შევარდნაძის სამი ცხოვრება
"ერთი საქმე, რომელიც შევარდნაძის ბიოგრაფიას შავ ლაქად მიჰყვება, ჟურნალისტ ნაზი შამანაურის საქმეა, რომელიც 1982 წელს ჩარგალში "ვაჟაობაზე" სიტყვით გამოვიდა და შევარდნაძის პირისპირ ამხილა მაღალჩინოსანთა ბოროტმოქმედება. შამანაური ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტეს."
"შევარდნაძის, რომელმაც ერთადერთი შვილი დამიხვრიტა, შემნდობად ვერ გამოვდგები. ჩემი პატიება არც სჭირდება, ალბათ. სადაც წავიდა, იქ შეუნდოს ღმერთმა"
"მან გორბაჩოვთან ერთად, ფაქტობრივად, წერტილი დაუსვა "ცივ ომს", უდიდესი წვლილი შეიტანა 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრევასა და ახალი ევროპის ფორმირებაში."
2014 წლის 7 ივლისს 86 წლის ასაკში საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა. "ბი-ბი-სის" რუსულენოვანმა ბიურომ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას ვრცელი წერილი მიუძღვნა: "ედუარდ შევარდნაძემ სამი ცხოვრებით იცხოვრა: პირველი - საბჭოთა ფუნქციონერის, მეორე - გარდაქმნისა და ახალი აზროვნების შემოქმედის, მესამე - დამოუკიდებელი საქართველოს ლიდერის". საქართველოს უახლეს ისტორიაში შევარდნაძე წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო.
"დიდი წყენა მაინც დარჩა"
ედუარდ შევარდნაძის კარიერული წინსვლა საქართველოს კომპარტიის პირველ მდივანს ვასილ მჟავანაძეს უკავშირდება - სწორედ მან მიაქცია ყურადღება ახალგაზრდა და ენერგიულ კომკავშირელს. 1957 წელს მჟავანაძემ შევარდნაძე კომკავშირის პირველ მდივნად დანიშნა, შემდეგ მცხეთის რაიკომის პირველ მდივნად, მოგვიანებით თბილისის პირველი მაისის რაიკომის პირველ მდივნად, 1965 წელს კი შს მინისტრად. "მჟავანაძეს ვუყვარდი, თუმცა, მეც კარგად ვასრულებდი მის დავალებებს", - ამბობდა შევარდნაძე.
მისი თანამედროვეების ინფორმაციით, "შს მინისტრად დანიშვნის შემდეგ შევარდნაძემ ფარული ბრძოლა დაიწყო მჟავანაძესთან და ამ საქმეში გავლენიანი მფარველიც იპოვა ბრეჟნევის სიძის შოლოკოვის სახით, რომელიც მაშინ სსრკ-ის შს მინისტრი იყო. მჟავანაძემ წააგო. 1972 წელს კრემლის მოთხოვნით მან განცხადება დაწერა და პენსიაზე გავიდა, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი კი ედუარდ შევარდნაძე გახდა. მჟავანაძის ქალიშვილი ნინა მჟავანაძე იგონებს: "შევარდნაძეზე აუგი არასდროს უთქვამს. პირიქით, ამბობდა, ღირსეული ადამიანია და ბევრი შეუძლია გააკეთოსო. თუმცა, დიდი წყენა და გულისტკივილი დარჩა".
"საჩვენებელი პროცესები"
შევარდნაძის თანამედროვეებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ის ცალი ხელით "ნეგატიურ მოვლენებს" ებრძოდა, მეორით კი ახალისებდა. ერთ-ერთ სამაგალითო საქმედ მეღვინეების საქმე იქცა - უკიდურესად გაბერილი სახელმწიფო გეგმების შესასრულებლად მეღვინეებს ჯერ ღვინის ფალსიფიკაციისკენ უბიძგეს, შემდეგ კი დააკავეს და უმკაცრესად დასაჯეს.
