"დადგა დრო, თათია მაისურაძემაც თქვას სიმართლე"
ყოფილი მაღალჩინოსნის, ოლეგ მელნიკოვის სკანდალურმა ჩვენებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მან სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის თანამონაწილეობაში თავი დამნაშავედ ცნო, "შარდენ-ბარში" მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და კონკრეტული პირებიც ამხილა. არ არის გამორიცხული, პროკურატურამ სხვა პირებსაც წაუყენოს ბრალი. შესაძლოა, მათ რიცხვში თაკო სალაყაიაც აღმოჩნდეს. ოლეგ მელნიკოვის განცხადებით, სწორედ თაკო სალაყაიამ სთხოვა დათა ახალაიას გირგვლიანის საქმეში "დახმარება".
მელნიკოვის ჩვენებიდან: "ვისხედით მაგიდასთან, "შარდენ-ბარში". თაკო სალაყაიამ უთხრა დათა ახალაიას, გოგოს დახმარება სჭირდებაო (იგულისხმება სანდროს მეგობარი გოგო, რომელიც გვერდით მაგიდასთან იჯდა). რამდენიმე ხანში დათამ დაიწყო სადღაც რეკვა. ხან თავისი ტელეფონით რეკავდა, ხან დონაძის. სწორედ თაკოს თხოვნით დაავალა დათამ თანამშრომლებს ბუხაიძისა და გირგვლიანის წაყვანა. მეც მაჩვენა ორი ბიჭი გვერდით მაგიდასთან, ეს პირები დააკავეო".
მელნიკოვი აცხადებს, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დათა ახალაია ზურაბ ადეიშვილსა და მიხეილ სააკაშვილთან ერთად გეგმავდა, როგორ ჩაეხშო საზოგადოების პროტესტი. მისი მტკიცებით, ხელისუფლების ჩინოვნიკებმა ერთად შეიმუშავეს 4 პოლიციელის დაკავების გეგმა. შეთანხმდნენ, რომ შემდეგ მათ პრეზიდენტი შეიწყალებდა. ბრალდებულის თქმით, დათა ახალაიამ წინასწარ დაწერილი ჩვენება გადასცა მას კაბინეტში. ამ ფაქტს ესწრებოდნენ თაკო სალაყაია და გურამ დონაძე, იქვე მოაწერინეს ხელი და ეს ჩვენება წაიკითხა სასამართლოზე. მელნიკოვის მტკიცებით, მიუხედავად სამსახურიდან გათავისუფლებისა, პლასტიკურ ბარათზე ხელისუფლების შეცვლამდე ხელფასი ერიცხებოდა...
მელნიკოვს ადამიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში გაწეული დახმარებისთვის ასამართლებენ. ამ საქმესთან ერთად მას ბრალი 2005 წლის 5 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზეც აქვს წარდგენილი. მაშინაც ოქროყანის სასაფლაოზე კუდ-ის მაღალჩინოსნებმა ორი მეგობარი - ვამეხ აბულაშვილი და კახა დაბრუნდაშვილი აწამეს... ორი ეპიზოდი იმიტომ გაერთიანდა, რომ ორივე საქმეში ერთი და იგივე პირები ფიგურირებენ.
ბრალდებულის თქმით, 2005 წლის ოქტომბერში მართლა სცემეს კუდ-ის ჩინოსნებმა კიდევ ორი ახალგაზრდა, "იმიტომ, რომ დათას მიაყენეს შეურაცხყოფა. მაშინაც საჭესთან მე ვიჯექი, დათა ჩემს მანქანაში იჯდა და ავედით ოქროყანაში. იქ ამოვიდა სამი მანქანა. საუბრიდან ირკვეოდა, რომ ვიღაცამ ახალაიას აგინა და ამიტომ გადაწყვიტეს ამ პირების ცემა. ჩემთან და დათა ახალაიასთან ერთად იქ ვალერიან მეტრეველიც იყო".
