სერგეენკო: "პაციენტები მიხვდებიან, რომ ცეცხლს ეთამაშებოდნენ"
ქვეყანაში მედიკამენტური პანიკა მძვინვარებს. მოქალაქეების ნაწილი ვალს იღებს, რომ დიდი რაოდენობით წამლები მოიმარაგოს, რასაც სააფთიაქო ქსელების მესიჯებმაც შეუწყო ხელი, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებდნენ წამლები მანამდე შეეძინათ, სანამ რეცეპტების აღება გახდებოდა აუცილებელი. საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ ექიმთან რეცეპტის რიგში დგომა მოუწევთ, ან კიდევ რეცეპტისთვის აუცილებელი დიაგნოზის დასასმელად ჯანმრთელობის გამოკვლევა იმდენად ძვირი დაუჯდებათ, რომ იძულებული გახდებიან ისედაც მცირე შემოსავლები დაზოგონ და ექიმთან არ მივიდნენ. მოქალაქეები ასევე შიშობენ, რომ უმედიკამენტობის ფონზე გაიზრდება სასწრაფო დახმარების გამოძახების რიცხვი, ეს სამსახური კი ვერ უზრუნველყოფს მოთხოვნას და ქვეყანაში კრიზისული სიტუაცია შეიქმნება.
"კვირის პალიტრა" ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ პრობლემებზეც ესაუბრა.
- საზოგადოების დიდ ნაწილში მედიკამენტებზე რეცეპტების შემოღების თემამ აჟიოტაჟი და უკმაყოფილება გამოიწვია...
- ხშირად წამალს სამკურნალო თვისებებთან ერთად აქვს გვერდითი მოვლენები და არადანიშნულებისამებრ მიღების დროს იწვევს ნარკოტიკულ თრობას, ეიფორიას, ასოციალურ ქმედებებს. თუ ადამიანს სჭირდება მკურნალობა, სჯობს, ექიმმა ინდივიდუალურად შეურჩიოს წამალი, ვიდრე პაციენტი იყოს დამოკიდებული არჩევანზე: ენდოს პირად გამოცდილებას, რეკლამას თუ ახლობლის რჩევას. რეცეპტის აუცილებლობა განპირობებულია სწორედ პაციენტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ამასთან, სააფთიაქო ნარკომანია იყო აბსოლუტურად უკონტროლო და კასკადურად მზარდი პრობლემა, რომელმაც, პრაქტიკულად, თაობები გაანადგურა, ქრონიკული დაავადებების მართვა კი გახდა უკიდურესად არაეფექტური. ქრონიკული დაავადების შემთხვევაში მედიკამენტები უნდა მიიღო ხანგრძლივად, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში და სწორად შერჩეული წამლებით დაავადებას მართავ ისე, რომ არ დაიზიანო ორგანიზმი.
თვითმკურნალობის პრობლემა კიდევ ორ ნაწილად იყოფა: ერთი მხრივ, ოჯახის ექიმისა და საზოგადოდ, ექიმის ინსტიტუტი დევალვირებულია, ღირებულება აქვს დაკარგული, მიშვებული იყო თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე, რაც სისტემური შეცდომაა. ამასთან, სამკურნალო საშუალებების რეკლამის მიხედვით პაციენტი თვითონ ირჩევდა, რა წამალი დაელია. ეს ყველაფერი რომ მოგვეგვარებინა, ამიტომაც გადავწყვიტეთ რეცეპტის ინსტიტუტის ამუშავება.
- რამდენად სწორად შეირჩა პრეპარატების ის ჯგუფები, რომლებიც რეცეპტით გაიცემა? ხომ არ იჩქარა ჯანდაცვის სამინისტრომ?
- ჯანდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე დევს მესამე ჯგუფის მედიკამენტების ჩამონათვალი, 3 300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელიც ურეცეპტოდ გაიყიდება.
- მოსახლეობა მაინც შიშობს, რომ რეცეპტი ცხოვრებას გაურთულებს. მოქალაქეები კითხულობენ - ვაითუ, ქუჩაში გავხდი შეუძლოდ, გულის ან ასთმის წამალი მჭირდება, ვერ ვახერხებ, რომ მივიდე ექიმთან, აფთიაქში კი ურეცეპტოდ წამალს არ მაძლევენო.