ერთ-ერთ გახმაურებულ სასამართლო პროცესად იქცა ლაზიშვილის საქმეც, როდესაც ერთდროულად 50-მდე კაცი დაიჭირეს. ოთარ ლაზიშვილი საბჭოთა საქართველოში წარმატებული საქმოსანი იყო, ეს კი საბჭოთა კავშირში "სახელმწიფო დანაშაულად" მიიჩნეოდა. შევარდნაძის წყალობით ლაზიშვილი და მისი "თანამზრახველები" სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის გაასამართლეს. მას, როგორც "ბანდის მეთაურს", 15 წელი მიუსაჯეს, საიდანაც ბოლო 5 წელიწადი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა.
ასევე საჩვენებელ პროცესად აქციეს სამედიცინო უნივერსიტეტის იმჟამინდელი რექტორის, აკადემიკოს პეტრე გელბახიანის საქმე, რომელიც 1973 წელს მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს. 1979 წელს ასევე ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს 26 კომისრის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე იუზა კობახიძე და დახვრიტეს. კიდევ ერთი საქმე, რომელიც შევარდნაძის ბიოგრაფიას შავ ლაქად მიჰყვება, ჟურნალისტ ნაზი შამანაურის საქმეა, რომელიც 1982 წელს ჩარგალში "ვაჟაობაზე" სიტყვით გამოვიდა და შევარდნაძის პირისპირ ამხილა მაღალჩინოსანთა ბოროტმოქმედება. შამანაური ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტეს. ჟურნალისტი ერთ წელიწადში გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა.
"შოკი იყო საჭირო"
1977 წლის 23 ივლისს "დინამოს" სტადიონზე ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ვოროშილოვგრადის "ზარია" ხვდებოდნენ. დინამოელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყვნენ და მოგება პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. მატჩს დაახლოებით 60 ათასი კაცი ესწრებოდა. არბიტრმა, რომელიც სტუმართა უხეშ თამაშს "ვერ ამჩნევდა", საჯარიმოში ერთ-ერთი დინამოელის დაცემის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ თერთმეტმეტრიანი დაენიშნა, მატჩი დროზე ადრე დაასრულა. აღშფოთებული მაყურებელი მინდორზე გავარდა. ხალხი მიიჩნევდა, რომ მსაჯები დინამოელებს მოსკოველი ჩინოვნიკების მითითებით ავიწროებდნენ, რათა სსრკ-ის ჩემპიონატში თბილისელებს არ გაემარჯვათ. გულშემატკივარი მოედანსა და ტრიბუნებს არ ტოვებდა. იყო საშიშროება, რომ მოსკოვი ხალხის დასაშლელად ჯარს გამოიყენებდა. ყველასთვის მოულოდნელად, შევარდნაძე სამთავრობო ლოჟიდან მინდორზე გადავიდა. მოგვიანებით შევარდნაძე იხსენებდა: "საჭირო იყო შოკის მომგვრელი მოქმედება. იძულებული გავხდი, ტრიბუნიდან პირდაპირ ხალხში გავსულიყავი, ამას ნამდვილად არავინ ელოდა. "ბიჭებო - მივმართე მათ, - ხომ ხედავთ, თქვენთან ვარ, მსაჯებს კი ჩვენ მოვუვლით", - ეს ვთქვი და გასასვლელისკენ გავემართე. ჩემთვის მოულოდნელად, ეს უზარმაზარი მასა გამომყვა. გადაჭარბების გარეშე უნდა ვთქვა: იმ დღეს, სტადიონზე დიდი სისხლის ღვრა ავიცილეთ".
