სააკაშვილი, უნაგირი და ჩვენ
ცოტა ხნის წინ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: მე უუნაგირო ცხენი ვარო.
უფ, მოვკვდი და აღარ დავრჩი. ძალიან ვიდარდე. მერე კომპიუტერთან დავჯექი, რომ გული გადამეყოლებინა და ვნახე ვინ როგორ აფასებდა მიხეილ სააკაშვილის ამ ნათქვამს:
მწარე "ნაციონალი" - გენაცვალეთ ბატონო პრეზიდენტო, ოღონდ თქვენ თქვით და თქვენთვის უნაგირიც ვიქნები, მათრახიც და უზანგობასაც კი შევითავსებ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი - სააკაშვილისთვის უნაგირი საქართველო იყო. სწორედ მისმა მხრებმა ზიდა ეს ქვეყანა. როგორ მენატრებით, ბატონო მიხეილ, ჩემთვის ისევ პრეზიდენტი ხართ...
"ქართული ოცნების" წევრი - უნაგირიო, ვითომ საქართველო იგულისხმა. საქართველო როდის აქეთ გახდა უნაგირი?! უუნაგიროსი რა გითხრა, მაგრამ კენტავრი კი ხარ
ქართველი ექსპერტი - უნაგირი ეს ოდითგანვე ცნობილი სიტყვაა. ბევრი დანიშნულება შეიძლება მივანიჭოთ. ზოგადად, მოგეხსენებათ რომ უნაგირთან ერთად იყენებენ მათრახს. ეს მიუთითებს სააკაშვილის სექსუალურ გადახრებზე, სადაც ის მათრახებით ერთობოდა.
ქართველი უფლებადამცველი - იმაში, რომ პრეზიდენტმა უნაგირი იხმარა, ცხენების დისკრიმინაციის ფაქტი იკვეთება. ეს საგანგაშო ფაქტია და ომბუდსმენისგან ვითხოვთ მაქსიმალურ ყურადღებას
ევროპარლამენტარი - საქართველოს პრეზიდენტი მუდამ გამოირჩეოდა საინტერესო გამოთქმებით, ამ კატეგორისაა ეს გამოთქმაც (მიუბრუნდება და იქვე მდგომ თანაშემწეს ეკითხება - უნაგირი რაა?!)
მაია ასათიანი - რა განცდაა უუნაგირო ცხენობა?!
გიორგი მარგველაშვილი - ექს-პრეზიდენტის ამ განცხადებაში როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, მხოლოდ სასაცილო დეტალებს უნდა ვხედავდეთ.
ყანწიანი ქართველი - ჯერ კიდევ შოთა წერდა, "ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ უნაგრისა"-ო. უკვე იმ დონეზე დავეცით, რომ "ვეფხისტყაოსნიდან" ამოღებულ სიტყვებს ასე ჰარიჰარალეზე ვიყენებთ?! აი ესაა თქვენი ევროპა.
თინეიჯერი - აუ, უნაგირი ძაან მაგარი რაღაცაა. ადრე ვიჯექი. იცი, როგორ იყო ამ უნაგირის ქვეშ რაღაც დარბოდა და იმაზე იდო ეს. აუუუ, ძაან მაგარი იყო.
ქართველი ჟურნალისტი - ჩვენ ვეცადეთ ინფორმაცია გადაგვემოწმებინა, მაგრამ უნაგირი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.
ჯგუფი "ბანი" - ისე, კარგი ტამტამი გამოვა უნაგირისგან