- მესმის საზოგადოების, სანამ ის ამომწურავად მიიღებს კითხვებზე პასუხს, შიშობს, არადა, ჩვენ გავითვალისწინეთ ბევრი ფაქტორი და გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო ხანმოკლე მოქმედების მედიკამენტები, მაგალითად წნევის დასაწევი, სამკურნალო ჰორმონალური პრეპარატები ურეცეპტოდ გაიყიდება. მეტიც, ასეთი მედიკამენტების შეძენის დროს, რიგში დგომისას ასეთ მოქალაქეებს პრიორიტეტი მიენიჭებათ.
- მაინც გკითხავთ - თუ ვიცი, რაც მაწუხებს, მაგალითად, წნევა და ისიც ვიცი, რა წამალი უნდა დავლიო, ექიმთან მისვლა რეცეპტის გამოსაწერად რა აუცილებლობაა?
- ასეთ შემთხვევაში შემოვიღეთ მრავალჯერადი მოქმედების რეცეპტი, რომელიც გამოწერის მომენტიდან წლის განმავლობაში მოქმედებს და შეიძლება მისი სასურველი სიხშირით მრავალჯერადად გამოყენება. ის მოქალაქე, რომელსაც ქრონიკული დაავადება აქვს, ისედაც უნდა მივიდეს ექიმთან, რომ მოხდეს პრეპარატის დოზის კორექტირება, რადგან წლის განმავლობაში იცვლება ძალიან ბევრი რამ, ასაკი, წონა, თანამდევი დაავადებები და ა.შ. ამ რისკისგანაც დაცული უნდა იყოს მოსახლეობა.
წნევა, არტერიული ჰიპერტენზია, ერთ-ერთი მრისხანე დაავადებაა, რომელსაც "ჩუმ მკვლელს" უწოდებენ. მას ადამიანი რაღაც სტადიამდე ვერ გრძნობს და როცა იგრძნობს, უკვე ძალიან რთული სამართავია. არტერიული ჰიპერტენზია მსოფლიოში კლავს უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე ნებისმიერი სხვა დაავადება ერთად აღებული, ანუ სიკვდილიანობის 51% ამით არის გამოწვეული. საქართველოში ეს მაჩვენებელი 60%-ზე მეტია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნებიდან ამ მხრივ მხოლოდ ლესოტო გვისწრებს. მიზეზთა გამო
საქართველოში მაღალ წნევას განიხილავენ როგორც მაღალ სიცხეს - აქვს სიცხე, დალევს სიცხის დამწევს, აქვს წნევა, დალევს წნევის დამწევს, რაც ყველაზე დელიკატური დეფინიციით ფატალური შეცდომაა.
ჯანდაცვის სამინისტრო ყურადღებით ადევნებს თვალს საზოგადოების აზრს ამა თუ იმ საკითხზე. იყო ისეთი შეხედულებებიც - რად მინდა წნევის წამლისთვის რეცეპტი, ჩემს მეზობელსაც ჰქონდა მაღალი წნევა, იმას ვკითხავ, რა დავლიოო. ვიმეორებ, ეს დიდი შეცდომაა - წნევის სამკურნალო დანიშნულება აუცილებლად საჭიროებს კონკრეტული პაციენტის გასინჯვას და ინდივიდუალურ შერჩევას. ასევე შეცდომაა შეხედულება, როდესაც თვლიან, რომ"მისი ჩვეული წნევაა მაგალითად, 160/100-ზე და ამ წნევაზე კარგად გრძნობენ თავს! არ შეიძლება ადამიანს 140/90-ზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდეს და ეს მისთვის ნორმალური იყოს. არადა, ბევრი ამტკიცებს, რომ მისი ნორმალური წნევა 170-ია. ესეც ფატალური შეცდომაა, რომელსაც გამოუსწორებელ შედეგთან მივყავართ. ეს რომ არ მოხდეს, გაითვალისწინეთ - ოჯახის ექიმთან მისვლა საქართველოს მოსახლეობის 100%-ისთვის უფასოა. 1-ლი სექტემბრიდან ყველას ეძლევა სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევანის უფლება და რიგში დგომის პრობლემა აღარ იქნება.
