ჯანსუღ ჩარკვიანი: ”ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენს ქვეყანაში ვინმემ იმღეროს - ”ცისფერების” ქვეყანა ჩოქვით შემოვიარეო” - კვირის პალიტრა

ჯანსუღ ჩარკვიანი: ”ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენს ქვეყანაში ვინმემ იმღეროს - ”ცისფერების” ქვეყანა ჩოქვით შემოვიარეო”

ჩვენს რესპონდენტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ყოველთვის აქვს შეხედულება, რომელზეც დაუფარავად საუბრობს. სოლიდური ასაკის მიუხედავად, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, საოცრად მხნე და ენერგიულია...

- ბატონო ჯანსუღ, რა შეიძლება ითქვას ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულსა და დღევანდელობაზე?

- უნდა ითქვას ის, რაც სიმართლეა: საქართველოში ბოროტების დღესასწაული იყო მთელი ცხრა წლის განმავლობაში. მე ამას ფაშიზმი დავარქვი და ყოველთვის, როცა ამ თემაზე ვსაუბრობ, ჰიტლერის სიტყვები მახსენდება - ”ბედნიერი ვარ, რომ ”ნაციონალური პარტიის” წევრი ვარო!”. ნუთუ არ იცოდნენ ”ნაციონალებმა”, თავიანთ პარტიას ვის სახელს არქმევდნენ? ახლა თავი როგორც უნდა იმართლონ, მაინც ვერ შეძლებენ - უკვე გვიანია! ნუთუ ვინმეს დაავიწყდა მათი ”მოღვაწეობის” მწარე ნაყოფი? - ამ პატარა ქვეყანაში 300 ათასამდე კაცი გაასამართლეს, ციხეები ხალხით იყო სავსე... ახლა იქადნებიან - ჩვენ ისევ მოვალთო. ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ამას ხალხი არ დაუშვებს და თუ დაუშვებს, ესე იგი, საკუთარი ქვეყნის სიკეთე არ გვნდომებია, ესე იგი, ნებას მივცემთ, რომ საქართველო საბოლოოდ გააცამტვერონ!.. ჩემი აზრით, ქართული სახელმწიფო მათ საკმაოდ ლმობიერად ექცევა. მათ შორის დასაპატიმრებელი ძალიან ბევრია. ალბათ, ”ნაციონალებს” ხშირად უნდა გავახსენოთ, როგორ ხოცავდნენ და აწამებდნენ ხალხს და რამდენი უსამართლობა აქვთ ჩადენილი. ახლა გამოდიან და ამ საშინელებების ჩამდენთ იცავენ. როგორც უნდა გიყვარდეს მკვლელობის ჩამდენი, მკვლელის დაცვა მე არ გამიგია! ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი ახლა უცხოეთშია, იქიდან საქართველოს ლანძღავს და თან ტირის: ბილეთის ფული არა მაქვს და რა ვქნა, ვერ მოვდივარო... თანაც, ამტკიცებს - მარტო მე კი არა, ბიძინა ივანიშვილი შევარდნაძესაც ფულს აძლევდაო. ეს ხომ ტყუილია? ივანიშვილი ”ნაციონალებს” მართლა აფინანსებდა და ამის მიზეზი თვითონვე ახსნა: სათავეში ახალგაზრდობა მოვიდა და ვფიქრობდი, იქნებ ქვეყანას რაიმე ეშველოსო. მართლა აფინანსებდა ყველას - მთელ ხელისუფლებას მანამდე, ვიდრე 7 ნოემბერი არ დაატრიალეს და მთელი საქართველო არ გააბითურეს... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ”ნაციონალებს” მარტო ციხის ამბების გამო ეკუთვნით პასუხისგება. სააკაშვილის დაპატიმრებას ვიღაც შეიძლება არ ემხრობოდეს, მაგრამ ასეთი ხალხი საქართველოს არ წარმოადგენს. ამას წინათ ტელევიზიით გადაცემას ვუსმენდი, სადაც ერთმა სტუმარმა თქვა: მე მომხრე ვარ, სააკაშვილი ციხეში კი არ იჯდეს, გისოსებიან მანქანაში ჩასვათ, მთელი საქართველო მოატაროთ და აჩვენოთ ის ოჯახები, რომლებიც ამ ცხრა წელიწადში გაამწარაო. მეც ამის მომხრე ვარ.