კიდევ ერთ საქმეში ფიგურირებენ იგივე პირები: ოლეგ მელნიკოვი, დათა ახალაია, გერონტი ალანია და სოსო თოფურიძე. ისინი ბრალდებული არიან პოლიციის თანამშრომლების: მალხაზ აზარაშვილის, დავით კურცხალიასა და ზაზა მესხის ცემაში. ამ ფაქტს წინ უძღოდა რესტორან "ძველ ქალაქში" ინციდენტი. რესტორანში პოლიციელებმა ვანო მერაბიშვილის მეუღლეს, თაკო სალაყაიას, შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციელები მოდულში აიყვანეს და სცემეს. ამ საქმეზე მელნიკოვს 5 წელი უკვე მიესაჯა. ახლა ახალი განაჩენის მოლოდინშია.
სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი:
- მელნიკოვის ნათქვამში ჩემთვის დიდი სიახლე არაფერია. ცხონებული ჩემი მეუღლე ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა, რომ სანდრო დაკვეთით მოკლეს. დამკვეთი უფრო მკაცრად დასასჯელია, ვიდრე შემსრულებელი.
- თქვენი აზრით, რატომ ალაპარაკდა დღეს მელნიკოვი?
- შეიძლება იფიქრა, რატომ უნდა დავისაჯო მარტო მე და არა ისინიც, ვინც ამ საქმეში მთავარიაო... სალაყაიას დავალება ახალაიამ მაშინვე შეასრულა. იქვე იყვნენ სანოძე, დონაძე, ასევე ამ დანაშაულის სხვა მონაწილეებიც.
- "ნაცმოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ მელნიკოვს ჩვენება მუქარით გამოსძალა პროკურატურამ.
- ტყუილია. ჩემი შვილის მკვლელობის საქმე მესამე დღეს გაიხსნა. მაშინ ყველა მტკიცებულება ჰქონდათ, მაგრამ სალაყაიას მეუღლე, ვანო მერაბიშვილი იყო პირველი, ვინც ეს დანაშაული დაფარა. მერე ამაში ჩაერთვნენ ადეიშვილი, სააკაშვილი. დღეს კიდევ ბევრს ლაპარაკობენ "ნაციონალები", ნუთუ არ რცხვენიათ? ამდენი წელი გავიდა ჩემი შვილის სადისტური მკვლელობიდან და სინანულიც არ გამოუხატავთ. მერაბიშვილი და გიგი უგულავა უკვე ციხეში არიან, მათ უნდა მიუსხდნენ სხვებიც. უმძიმესი მოსასმენი იყო, როცა დაკითხულ ხალხს ვუსმენდი. ჰყვებოდნენ, როგორ პატივში ჰყავდათ ციხეში ჩემი შვილის მკვლელები, ქალებიც კი შეჰყავდათ მათთან.
- შესაძლოა, მელნიკოვს აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმონ.
- მე მის უმკაცრესად დასჯას ვითხოვ, ის ჩვეულებრივი მკვლელია, რომელიც დაკვეთებს ასრულებდა.
ახლა "ნაციონალებს" იმის ეშინიათ, მელნიკოვმა უფრო მეტი არ თქვას სხვა დანაშაულებზე და ამიტომ არიან გაგიჟებული. შეიძლება სხვა საქმეებიც ამოატივტივოს. დათა ახალაიას სასამართლოზეც ბევრი რამ გამოჩნდება...
მერაბიშვილს უნდა მიუსხდნენ ადეიშვილი, სააკაშვილი, ახალაია და ყველა, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა. მაშინდელი პროკურორი და გამომძიებლებიც. უპირველესად გიორგი ღვინიაშვილი, იგი მაშინ ქალაქის პროკურორი იყო, მის ხელში გაყალბდა საქმე.
- მელნიკოვი ამბობს, თათია მაისურაძემ ანიშნა თაკო სალაყაიას, სანდრო და ლევან ბუხაიძე მომაცილეო.
- მკვლელობის მეორე დღეს თათიამ ყველაფერი გვიამბო. არ ვიცი, შესაძლოა, მელნიკოვი თავისებურად ცდილობს ფაქტის გამართლებას. სასამართლოზე შეიძლება ისევ დაჰკითხონ თათია მაისურაძე და თაკო სალაყაია. ახლა თათიას მიეცა შანსი, თქვას სიმართლე. თუ მაშინ რაღაც დამალა, დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ მასზეც იყო ზეწოლა. ფაქტია, სალაყაიამ მისცა დავალება ახალაიას, ეს ორი კაცი უნდა დაისაჯოსო.
