"თეთრაძის წამების ორგანიზებაში ახალაიას ყოფილი მაღალჩინოსნები ამხელენ"
რა წერილი გამოუგზავნა მეგის ქარდავამ სერგო თეთრაძის მეუღლეს
მეგის ქარდავა: "ამჟამინდელი პროკურატურის ის წარმომადგენელი ცდილობს ჩემს გამოყენებას, ვინც სერგო თეთრაძის საქმესთან თავად იყო დაკავშირებული"
ნანა თეთრაძე: "ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ვეკითხები: თუ გაუძლებდით იმ წამებას, რასაც ჩემი მეუღლე განიცდიდა?!"
მთავარმა პროკურატურამ ექსმინისტრ ბაჩანა ახალაიას პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება წარუდგინა. ახალაიას მომხრეების თქმით, ამ შემთხვევაშიც პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია და მისთვის მთავარი მოწმე ვლადიმერ ბედუკაძეა... თავად ბაჩანა ახალაიამ განაცხადა: "ვიცი, რომ ეს კაცი ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა. მე ამ ვერსიის მჯერა. ხალხი ამბობს, მოკლეს, ჩამოახრჩვესო"... სასამართლომ ახალაიას პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 17 სექტემბერს სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს: სერგო თეთრაძე (გადამდგარი პოლკოვნიკი, მზვერავი, ომის ვეტერანი), დავით ლონდარიძე (ვიცე-პოლკოვნიკი), სერგეი ჩაპლიგინი (ყოფილი სამხედრო) და გიორგი გორელაშვილი (ინჟინერი, რადიომოყვარული). გამოძიების ცნობით, ისინი საშინლად აწამეს, რასაც არაერთი მოწმის ჩვენება ადასტურებს. ასევე გაირკვა, თუ როგორ დაიწყეს ე.წ. ჯაშუშების გამოვლენა. თეთრაძის ადვოკატის, მაგდა კოტრიკაძის თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა "ოდნოკლასნიკებში" დარეგისტრირებული სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულთა ჯგუფის დათვალიერების შემდეგ "ჯაშუშების გამოსავლენი" ოპერაცია დაიწყეს...
არის თუ არა სერგო თეთრაძის საქმეში ვლადიმერ ბედუკაძე მთავარი მოწმე? ის "კვირის პალიტრას" ესაუბრა:
- ახალაიასთვის ბრალის დამძიმებას ჩემი დაკითხვა სულაც არ უძღოდა წინ. გამოძიებას ჩვენება მხოლოდ ბრიუსელში ყოფნისას მივეცი სკაიპით. ჩემთვის "მთავარი მოწმის" ტიტულის მოწებება "ნაცმოძრაობასთან" ასოცირებულ ძალას აძლევს ხელს. ახალაიას მომხრეებს პირზე აკერიათ: "ისევ საზიზღარი ბედუკაძე საბრალო, წამებული ახალაიასთვის შეთითხნილ საქმეშიო". არადა, ახალაია და ქარდავა თეთრაძის საქმის დაკითხვის მასალებში ნახსენებიც არ მყავს. ამ დასკვნამდე გამოძიება თავად მივიდა. სასამართლო პროცესებზე მინიმუმ 20 სამხედრო პოლიციელი ადებდა ხელს ქარდავასა და ახალაიას".
ნანა თეთრაძე, სერგო თეთრაძის მეუღლე: - უშუალოდ ბაჩანა ახალაია რომ მონაწილეობდა სერგოს წამებაში, ეს პირველად ადვოკატ თამარ იასეიშვილისგან გავიგე. დღეს კი საქმეში სამხედრო პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანთა სკანდალური ჩვენებებია.
