ლევან ვასაძე: "კულტურული და ეკოტურიზმი უნდა განვავითაროთ და არა ორგიების ტურიზმი"
"80-იან წლებში, სოხუმი და გაგრა ჩვენთვის "კაზანტიპი" იყო... ჩვენ გავირყვენით, გავიხრწენით და ამის გამო დავისაჯეთ..."
"როგორ იქნება კაზანტიპი მენტალობაზე მორგებული? ყაბალახებში ჩაცმულები გაიკეთებენ ნარკოტიკს თუ ჩოხა-ახალუხით იხტუნებენ ბატუტზე?!"
"ეს შეურაცხმყოფელია როგორც სამეგრელოსთვის, ისე მთლიანად საქართველოსთვის"
მთავრობის ადმინისტრაციასთან, 19:30 საათზე, "კაზანტიპის" ფესტივალის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორი ბიზნესმენი ლევან ვასაძე იყო. მოგვიანებით, მან ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა განაცხადა, რომ სამოქალაქო პეტიციას, რომელიც "კაზანტიპის" ფესტივალს აპროტესტებს, უერთდება.
ლევან ვასაძე, ბიზნესმენი:
- მე არ ვარ ამ აქციის ორგანიზატორი. მე პეტიციის საინიციატივო ჯგუფის წევრი ვარ და მიმაჩნია, რომ ეს ფესტივალი არ უნდა ჩატარდეს.
- რატომ არის მიუღებელი თქვენთვის ეს ფესტივალი?
- იმიტომ, რომ ეს მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი არ არის. ეს კვაზისექტანტური ორგანიზაციაა, სადაც ნარკოტიკების მასობრივ მოხმარებასა და ჯგუფურ გახრწნილებას აქვს ადგილი. ეს სისაძაგლე სჭირდებათ იმ ქვეყნებს, რომელთაც სხვა არაფერი აქვთ შესათავაზებელი ტურისტებისთვის. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ქვეყანა, ზღაპრული ბუნებით, პოტენციალით და კულტურული და ეკოტურიზმი უნდა განვავითაროთ და არა ორგიების ტურიზმი.
- მიგაჩნიათ, რომ ორგიები და ნარკოტიკების მასობრივი მოხმარება დაშვებული იქნება?..
- კი არ მიმაჩნია, ვიცი, რომ იქნება. თქვენ გჯერათ, იმის, რასაც ისინი ჰყვებიან - უბრალოდ "სკუტერებით" ვსეირნობთ და ბატუტზე ვხტუნაობოთ?.. ყველამ იცის, რომ ნარკოტიკების მასიური მოხმარება და სექსუალური ორგიები იქნება, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს და პრინციპებს, ეს შეურაცხმყოფელია როგორც სამეგრელოსთვის, ისე მთლიანად საქართველოსთვის. გაოგნებული ვარ, - რატომ ვაკეთებთ ამას?!.. ეს თავის დროზე "ნაციონალების" პროექტი იყო, მათი ინიციატივით დაიწყო ამაზე საუბარი და მიკვირს, ამ მთავრობამ რატომ უნდა გააგრძელოს ეს პოლიტიკა.
- ხელისუფლების განცხადებით, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია, დასჯადი იქნება ფესტივალზეც...
- თავისუფალი სექსი არ ისჯება კანონით. გარდა ამისა, ერთ ამბავს გიამბობთ, - ყოველ წელს ვისვენებ ჩემს საყვარელ კიკეთში, სადაც ტარდება ასეთივე ფესტივალი, უბრალოდ ბევრად უფრო მცირე მასშტაბის, "Kiketi Open Air" და ლამის ყოველ ღამე სასწრაფო სასწრაფოზე მოდის, ზედმეტი დოზისგან და გულის რევისგან გათიშული ახალგაზრდები, ლამის ეშელონებით გაჰყავთ. ეს ყოველწლიურად მეორდება და ასეთ რამეებში პატრული არ ერევა, რადგან უფრო "ზემოთ" წყდება ყველაფერი. ფაქტია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებებს ვიღაც აფარებს ხელს.
- თავიდანვე ითქვეს, რომ ეს ადგილობრივ მენტალობაზე მორგებული იქნებოდა...
- მაინც როგორ, ყაბალახებში ჩაცმულები გაიკეთებენ ნარკოტიკს თუ ჩოხა-ახალუხით იხტუნევებენ ბატუტზე?!. აბა რას გეტყვიან, ნარკოტიკებს გავიკეთებთ და სექსუალურ ორგიებს მოვაწყობთ და თუ შეიძლება შეგვიშვითო?
- ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლა საკმაოდ ძვირი ღირს, ბატონო ლევან...
- კი ბატონო, მაგრამ რა ძვირი ეს არის, ათასობით ახალგაზრდა 600 ლარს გადაიხდის, შევა, მოიხმარს ნარკოტიკს, გაირყვნება სექსუალურად, შემდეგ კი გამოვა და ისეთი ცხოვრებას გააგრძელებს დანარჩენ საქართველოშიც.
- თქვენ განაცხადეთ, "კაზანტიპად" რომ იქცა აფხაზეთი და ყირიმი, ამიტომაც დაიკარგაო. რა იგულისხმეთ?
- დიახ, მესმის, რომ ეს ბევრისთვის გაუგებარია. მე ვთქვი, რომ 80-იან წლებში, სოხუმი და გაგრა ჩვენთვის "კაზანტიპი" იყო. მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ათეისტისთვის ეს გაუგებარია. დიახ, ჩვენ გავირყვენით, გავიხრწენით და ამის გამო დავისაჯეთ... ვიღაცა მეტყვის, არა ძმაო, ვისზე ნაკლებები ვართ და რატომ არ უნდა გავერთოთო. არ არის ასე. ქვეყნის ვექტორი, საზოგადოების ნარკომანიზაციაზე კი არა, მის გამოჯანრმთელებაზე უნდა იყოს მომართული.
სისულელეა, იმ ვითომ ექსპერტების ნააზრევი, ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაზე. ეკონომიკის აზრზე არ არიან, თორემ რამდენიმე ათასი სლავი "პუტანა" ჩამოვა თუ არა, ეს ჩვენს ეკონომიკაში სურათს ვერ შეცვლის.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)