1978 წლის 14 აპრილი
1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ, გაჩნდა გეგმა, რომელიც საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევას და სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსულის გამოცხადებას ისახავდა მიზნად. ამ განზრახვას ქართველი საზოგადოება მასშტაბური პროტესტით წინ აღუდგა. 1978 წლის 14 აპრილს მასობრივი გამოსვლები დაიწყო. ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა. კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე ვითარების განსამუხტად ხალხთან გავიდა. პარალელურად მიდიოდა მოლაპარაკება კრემლთან, რომლის მესვეურებსაც ორი გამოსავალი რჩებოდათ—- სისხლის ღვრა ან დათმობა. კრემლმა დათმო. გოგა ხაინდრავა ამ პროცესის ერთ-ერთი მონაწილეა: "ის, რომ მასობრივი პროტესტი თავისით დაიბადა საზოგადოებაში და ქუჩებში გამოვიდა, დიდი მითია. ეს იყო ინსპირირებული რესპუბლიკის ცეკადან და ჩემი აზრით, ამას სათავეში შევარდნაძე ედგა. შევარდნაძეს ეს ყველაფერი კარიერისთვის სჭირდებოდა თუ ეროვნული ინტერესები ამოძრავებდა, ამაზე ყველას თავისი პასუხი აქვს. მე მიმაჩნია, რომ შევარდნაძის საქციელს სწორედ ეროვნული სულისკვეთება ახლდა".
"ამას ზურგიდან ვერ მოვიცილებ"
შეეძლო თუ არა შევარდნაძეს "თვითმფრინავის ბიჭების" გადარჩენა, თუნდაც მაქსიმალური პატიმრობის შეფარდებით? ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია. როგორც თვითმფრინავში მოკლული სოსო წერეთლის დედა იხსენებს, საქართველოში 90-იან წლებში დაბრუნებული შევარდნაძე მას და მის მეუღლეს შეხვდა და უთხრა: "მე ბევრი კარგი გავაკეთე, შეიძლება ბევრი ცუდიც, მაგრამ ეს ისეთი რამ ჩავიდინე ("თვითმფრინავის ბიჭების" ამბავს გულისხმობდა), რომ ისე ჩავალ მიწაში, ამას ზურგიდან ვერ მოვიცილებ". თუმცა, ამასთანავე, ყველა ინტერვიუში, სადაც კი ამას შეეხებოდა ლაპარაკი, ამბობდა, რომ ბიჭების დახვრეტა საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო და მას არაფერი შეეძლო. ნათელა მაჭავარიანი, გეგა კობახიძის დედა: "შევარდნაძის, რომელმაც ერთადერთი შვილი დამიხვრიტა, შემნდობად ვერ გამოვდგები. ჩემი პატიება არც სჭირდება, ალბათ. სადაც წავიდა, იქ შეუნდოს ღმერთმა"
"ქუთაისელი კომკავშირელი"
1985 წელს შევარდნაძე სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს. უკიდურესად კონსერვატორი და "მისტერ არად" წოდებული გრომიკოს შემდეგ შევარდნაძესთან ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებისთვის ლამის კულტურულ შოკად იქცა. საბჭოთა მინისტრი იღიმებოდა, იცინოდა! წარმოიდგინეთ, ხუმრობდა კიდეც! ამერიკის სახელმწიფო მდივან შულცთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტმა ქალმა შევარდნაძეს ჰკითხა: - ხვალ კვირაა, როგორ აპირებთ დასვენების დღის გატარებასო? - რაზეც შევარდნაძემ სიცილით უპასუხა, - გააჩნია, თქვენ რას შემომთავაზებთო? ერთხელ იმავე შულცს კავკასიური ხანჯალი აჩუქა და უთხრა, - აი, ჩვენ განვიარაღდით, ახლა კი თქვენი ჯერიაო! კრემლში მას "ქუთაისელ კომკავშირელს" ეძახდნენ, რომელმაც ყველაზე მეტი მტერი სამხედროებს შორის გაიჩინა. ის საჯაროდ ამბობდა, რომ სიღარიბე და ტექნიკური ჩამორჩენა გაცილებით მეტად ემუქრებოდა სახელმწიფოს, ვიდრე ერთად აღებული ამერიკის რაკეტები.
