გოგა ხაინდრავა: ”რა გახდა უგულავას ”ვირის აბანოში” გაშვება?!”
"ვარდების რევოლუციას" კახა ლომაია აფინანსებდა, უგულავას ერთ-ერთი თანამონაწილე იყო"
"ნაციონალები" გათავხედებულები არიან ნაძირალა ბილდტისნაირი მხარდამჭერებით"
"უგულავა კი არა ნიკოლა სარკოზი დააკავეს, თურქეთის ექსპრეზიდენტი ციხეში ზის, ციხეშია სამხრეთ კორეის სამი პრეზიდენტი, ორი უვადო პატიმრობით, ავსტრიის პრეზიდენტთან ჰქონდათ პრობლემები და ბერლუსკონის მიუსაჯეს პატიმრობა"
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დღეს დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, კიევში გამგზავრებისას დააკავეს. მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზება ედება ბრალად. უგულავა ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი. ამ ფაქტს გოგა ხაინდრავა უმწვავესი კომენტარით გამოეხმაურა...
- მე მინისტრი გახლდით 2006 წლამდე და 2005 წელს კონტროლის პალატის დასკვნა დადო ბატონმა სოსელიამ, სადაც უგულავას მერად მოღვაწეობის პირველივე წელს 102 მილიონი ლარი ჰქონდა გაფლანგვა... ვაჟბატონ კახა ლომაიას, რომელიც მერე ამერიკაში გადამალეს, 40 მილიონი ჰქონდა გაფლანგვა... კახა ლომაია იყო სოროსის ფონდის ხელმძღვანელი და ”ვარდების რევოლუციას” ეგ აფინანსებდა. გიგი უგულავას ერთ-ერთი თანამონაწილე იყო. მერობის პირველივე წელს რომ კაცს 102 მილიონი ექნება გაფლანგვა, წარმოიდგინეთ, 9 წლის თავზე რასთან გვაქვს საქმე?! იმის ნაცვლად რომ უგულავას პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებინათ, სოსელია მოხსნეს და 54 წლის საღ-სალამათი კაცი სამ თვეში გარდაიცვალა. დღემდე არ არის გარკვეული, რატომ მოხდა ასე. სხვათა შორის, ნინო ბურჯანაძის პროტეჟე იყო ის კაცი და არც მაშინ მოუკითხავს მისი ბედ-იღბალი და არც დღეს ახსოვს...
- თვლით, რომ გიგი უგულავა ციხეში უნდა იჯდეს?
- ხალხი ასე თვლის და აბსოლუტურად სწორია მათი რეაქცია... მაგრამ დაუჯერებენ კი ხალხს? სად კუბლაშვილი და სად სამართალი?! ვიდრე მონსტრი კუბლაშვილი ქართულ სასამართლოს თავზე იქნება წამომჯდარი და იქ ობობას ქსელებს ხლართავს თავისი სისხლიანი ხელებით, გულით და თავით, მანამდე ქვეყანას არაფერი ეშველება! გიგი უგულავა კი არა ნიკოლა სარკოზი დააკავეს, თურქეთის ექსპრეზიდენტი ციხეში ზის, ასევე ციხეშია სამხრეთ კორეის სამი პრეზიდენტი, ორი უვადო პატიმრობით, ავსტრიის პრეზიდენტთან ჰქონდათ პრობლემები და სილვიო ბერლუსკონის მიუსაჯეს პატიმრობა. რა გახდა საქართველოში გიგი უგულავას და ამ თაღლითების, ქურდბაცაცების, სახელმწიფო დამნაშავეების ”ვირის აბანიოში” გაშვება ბოლოსდაბოლოს?! იქ არის მათი ადგილი, იმიტომ რომ ეგენი არიან სისხლისმწოველები და ამ ქვეყნის გამანადგურებლები. დანარჩენი ცალკე ქართულმა საზოგადოებამ განსაჯოს და ცალკე ხელისუფლებამ. ამის ატანა, ამასთან შერიგება და ყურება უკვე შეუძლებელია...
- ნაციონალური მოძრაობის წარომადგენლები თავად ჩივიან, რომ მათზე პოლიტიკური დევნაა და უდანაშაულო ხალხს აპატიმრებენ...
- აბა იმას იტყვიან, დამნაშავეები ვართო?! ძალიან იშვიათია, დამნაშავე ინანიებდეს და მითუმეტეს ეგ გათავხედებულები ამას არ იზამენ. დიახაც გათავხედებულები არიან ნაძირალა ბილდტისნაირი მხარდამჭერებით. მექრთამე ბილდტი ევროკავშირის სახელით რომ გველაპარაკება. დასავლეთშია მოკალათებული ბნელი ძალები, რომლებიც თანამონაწილეები იყვნენ იმ დანაშაულის, რასაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ჩადიოდნენ. ეგრეთწოდებული ლობისტები, სინამდვილეში ავანტიურისტები. ეს ბილდტიც მექრთამეა, რომელსაც აქ დიდი ზარ-ზეიმით ღებულობენ. დამტკიცებული ფაქტია, ეგ რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" რომ ქრთამებს იღებდა, პრესკონფერენციაც მქონდა ამაზე. საბუთებიც წარვადგინეთ მის მექრთამეობაზე შვედურ პრესაზე დაყრდნობით... პატარა ქვეყანა ვართ, ძალიან პატარა გავლენა გვაქვს და მსოფლიო პროცესებს ვერ ვმართავთ, მაგრამ მეტი სიმტკიცე და გაბედულება გვჭირდება.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)