- რა გიამბოთ მაშინ თათიამ?
- როცა თათია სანდროსა და ლევანთან გადაჯდა, სალაყაიას სუფრიდან ერთ-ერთი მიუახლოვდა და უთხრა, თუ გაწუხებენ, მითხარიო. თათიამ უპასუხა, არა, ჩემი მეგობარია, ყველაფერი კარგად არისო. მერე თათია დაბრუნდა თავის სუფრასთან. იქ რა თქვა, არ ვიცი, ეს უნდა თქვას მაისურაძემ... სასაცილოა, გურამ დონაძე რომ თავს იმართლებს. ნუთუ დაავიწყდა რობაქიძის საქმე ან ნავთლუღის ოპერაცია? ის დამნაშავეა და ციხეში უნდა იჯდეს. უნდა ნახოთ, როგორ მიმდინარეობს ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესები, თითქოს ისინი არიან მოსამართლეები, ისე ლაპარაკობენ პროცესზე. ჩვენ კი, როცა ამ მკვლელების სასამართლოებზე დავდივართ, გვეუბნებიან, ჩუმად იყავით, თორემ დაგაჯარიმებთო. ძნელია ჩემთვის აქ სიარული. ისე ცუდად გავმხდარვარ ჩვენების მოსმენის შემდეგ, მიფიქრია, რატომ მოვედი-მეთქი, მაგრამ თავს ძალას ვატან, მე უკვე შინაგანად გადაგვარებული ვარ და მინდა მოვუსმინო ყველაფერს....
- სალაყაიას დასჯას ითხოვთ?
- ყველაზე დიდი დამნაშავე სალაყაიაა. დადგა დრო, მაისურაძემაც თქვას სიმართლე.
არ ვიცი, ისევ მეგობრობს თუ არა სალაყაიასა და სხვებთან, მაგრამ თუ თავს სანდროს მეგობრად თვლის, სიმართლე უნდა თქვას...
"ნაცმოძრაობის" წარმომადგენლების თქმით, მელნიკოვს ჩვენება ძალოვანებმა გამოსძალეს, მას დედისა და შვილის დაჭერით ემუქრებოდნენ. თუმცა, თავად მელნიკოვის დედა, მაგდალენა ბერაძე ამბობს, რომ მის ოჯახზე ზეწოლა არ ყოფილა... ციხეში რომ ინციდენტი მოუხდა, ამას თავად ბერაძეც ადასტურებს და პროკურატურაც. საქმე ეხება ციხეში შვილთან ტანსაცმლისა და საკვების შეგზავნის დროს ციხის თანამშრომლისთვის მიცემულ 10 ლარს, თუმცა, ქრთამის ფაქტზე მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა...
"როცა უკრაინაში იყო დაკავებული ჩემი შვილი და მის სანახავად მივდიოდი, მიღებული იყო ამანათის გადაცემისთვის ფულის ჩუქება. აქ კარგად მომემსახურა ციხის თანამშრომელი და ვიფიქრე, 10 ლარს მივცემ, ხაჭაპურს ან რამეს იყიდის-მეთქი. ეს იყო და ეს", - ამბობს იგი.
რაც შეეხება ოლეგ მელნიკოვის შვილს, ის ამჟამად პატიმარია. საქალაქო სასამართლოში უკვე შესულია განსახილველად ბრალდებულ ბექა აბულაშვილის (ის დედის გვარზეა) საქმე.
პროცესი სექტემბერში გაიმართება. მას რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი: ხულიგნობაში, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში. როგორც მელნიკოვის დედა ამბობს, შვილთან ოლეგს ურთიერთობა არ ჰქონია. მელნიკოვი პირველ ცოლს მაშინ გასცილდა, როცა ბექა წლის იყო.
უკავშირდება თუ არა მელნიკოვის აღიარებითი ჩვენება მისი შვილის დაკავებას, უცნობია. თუმცა, ფაქტია, ამ აღიარების შემდეგ, შესაძლოა, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.
ჩვენ ასევე ვცადეთ თათია მაისურაძესთან დაკავშირებაც, მაგრამ ის ჟურნალისტებთან საუბარზე უარს ამბობს.
თეა ხურცილავა