- ანუ არ მომიწევს რიგში დგომა, თუ საყოველთაო დაზღვევით ვსარგებლობ?
- გეტყვით, რატომ იყო რიგების პრობლემა დღემდე. ჯანდაცვის პროექტები, რომელშიც ფულს იხდიდა სახელმწიფო, მაგრამ მისი მართვა ხორციელდებოდა კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, არ ითვალისწინებდა სამედიცინო დაწესებულების თავისუფალ არჩევანს და არ ხდებოდა პაციენტის ნაკადების მართვა. მაგალითად, თბილისის მილიონნახევრიან მოსახლეობას ემსახურებოდა 17 პოლიკლინიკა, სადაც შეეძლოთ მისვლა ბავშვებსა და პენსიონერებს. უმრავლესობა საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებული იყო და ექიმ-სპეციალისტებთან რიგები იდგა. მაგალითად, თვალის ექიმთან სამკვირიან რიგში უნდა ჩამდგარიყვნენ. ახლა ეს შეზღუდვა აღარ არის და შეუძლიათ მივიდნენ იმ დაწესებულებაში, სადაც სურთ. რაც შეეხება ოჯახის ექიმთან გეგმურ ვიზიტს, საამისოდ რეგისტრაციას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება.
- ოჯახის ექიმის მომსახურება უფასოა, მაგრამ მხოლოდ ის ხომ ვერ დამეხმარება გართულებულ შემთხვევაში...
- ამბულატორიულ პაციენტებში, მოზრდილებში, მთავარი პრობლემა ის არის, რომ მიმართვების მეტი წილი განპირობებულია მაღალი არტერიული წნევით და მის შედეგად გამოწვეული გართულებებით. მოზარდ პაციენტთა ნახევარზე მეტს ზედა სასუნთქი გზების ინფექციები აქვს. სწორედ ეს არის ოჯახის ექიმის მომსახურების სფერო. იშვიათ გართულებულ და სპეციალურ შემთხვევებში შეიძლება ოჯახის ექიმმა პაციენტი გაგზავნოს ექიმ-სპეციალისტთან. ძირითადად, პროცესი უნდა მართოს ოჯახის ექიმმა, სოფლის ექიმმა. დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე საზოგადოება ნაწილობრივ მაინც აღიარებს, რომ ეს ნაბიჯი სწორი იყო. პაციენტთა უმრავლესობა მომავალში მიხვდება, რომ ცეცხლს ეთამაშებოდა თვითმკურნალობით, წამლების არადანიშნულებისამებრ გამოყენებით. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჯდება ჯანდაცვისა და კლინიკური მედიცინის ლოგიკაში, ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უფრო დიდხანს და ჯანმრთელად.
- საზოგადოება ჩივის, რატომ არ მოხვდა ურეცეპტოდ გასაცემი წამლების სიაში ფართო მოხმარების ტკივილგამაყუჩებელი "ნიმესილი"?
- "ნიმესილის" უკონტროლო მოხმარება იწვევს ღვიძლის მძიმე დაავადებებს. "ნიმესილს" აქვს თავისი ადგილი და ის მართლაც ეფექტური მედიკამენტია, მაგრამ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით!
- ამბობენ, რომ წამლები გაძვირდა, თუ არის შემჩნეული ასეთი ტენდენცია? გაძვირების შემთხვევაში რამდენად შეძლებთ პროცესის დარეგულირებას?
- წამლის ფასებს ფარმაცევტული ბაზარი არეგულირებს.
- 1-ლი სექტემბრიდან ვინ ემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას?
- 1-ლი სექტემბრიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს მიენიჭება თავისუფალი არჩევანი სამედიცინო დაწესებულების არჩევაში. დღეისათვის დაახლოებით 400 000 მოქალაქეს არ აქვს არჩევანის თავისუფლება. ესენი არიან მთავრობის 165-ე დადგენილების მიხედვით განსაზღვრული ბენეფიციარები: 0-იდან 5 წლამდე ბავშვები, შშმ პირები, პენსიონერები და სტუდენტები. პირველი სექტემბრიდან ამ კატეგორიის მოქალაქეებსაც მიეცემათ უფლება, მიმართონ ნებისმიერ კლინიკას.
