მამა ვიტალი - ჩვენი დროის კიდევ ერთი დიდი წმინდანი
I ნაწილი
ჯერ კიდევ იოანე საბანისძე მოიხსენიებდა ქართულ ეკლესიას `დედად წმიდათა~, რადგანაც მის წიაღში არა მხოლოდ ქართველი, არამედ სხვა ეროვნების ადამიანებიც კი შობილან და გაბრწყინებულან ქრისტეში. ამიტომაც ეწოდა სპარს ევსტათის მცხეთელი, ხოლო არაბ აბოს თბილელი. ასეთი შემთხვევა მრავლადაა ქართულ ისტორიულ სინამდვილეში.
დღეს კი იმ ადამიანზე გვინდა გესაუბროთ, რომლიც ჩვენს სინამდვილეში, ჩვენ გვერდით ცხოვრობდა და სულ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მის შესახებ წიგნიდან შევიტყვე – სამწუხაროდ, მე არასოდეს მინახავს იგი პირადად, ისევე, როგორც მამა გაბრიელი. ჩვენი დროის ბერებიდან მხოლოდ მამა იოსების, მამა გიორგისა და მამა ამბროსისთან შეხვედრის ბედნიერება მომანიჭა უფალმა და ოდესმე მათ შესახებაც აუცილებლად დავწერ. ახლა კი მამა ვიტალი სიდორენკოზე ვწერ – უკრაინელი წარმოშობის ბერზე, რომლის საფლავიც დღესაც მზესავით ათბობს თბილისს.
მამა ვიტალის დედა მორწმუნე ადამიანი იყო. ამიტომაც მთელი თავისი ფეხმძიმობის განმავლობაში ევედრებოდა უფალს: ისეთი შვილი მომეცი, შენთვისაც სათნო იყოს და ხალხისთვისაცო. რა მოკლე და რა მრავლისმთქმელი ლოცვაა – ყველაფერს მოიცავს, რაც შეიძლება დედამ ისურვოს და ინატროს შვილისათვის. ლოცვის პასუხად ორი მზე იხილა და მოესმა: ერთი მზე შენს საშოშიაო. 1928 წელს სოფელ ეკატერინოვკაში დაიბადა ჩვილი, რომელმაც მართლაც მზესავით გაათბო XX საუკუნის ნაცრისფერი ფერებით ჩამუქებული სასტიკი ყოფა. შობისთანავე გამოირჩეოდა, რასაც გარშემო მყოფნიც გრძნობდნენ: 8 დღისა მონათლეს. ნათლობისას იღიმებოდა და ემბაზში ფეხზე იდგა; 40 დღისა რომ შეიყვანა მღვდელმა საკურთხეველში, ისეთი მადლი წამოვიდა ჩვილიდან, მღვდელი გამოვიდა და თქვა, ეს ბავშვი დიდი ადამიანი იქნებაო. დედამისს ხშირად ესმოდა, როგორ გალობდნენ მის აკვანთან ანგელოზები. . . ოთხშაბათსა და პარასკევს რძეს პირს არ აკარებდა, ხოლო ხორცის ჭამა პატარაობაშივე აიკრძალა.. ეკლესიის ზარების ხმას რომ გაიგებდა, ყველაფერს ტოვებდა და ტაძრისაკენ გარბოდა.
მერე კითხვა ისწავლა და უსაყვარლეს წიგნს, სახარებას, გამუდმებით კითხულობდა. სულ თან დაჰქონდა, სკოლაში ბავშვებს უკითხავდა, სოფელშიც მოხუცებს მხოლოდ ამაზე ესაუბრებოდა. ერთხელ Bბაპტისტ ქალს შეხვდა და მისი მოქცევა სცადა. საუბარში თავზე დაათენდათ. ქალი რომ ვერ დაარწმუნა, უთხრა, ვილოცებ, უფალმა სასწაული მოგივლინოს, იქნებ, ამით მაინც დარწმუნდე და სიმართლისაკენ მოიქცეო. შებრუნდა და ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაიწყო ლოცვა. უცბად, ხატი გაბრწყინდა. ქალმა აღიარა ჭეშმარიტება. მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ასევე, ჯერ კიდევ ბავშვმა, ეზოს ბოლოში, ბუჩქნარში, ორმო ამოთხარა და მთელი დღე იმ ორმოში ლოცულობდა ხოლმე.
მერე, როცა წამოიზარდა, იმ დროისათვის გაუგონარი რამ ჩაიდინა – საბჭოთა პასპორტი დახია. მან უკვე იცოდა, რა სურდა და რა გზას უნდა გაჰყოლოდა.
მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში აღდგა ეკლესიებში წირვა-ლოცვა, გაიხსნა და განახლდა უამრავი მონასტერი. ომის შემდეგ გაიხსნა ყოვლადწმინდა სამების სერგიევის ლავრაც. ვიტალი სწორედ ამ ლავრაში წავიდა და მის აღდგენა-აღმშენებლობაშიც მონაწილეობდა. მაგრამ, რადგან საბუთები არ ჰქონდა, ბერებმა გლინის უდაბნოში წასვლა ურჩიეს, რომელსაც არსებობის ოთხსაუკუნოვანი ისტორია ჰქონდა. ეს უდაბნო რუსეთის სულიერ მდელოს წარმოადგენდა, ოპტინის უდაბნოსთან ერთად. 1922 წელს დაკეტეს და გაძარცვეს. მსოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს მისცეს ბერებს უდაბნოში დაბრუნებისა და დავანების უფლება. სწორედ აქ ისწავლა ვიტალიმ ჭეშმარიტი ბერული ცხოვრება და ქრისტიანული სათნოებანი. აქ მოიხვეჭა განუწყვეტელი ლოცვის მადლი. მაგრამ პასპორტის გარეშე აქაც არ გააჩერებდნენ დიდხანს, ამიტომაც გაერიდა ამ ადგილსაც და რუსეთის სიწმინდეების მოლოცვა დაიწყო. ყოველთვის თან დაჰყვებოდა მორწმუნე ადამიანების კრებული. იჭერდნენ, სცემდნენ, დასცინოდნენ, ლანძღავდნენ. . . ერთხელ ისე სცემეს, რომ მკვდარი ეგონათ და მორგში გადაიყვანეს, მაგრამ გადარჩა. ტუბერკულიოზსაც გადაურჩა – არადა, უკვე ფილტვები ეშლებოდა. საავადმყოფოში არაფერს ჭამდა, ყველაფერს სხვებს ურიგებდა, ღამით დგებოდა და სნეულებისათვის ლოცულობდა. გადარჩა. მომლოცველობისას, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის გლინის უდაბნოში ბრუნდებოდა თავის საყვარელ მოძღვართან, სულით გაძლიერდებოდა და კვლავ თავის გზაზე მიეშურებოდა.
ერთხელ, მორჩილად ყოფნისას, ერთი მონასტრიდან მეორეში საცალფეხო ბილიკით მიდიოდა. როგორც ჩვეოდა, ფსკვნილზე ლოცულობდა. უცებ თავი ასწია და დაინახა, რომ იმავე ბილიკზე მის საპირისპირო მხარეს უშველებელი დათვი მოდიოდა. ლოცვა გააძლიერა და გაიარა. დათვი კლდეზე აბობღებულა და ისე დაუთმია მისთვის გზა. როცა გაუვლია და უკან მოუხედავს, დაუნახავს, რომ დათვი ჩამობობღებულიყო და თავს უქნევდა.
მერე ხრუშჩოვის პერიოდი დაიწყო. გაძლიერდა ეკლესიის დევნა. 1961 წელს გლინის უდაბნო ხელმეორედ დახურეს. ბერებმა ვიტალიც ბერად აღკვეცეს, სახელად ბენედიქტე უწოდეს და აფხაზეთში გამოამგზავრეს. ასე მოხვდა ვიტალი საქართველოში. აფხაზეთის მთებში მრავალი ბერი მოღვაწეობდა, მათ შორის, რუსეთის ეკლესია-მონასტრებიდან ხელისუფლების მიერ გამოყრილი ბერებიც. ვიტალი საოცარი მოშურნეობით შეუდგა ბერულ გზას. საოცარი თავმდაბლობითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. ერთხელ, ზამთარში, პური გამოაცხო. კურთხევა ჰქონდა, სულიერი ძმისათვის მიეტანა, რომელიც მონასტრიდან შორს მუშაობდა. გარეთ თოვლი იყო. არადა, ჩექმა მონასტერში მხოლოდ ერთი წყვილი ჰქონდათ და ისიც უკვე სხვას ჩაეცვა. მამა ვიტალიმ ნავთით დაიზილა ტერფები, სახვევები შემოიხვია და ასე გაუყვა გზას დიდ თოვლში.
ხელისუფლებისათვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის მთებში მრავალი ბერ-მონაზონი მოღვაწეობდა. 1969 წელს უშიშროების წარმომადგენლებმა შვეულმფრენის საშუალებით გადაჩხრიკეს მთები, მონასტრები და ცალკეული სენაკები აღმოაჩინეს, დაარბიეს და ბერები დააპატიმრეს. მამა ვიტალი მაშინ შემთხვევით სხვაგან იყო წასული და დაპატიმრებას გადაურჩა. (გაგრძელება)