თავის დროზე იასეიშვილს ჩემმა მეუღლემ პირადად უთხრა, რომ მას ახალაია და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი აწამებდნენ, რასაც დეტალურად ჰყვება ჩვენებაში ადვოკატი. ჩემმა მეუღლემ სთხოვა, ეს ინფორმაცია არ გაეხმაურებინა, რადგან ოჯახის ამოწყვეტით ემუქრებოდნენ. 2011 წლის 19 სექტემბერს თავად ვნახე ჩემი მეუღლე ქალაქის სასამართლოში, საშინლად ნაწამები და ცხვირგატეხილი. მისთვის მოსამართლეს ერთხელ არ უკითხავს, რა მოგივიდაო. ცხადია, ერთმანეთთან იყვნენ შეკრული მოსამართლე გოგინაშვილი და პროკურორი გიორგი ქევხიშვილი, რომელიც დღესაც თანამდებობაზეა... დაკავებული ექსჩინოვნიკები კი ლამის გმირებად შერაცხონ იმის გამო, რომ თურმე დანაშაულს არ აღიარებენ. იქნებ რომელიმე მათგანმა ერთხელ მაინც ჰკითხოს საკუთარ თავს, თუ აიტანს იმ საშინელ წამებას, რასაც ჩემი მეუღლე განიცდიდა?! პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს თავზე, სული რომ არ მოეთქვა, და ისე სცემეს. იმ ავადსახსენებელ ე.წ. ფუქსებში 5-6 დღე ჰყავდათ, სამხედრო პოლიციის შენობაში კი უკანონოდ გადაიყვანეს, სადაც მას ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კაბინეტში 5 საათი აწამებდნენ.
მოწმე ლევან ზაქრაძემ, სამხედრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ამ ოპერაციას ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა. დაასახელა ყოფილი მაღალჩინოსნებიც: მეგის ქარდავა, მამუკა იოსავა, გიორგი დგებუაძე ("მასტერა") და სხვები, რომლებიც ამ წამებაში მონაწილეობდნენ...
არსებობენ სხვა მნიშვნელოვანი მოწმეებიც, მათი დასახელებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. არ მინდა, ვინმე დაშინდეს და სასამართლო პროცესზე საკუთარი სიტყვები უკან წაიღოს.
- ვიცით, მეგის ქარდავამ წერილი გამოგიგზავნათ. რა იყო ამის მიზანი?
- ქარდავა მწერს, რომ უდანაშაულოა. "მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის ამ წერილის წაკითხვა შეიძლება ძნელი იყოს, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მაინც მომეწერა. ადრეც მინდოდა მომემართა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, ვინაიდან ვიყავი საჯარო მოხელე და თმენის ვალდებულება მქონდა. ხელისუფლებაში მოსული მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს ჩემს გამოყენებას, ერთ-ერთი კი პროკურატურაში თანამდებობაზეა და სწორედ ბატონ სერგოსთან (მის წამებასთან. - ავტ.) არის დაკავშირებული".
ერთი სიტყვისაც არ მჯერა. რატომ არ შეეძლო ქარდავას ამის უფრო ადრე მოწერა?
- თუ აზუსტებს ქარდავა პროკურატურის იმ მაღალჩინოსნის გვარს, რომელიც ამჟამადაც თანამდებობაზეა?
- ეს არაფრისმომცემი წერილია. უდანაშაულოები ქვეყნიდან არ გარბიან!