- ბევრი მათგანი ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანიები უარს ეუბნებიან გეგმური ოპერაციებისა და სხვა მკურნალობების დაფინანსებაზე და უცხადებენ, რომ 1-ლი სექტემბრიდან სახელმწიფომ უნდა მიხედოს მათ.
- სამწუხაროდ, ეს პრობლემა არსებობს. თუ რომელიმე ბენეფიციარს აქვს პრობლემა, მაგალითად, სჭირდება გეგმური ოპერაცია, სადაზღვევო კომპანიებს აქვთ უფლება, მაქსიმუმ ექვსი თვე ალოდინონ მათ. არსებული დადგენილების მიხედვით, 1-ელ სექტემბრამდე აღმოცენებული საჭიროების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს სადაზღვევო კომპანიას და ის ვალდებულია 1-ელი სექტემბრის შემდეგაც დაფაროს მკურნალობის ღირებულება. სამწუხაროდ, სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობა ერიდება ამ ვალდებულების აღებას და ცდილობს, მინიმალური დანახარჯებით გავიდეს პროექტიდან. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ირიდებენ ამ ვალდებულებას, ან თუ ჩაიბარებენ ამ მიმართვას, ამის შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდიან და უკვე ორმაგი ხარჯი გვჭირდება მათი ვალდებულებების გასასტუმრებლად. ამიტომაც ცალსახად მივმართავ ყველას, ვინც სარგებლობს მთავრობის 165-ე დადგენილებით, თუკი 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში დაუდგებათ სამედიცინო მომსახურების საჭიროება, მათ უნდა მიმართონ სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც ვალდებული არიან, დაუფინანსონ სამედიცინო მომსახურება.
- რეგიონებში რეცეპტზე მეტად ექიმის არარსებობის პრობლემა აწუხებთ.
- სექტემბრიდან დაიწყება ახალი პროექტი "პოსტდიპლომური განათლების დაფინანსება". ვთქვათ, სტუდენტმა დაამთავრა სამედიცინო სასწავლებელი და დიპლომის შემდგომი განათლება აქვს მისაღები, მაგრამ ფული არა აქვს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო გადაუხდის, ოღონდ იმ პირობით, რომ სამი წლით რაიონში წავა სამუშაოდ.
ჯანდაცვის სამინისტრო მთელი საქართველოს მასშტაბით დააფინანსებს დეფიციტურ საექიმო სპეციალობებს.
რეგიონებში არ ჰყავთ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ქირურგი, მეან-გინეკოლოგი. მაგალითად, რაიონში არის სამშობიარო განყოფილება, მაგრამ სისხლდენით რომ მივიდეს ქალი, ვერაფერს გაუკეთებენ, ვერ დაეხმარებიან, რადგან ანესთეზიოლოგი არა ჰყავთ. ჩვენ გამოვიკვლიეთ, რომელ რაიონში რა სპეციალობა უჭირთ და სელექციურად მოვუმზადებთ სპეციალისტებს.
- 1-ლი სექტემბრიდან ასევე ეხება ცვლილება სასწრაფო დახმარებას. რას ნიშნავს სასწრაფოს ახალი რეგულაციების მიხედვით პრიორიტეტული მომსახურება, ანუ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე წავა დახმარება და მაგალითად წნევიანს არ ან მოგვიანებით მიაკითხავს? ისედაც დღემდე აგვიანებს სასწრაფო დახმარება თბილისში.
- სასწრაფო დახმარების მანქანა გამოძახების ადგილზე არა რიგითობის, არამედ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მივა. პრიორიტეტებს დისპეტჩერები განსაზღვრავენ. დავუშვათ, გამოძახებაა ავტოსაგზაო შემთხვევასა და გაცივებაზე. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ამ შემთხვევაში ავარია იქნება. თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ რომელიმე გამოძახებაზე სასწრაფო უარს იტყვის, რადგან ნებისმიერი მარტივი ჩივილის უკან შეიძლება ძალიან დიდი გართულება იყოს. რის დანერგვასაც ჩვენ ვაპირებთ, წინაჰოსპიტალურ ეტაპზე გამოძახებების კატეგორიზაციაა და მისი ამოცანაა, საჭიროების მიხედვით მოხდეს ადგილზე მისვლა.
ეკა ლომიძე