მან გორბაჩოვთან ერთად, ფაქტობრივად, წერტილი დაუსვა "ცივ ომს", უდიდესი წვლილი შეიტანა 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრევასა და ახალი ევროპის ფორმირებაში. თუმცა, "დიად საბჭოეთში" დაწყებულმა "პერესტროიკამ" კრახი განიცადა - საბჭოთა კავშირი დაიშალა. სამხედროებმა და ძველმა კომუნისტებმა 1991 წლის აგვიტოში პუტჩის მოწყობა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ. ქუჩაში გასული მოსკოველები სკანდირებდნენ: "დემოკრატია, შევარდნაძე!" - შევარდნაძე ბარიკადებზე მათთან ერთად იდგა. ის დემოკრატიის სიმბოლოდ იქცა, თუმცა, საბჭოთა კავშირის შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოლა.
დაბრუნება
"1992 წლის 7 მარტს ჩვეულებრივი სარეისო თვითმფრინავით მოსკოვიდან თბილისში გამოვფრინდი. იმ დღეს ჩემი მეუღლის, ნანულის დაბადების დღე იყო. დილით, როგორც ყოველთვის, მივულოცე. - ეს შენი დაბადების დღეცაა, - მიპასუხა, - დღეს ყველაფერს თავიდან იწყებ. - არა, ეს მხოლოდ გაგრძელებაა, - ვუთხარი", - იგონებს ედუარდ შევარდნაძე. საზოგადოების ნაწილს დღემდე მყარად სწამს, რომ ქვეყანაში 1991 წლის სისხლიანი მოვლენებისა და გამსახურდიას ჩამოგდების უკან შევარდნაძე იდგა.
თვითონ ამას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა, აღიარებდა, რომ გამსახურდია არ მოსწონდა. ამ დროს საქართველო სამოქალაქო ომში იყო გახვეული, უშუქობასა და უგაზობას გახშირებული დანაშაულები და განუკითხაობა ემატებოდა. თუმცა, შევარდნაძემ ნელ-ნელა მოახერხა და ჯერ გადატრიალების მოთავეები: სიგუა, კიტოვანი და იოსელიანი მოიშორა თავიდან და ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნა დაიწყო, შემდეგ კი ნელ-ნელა კრიმინალური ვითარებაც შედარებით გააუმჯობესა. ამ პერიოდში მოხდა რამდენიმე პოლიტიკური მკვლელობა, ორჯერ თვითონ იქცა თავდასხმის სამიზნედ.
ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება ქვეყნის ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრება, როგორიცაა: გაერო, ევროსაბჭო, ეუთო და ა.შ., ასევე ქვეყნის დასავლური კურსი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი.
აფხაზური ხაფანგი
"უპატიებელ შეცდომად მიმაჩნია, აფხაზეთის ომი თავიდან რომ ვერ ავიცილე. არადა, ეს შესაძლებელი იყო", - ამის შესახებ ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ბოლო წლებში ხშირად ლაპარაკობდა. თუმცა, აუცილებლად დასძენდა, რომ კიტოვანის გვარდიის სოხუმში მასთან შეუთანხმებლად შესვლის შემდეგ პროცესის გასაჩერებლად საკმარისი ლეგიტიმაცია და ძალაუფლება არ ჰქონდა. ამავე დროს, საზოგადოების ნაწილი სწორედ შევარდნაძეს ადანაშაულებდა ისეთი ხელშეკრულების გაფორმებაში, რასაც სოხუმიდან ჯავშანტექნიკისა და არტილერიის გაყვანა და საბოლოოდ, აფხაზეთის დაკარგვა მოჰყვა. თუმცა ამავე დროს, ხაზს უსვამენ შევარდნაძის პიროვნულ თვისებებს ომის ქარცეცხლში ყოფნისას.
