გიორგი ნაზღაიძე: "ყველა გაბრაზებული მიმტანი იფურთხება კერძში"
"კლიენტთან მიტანამდე მის მიერ შეკვეთილ კერძში ვაფურთხებდი და დამცირებისთვის ასე ვუხდიდი სამაგიეროს." - "ნანუკას შოუში" კიდევ ერთხელ აღიარა თავისი გაუმართლებელი საქციელი ცნობილმა მოდელმა გიორგი ნაზღაიძემ. წლების წინ ის სხვადასხვა კაფე-ბარებში მუშაობდა მიმტანად.
"მიმტანი დილის ათი საათიდან შუაღამემდე, 4 საათამდე დგას ფეხზე, მუშაობს განუწყვეტლივ და ამ დროს კლიენტი მაგიდაზე უწერს, რომ ის არის მამაკაცის სასქესო ორგანო, აგინებს დედას, უყვირს, ეი, მოდი შენ აქ, ან თუ სასმელის მიტანა დაუგვიანდა, მუშტს უღერებს ჩასარტყმელად. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც თუ თან გადაჰყვები, ასეთი კლიენტი რესტორნიდან გასვლის წინ მოიკითხავს დირექტორს და უსაყვედურებს, ესა და ეს მიმტანი რატომ არ იღიმებაო. ჩემი მეგობრების შემთხვევებს გეტყვით, ერთს იმიტომ არ ეღიმებოდა, რომ მეუღლეს დასცილდა, მეორეს კი მშობელი მოუკვდა და იმის გამო, რომ დასაფლავების ფული არ ჰქონდა, იძულებული გახდა, ემუშავა. ასეთი ადამიანები თავს ვერ იცავენ ბოროტი კლიენტებისგან. ამიტომაც მათ ნაცვლად მე გადავუხადე იმ მოძალადეებს სამაგიერო. ჩემს საქციელს არ ვამართლებ, მაგრამ სხვანაირად ვერაფერს გავაკეთებდი, პირში ვერ შევაფურთხებდი სამსახურის დაკარგვის შიშით. დიახ, როდესაც მოძალადე კლიენტთან თავს ზევით ძალა არ გაქვს და იძულებული ხარ, მისგან მოყენებული ყველანაირი შეურაცხყოფა აიტანო, თავდაცვის ასეთი ხერხიღა გრჩება და საჭმელში უფურთხებ." - თქვა გიორგი ნაზღაიძემ შოუში.
სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის ნომერში.