P. S. "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, მოწმე მიხეილ კუჭუხიძის (თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს ყოფილი უფროსი) ჩვენებით ირკვევა, რომ 2011 წლის 17 სექტემბერს, დილის 8:00 საათზე დაესწრო სამხედრო შეკრებას, სადაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს უფროსმა ზაზა მჭედლიძემ დაავალა, რომ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირის ოჯახში უნდა დაედო კომპიუტერული მეხსიერების ფლეშ-ბარათი, რომელიც "სამხილი" იქნებოდა (იგივე გააკეთეს ამ საქმეზე სხვა დაკავებულების ოჯახებშიც). კუჭუხიძეს კი ფლეშ-ბარათი მამუკა იოსავამ (სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ) გადასცა. კუჭუხიძემ დავალება შეასრულა... რა ეწერა ფლეშ-ბარათზე (საქმეზე დადებული გრიფი "საიდუმლოს" გამო) ჯერჯერობით უცნობია. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ მამხილებელი ფლეშ-ბარათები, რომლებიც ეჭვმიტანილთა ოჯახებში ჩხრეკისას დადეს, თავის დროზე გიორგი დგებუაძის ("მასტერას") კაბინეტში ინახებოდა. როგორც ცნობილია, ამ საკითხზე გამოძიებას უკვე აქვს ზაზა მჭედლიძისა და მამუკა იოსავას ჩვენებებიც... სერგო თეთრაძის ადვოკატის განცხადებით, ისინი დანაშაულის ორგანიზებაში ხელს ადებენ ახალაიას... ახალაიასთვის ახლახან წაყენებული ბრალდება თავისუფლების აღკვეთას 9-დან 15 წლამდე ითვალისწინებს.…
პროკურატურის განცხადების ნაწყვეტი (სტილი დაცულია): "თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავასა და #8 საპყრობილის დირექტორ ალექსანდრე მუხაძესთან ერთად გადაწყვიტა, წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოსაპოვებლად, უდანაშაულოთა წამების გზით, მიეღო აღიარებითი ჩვენებები, რასაც გაავრცელებდნენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოსდა გამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. "ჯაშუშური" ჯგუფი.
2011 წლის სექტემბერში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ბაჩანა ახალაია, მეგის ქარდავა, ალექსანდრე მუხაძე და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ თავდაცვის სამინისტროს ოფიცერს, ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს, თადარიგის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძეს, მოქალაქეებს სერგეი ჩაპლიგინსა და გიორგი გორელაშვილს. ცემისა და წამების დროს ახალაიამ ამოიღო იარაღი, მიაბჯინა სახეზე დავით ლონდარიძეს და მოკვლით დაემუქრა, თუკი დანაშაულს არ აღიარებდა. ახალაია თან აგინებდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ლონდარიძეს. ლონდარიძემ, მას შემდეგ, რაც ცემისგან დაუძლურებულს მეგის ქარდავა სექსუალური ძალადობითაც დაემუქრა, იძულებით აღიარა "დანაშაული", თითქოსდა საქართველოს წინააღმდეგ მართლაც ჩაიდინა ჯაშუშობა. მორიგი იძულებითი აღიარების მიღების მიზნით, ქარდავა, სამხედრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ბაჩანა ახალაიასთან შეთანხმებით, გიორგი გორელაშვილს მთელი დღის განმავლობაში ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ამ უკანასკნელს სისტემატურად სცემდნენ პლასტმასის მილით, ემუქრებოდნენ, რომ მავთულის დიდი საჭრელი მაკრატლით თითებს დააჭრიდნენ და მის თითებს ათავსებდნენ მაკრატლის საჭრელ პირებს შორის. შემდგომ ყელზე შეაბეს იარაღის დასამაგრებელი ტყავის თასმა და აიძულებდნენ ოთხზე ეხოხა შენობის დერეფანში.
მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ გორელაშვილი არ აღიარებდა ჩაუდენელ დანაშაულს, როგორც "ჯაშუშობაში" ბრალდებული, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ასევე, აღიარების მიღების მიზნით, სერგო თეთრაძესაც მიაყენეს ძლიერი ფიზიკური და მორალური ტანჯვა. მას თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი, რათა არ მიეცათ სუნთქვის საშუალება... თეთრაძემ არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული. ამის გამო ბაჩანა ახალაიამ მეგის ქარდავასთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას, რის საფუძველზეც 2011 წლის 23 სექტემბერს ახალაიას გეგმის მიხედვით #8 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა ა.ტ.-მ და თ.ს.-მ საკანში თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა. სერგო თეთრაძე წამების შედეგად ცუდად გახდა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გონს მოუსვლელად გარდაიცვალა".