"ვიდეოში ჩანს, რომ ლაშა წაქცეულია და ვიღაც თავზე ფეხს აბიჯებს" - ნაციონალების "სასტიკად" ნაცემი მხარდამჭერი
"მასთან ერთად იყო მისი მეგობარი გოგონაც, რომელსაც ფეხი მოტყდა, ხოლო ლაშამ ტვინის შერყევა მიიღო, მას თავის ქალა ჰქონდა გაბზარული"
"გიგი უგულავას სასამართლო იყო და არ შეიძლებოდა, რომ არ მოსულიყო"
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მას შემდეგ რაც გიგი უგულავას განაჩენი გამოცხადდა, შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც 8 ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის "თავისუფალი ზონის" წევრი ლაშას რუხაიაც. მან ფიზიკური დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით დააკავეს კიდეც. ჩვენ დავუკავშირდით ლაშა რუხაიას მეგობარს, ასევე "თავისუფალი ზონის" წევრს, ფარნაოზ ჭკადუას და კომენტარი ვთხოვეთ:
- ლაშა რუხაიას თვითმმართველობის არჩევნების წინა ღამეს თავს დაესხნენ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. მასთან ერთად იყო მისი მეგობარი გოგონაც, რომელსაც ფეხი მოტყდა, ხოლო ლაშამ ტვინის შერყევა მიიღო, მას თავის ქალა ჰქონდა გაბზარული და რეალურად მისი გარეთ გამოსვლა არც შეიძლებოდა. გუშინ, როდესაც ჩხუბში მოყვა, როგორც ჩანს, გაწევ-გამოწევის დროს ხელი მოხვდა თავში, გაითიშა და წაიყვანეს ღუდუშაურის საავადმყოფოში, სადაც მოხდა კიდეც მისი დაკავება. პოლიციამ ექიმებს აიძულა, ლაშა გაეწერათ და დააპატიმრეს. ჯერ კიდევ ცუდად იყო, "კალიასკაში" იჯდა და ისე გამოიყვანეს და ამის ვიდეო მასალაც არსებობს.
- საავადმყოფოდან სად წაიყვანეს?
- დაახლოებით 6-7 საათი ჩვენთვისაც უცნობი იყო, თუ სად იყო ლაშა. ბოლოს გავარკვიეთ, რომ ქალაქის მთავარ სამმართველოში იყო. როდესაც გავიგეთ, რომ იქ იყო, ჩვენ მოვითხოვეთ სასწრაფოს გამოძახება და ექიმების მასთან მისვლა, მაგრამ დაახლოებით 1 საათი მოანდომეს, რომ ლაშასთან ექიმი შესულიყო და გაესინჯათ. როგორც ექიმებმა თქვეს, გარეგანი დაზიანება არ ეტყობოდა, არც შუბლზე ჰქონდა დაზიანება, უბრალოდ ჩხუბის დროს მას მოხვდა ხელი და ძველი ტრავმა გაუღიზიანდა.
- თუ ასეთი მძიმე დაზიანება ჰქონდა, რატომ არ დარჩა სახლში?
- გიგი უგულავას სასამართლო იყო და არ შეიძლებოდა, რომ არ მოსულიყო. წესით არ უნდა ყოფილიყო იმ ადგილას, მაგრამ შემთხვევით მოხვდა იქ. გაწევ-გამოწევის დროს შეიძლება პოლიციელებს მოუხვდათ ხელი. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ ლაშა წაქცეულია და ვიღაცა თავზე ფეხს აბიჯებს.
- კადრებში, რომელიც "თავისუფალმა ზონამ" გაავრცელა, სათაურში წერია, ლაშა რუხაიას სასტიკად სცემესო, არადა, კადრებში ჩანს, რომ პოლიცია პირიქით კორდონს აკეთებს, რათა წაქცეულ ლაშას არვინ მიეკაროს და სასწრაფოს იძახებს...
- ბუნებრივია, კაცი უგონო მდგომარეობაშია, თანაც იქ დეპუტატებიც იყვნენ და პოლიცია იმიტომ მოიქცა ასე. დარღვევა ის იყო, რომ საავადმყოფოდან წამოიყვანეს ძალით, შეიარაღებული ადამიანების მეშვეობით. მისი საავადმყოფოდან წაყვანა დარღვევით მოხდა, ამიტომ ჩვენ ვაპირებთ სარჩელის შეტანას სასამართლოში ექიმების წინააღმდეგ, რომლებმაც ხელი არ შეუშალეს და გაატანეს ლაშა და პოლიციელების წინააღმდეგ.
- თუ გაქვთ ინფორმაცია, გასულ წლებში ხდებოდა ადამიანების დაკავება ისე, რომ მის შესახებ 5-6 საათი არავინ არაფერი იცოდა?
- მე პირველად გავიგე, რომ საავადმყოფოდან ასე წაეყვანათ ადამიანი.
- ზოგადად ტრამვირებული ადამიანის დაკავების ფაქტები თუ გახსოვთ, როდესაც ექიმს ადამიანთან მისვლის უფლებას არ აძლევდნენ...
- არ მსმენია, მაგრამ თუ იყო ეს ძალიან სამწუხაროა და ასეთი რაღაცეები არ უნდა განმეორდეს.
- მაგ. 26 მაისს ნაცემ ადამიანებთან არ უშვებდნენ ექიმებს...
- არა, ახლა 26 მაისის თემაზე პასუხს ვერ გაგცემთ...
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)