გოგა ხაინდრავა: "გაგრის დაცემიდან ორიოდე დღეში დამნიშნეს სახელმწიფო მინისტრად და სოხუმში ჩავფრინდი. გაგრა სასაკლაოდ იყო გადაქცეული... ქართული ჯარი განთიადში იყო გამაგრებული. იქ იყვნენ გია ყარყარაშვილიც და პაატა დათუაშვილიც. დემორალიზებულ სამხედროებს გამხნევება სჭირდებოდა, შევარდნაძემ თქვა, განთიადში უნდა გავფრინდეთო. მაშინ ჰაერს გუდაუთის ბომბორას სამხედრო აეროპორტი აკონტროლებდა, მათთან შევათანხმეთ და გავფრინდით. შევხვდით ჯარისკაცებს, მეთაურებს. მოვიდა გამოფრენის დრო და "ბომბორას" აეროპორტიდან გვეუბნებიან, უსაფრთხოების გარანტიას ვერ მოგცემთ, ამიტომ ხმელეთით უნდა გამოხვიდეთო, რაც იმას ნიშნავდა, რომ რუსეთში უნდა გადავსულიყავით. შევარდნაძემ მფრინავს დაუძახა, ცხონებულ ჯიმი მაისურაძეს, და ჰკითხა, რომ არ ჩამოგვაგდონ, რამდენი პროცენტიაო, იმან უპასუხა, 30%-ო, მაშ, წავიდეთო! - თქვა და წავიდა ვერტმფრენისკენ. დღესაც არ ვიცი, როგორ გადავრჩით, მოწინააღმდეგემ ისეთი მანევრი გააკეთა, რომ საავარიო ვითარებაში აღმოვჩნდით, ფაქტობრივად, ტრიალ-ტრიალით წავიდა ვერტმფრენი დაბლა, წყლისკენ. ამ არეულობაში შევარდნაძეს შევხედე, მშვიდად იჯდა, ოდნავ გაფითრებული ხმას არ იღებდა, არ განძრეულა, კუნთიც არ შესტოკებია... რაღაც სასწაულით მოახერხეს მფრინავებმა და ზღვის ნაპირზე, პირდაპირ პლაჟზე ავარიულად დასვეს ვერტმფრენი".
"არსად წავალ"
2003 წელს, "ვარდების რევოლუციისას" საზოგადოებაში იყო მოლოდინი, რომ შევარდნაძე არ დათმობდა ძალაუფლებას და პროტესტს ჩაახშობდა. თუმცა 23 ნოემბერს, აქციის ლიდერებთან მორიგი შეხვედრის შემდეგ, შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. კობა ნარჩემაშვილი შევარდნაძის ხელისუფლების უკანასკნელი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო: "შევარდნაძე ფიქრობდა, რომ სააკაშვილი და ჟვანია სწორედ ზოგიერთმა დასავლელმა პარტნიორმა წააქეზა. აქციების პირველი დღიდანვე ამბობდა, ჩავალ და დაველაპარაკები პროტესტანტებსო, თუმცა, ვიღაცები კატეგორიულად შეეწინააღმდეგნენ. ერთ დილას დაცვასთან ერთად პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ხალხთან გავიდა. ეს მოულოდნელობა იყო იმჟამინდელი ოპოზიციის ლიდერებისთვის, ისინი ამას არ ითხოვდნენ. მახსოვს, ვუთხარი - თუ ქვეყნიდან წასვლას გადაწყვეტთ, პრობლემა არ არის-მეთქი, რაზეც მიპასუხა, საქართველოდან არსად წავალ, არავითარ შემთხვევაში არ ვიქცევი დესტრუქციულ ფიგურად, რომელიც ქვეყნის გარეთ იცხოვრებს და ქვეყანაში შეეცდება პრობლემების შექმნასო!"
მოკლედ, დადგა შევარდნაძის შემოდგომა და როგორც ერთ დროს მან დაიკავა მჟავანაძის ადგილი, 2003 წელს მისი ადგილი მისმა მოწაფეებმა დაიკავეს.
ნათია დოლიძე