნიდან მოატანინა სადილი.
- რას ამბობთ, კაცს რომ მანქანის გარდა საცხოვრებელი არ გააჩნია, მძღოლი როგორ ეყოლება, ან რესტორნის ფული საიდან აქვს?
- დაუჯერებლად გეჩვენებათ, არა? ჩემს ნათქვამს პანსიონატის ყველა მცხოვრები დაადასტურებს.
ბატონი ბადრის აქ ყოფნისას ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა ყველი მოგვიტანა. ეს რომ დაინახა, გვკითხა, - ჩემთან რატომ არ მოვიდა, ალბათ უბრალო მძღოლი იყო, თორემ უსათუოდ მინახულებდა, მე ყველა მიცნობსო. მძღოლი არ ყოფილაო, - რომ ვუთხარით, გაბრაზდა. იმ კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა - ამ კაცს ვიცნობთ, ზამთარში ჩვენი თანამშრომლები საწვავს უსხამდნენ, რომ არ გაცივებულიყოო. როგორც ჩანს, შემოწირულობები მოაკლდა ბატონ ბადრის და იმიტომ დაბრუნდა ქუჩაში...
სამწუხაროდ, მსგავს ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება გვაქვს.
ერთხელ მოხუცი ქალი მოგვიყვანეს, რომელიც ახლაც ზის სასტუმრო "მარიოტის" წინ, დამტვრეულ ტაბურეტზე. ისეთი სახე აქვს, აუცილებლად ხელს გაუმართავ. ზამთარში პოლიციამ მოგვიყვანა, - იყინებაო, მისი 3 შვილიდან ერთ-ერთმა გვითხრა, - დედა აქ არ გაგიჩერდებათო.
ცოტა ხანში მართლაც წავიდა და ჩვენს თანამშრომლებს უთხრა, - აქ რა მინდა, დღეში მათხოვრობით 200-ლარიანი ვარო...
თანხა გონებაში ერთ თვეზე გადავამრავლე, ლაპარაკის სურვილი დავკარგე და პანსიონატის თანამშრომლებს დავემშვიდობე...