- უკვე ექვსი წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, რომლის დაწყებაშიც ოპონენტები სააკაშვილს სდებდნენ ბრალს. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

- იმას როგორ ვიტყვი, რომ საქართველომ დაიწყო ომი! არა, ბატონო, თუ ვიღაც არის შემოსული ჩემს ტერიტორიაზე, ესე იგი, ომი მან დამიწყო, მაგრამ ჩვენი მთავრობა არ უნდა წამოგებულიყო მტრის ანკესზე. რუსებმა ყველაფერი კარგად იანგარიშეს და აღმოჩნდა, რომ ნაძირალა პუტინი უფრო გამჭრიახი და კარგი პოლიტიკოსი ყოფილა, ვიდრე მიშა სააკაშვილი. იქ, სადაც დიპლომატია იყო საჭირო, ჩვენ ძალა გამოვიყენეთ და წავაგეთ. ეს იყო ომი, რომელშიც საქართველო მარცხისათვის იყო განწირული. შუა აზია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბალტიისპირეთი - ყველამ საერთო ენა გამონახა რუსეთთან. რა თქმა უნდა, რუსების პოლიტიკა ბოროტებაა, ისინი დამპყრობლები არიან, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ყველაფერი დიპლომატიური გზებით მოვაგვაროთ, თორემ გადაგვივლიან. ხომ ხედავთ, რა ხდება უკრაინაში? ”ნაციონალური მოძრაობა” გვიკიჟინებს, რატომ არ ემხრობითო, როგორ არ ვემხრობით, მაგრამ რას გვირჩევთ, ბატონო, - ჩავიდეთ უკრაინაში სააკაშვილივით და ვიყვიროთ? სააკაშვილს ახლა თავის გადარჩენა უნდა და იმიტომ დახტის, საქართველოს გადარჩენაზე კი არ ფიქრობს. მსოფლიოში ურთულესი სიტუაციაა და ჩვენი ამოცანა დღეს ეს არის: როგორმე გადავრჩეთ, როგორმე არ წაგვლეკონ! საბედნიეროდ, ახალი მთავრობა უფრო გააზრებულ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ დაპირისპირებითა და შინაური მტრობით შეიძლება ყველაფერი აირიოს. ძმა ძმის მტერიაო - მარტო ქართველს აქვს ნათქვამი, სხვაგან მე ასეთი რამ არ გამიგია, ამიტომ, მთავარია, ერთმანეთს არ ვუმტროთ. ძმას ძმა უყვარდეს, მეგობარს - მეგობარი. თუ ერთად ვიქნებით, ვერავინ მოგვერევა.

- მსოფლიოში მიმდინარე ე.წ. გლობალიზაციის პროცესი ჩვენს რწმენასა და წეს-ჩვეულებებს ძირეულად ეწინააღმდეგება. ქვეყნის გადარჩენა კი, მარტო ფიზიკურ გადარჩენას როდი გულისხმობს...

- მე მახსენდება ჯანო ბაგრატიონის საოცარი სიტყვები: ”ყვავილების ქვეყანა ჩოქვით შემოვიარე!” ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენს ქვეყანაში ვინმემ იმღეროს - ”ცისფერების” ქვეყანა ჩოქვით შემოვიარეო. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი სარწმუნოება და ზნეობა უნდა შევინარჩუნოთ. მით უმეტეს, დღეს ქართველებს საოცარი პიროვნება გვყავს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის სახით. ვინც დღეს ილია მეორის ფასი არ იცის, საცოდავი ადამიანია. ასეთი მოძღვარი იშვიათობაა. დღეს თუ რაიმე გადაგვარჩენს, ეს ჩვენი სარწმუნოება და სიყვარულია. ღმერთი სიყვარულია და სიძულვილით ქვეყანა არსად აშენებულა...

ხათუნა ჩიგოგიძე