"მარაზმის გაკვეთილები"
მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია სახელმწიფოს კუთვნილი 8. 837. 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე პასუხისგებაში მისცა. ზოგადად, რა თქმა უნდა, ქვეყნის პირველი პირი სახელმწიფომ უნდა შეინახოს და თუ საჭიროა, მისი მკურნალობაც უნდა დააფინანსოს, თუმცა ყველაფერს აქვს ზღვარი. წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე დასავლური ქვეყნის პრეზიდენტმა სახელმწიფოს ხარჯებით ოკეანისგაღმიდან მასაჟისტი ჩამოიყვანოს. ამ პოლიტიკოსს ქვეყნის წინაშე უზარმაზარი დამსახურებაც რომ ჰქონდეს, მინიმუმ პოლიტიკურ გვამად იქცევა და უზარმაზარ ჯარიმასაც დააკისრებენ, მაქსიმუმ კი - ოთხკედელშუა გაამწესებენ.
ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება ყველაზე მეტად ე.წ. დოქტორ დოტის სკანდალმა გამოიწვია. კერძოდ, პროკურატურამ დაადასტურა, რომ 2009 წლის თებერვალში (აგვისტოს ომიდან გასულია 5 თვე) სააკაშვილმა საქართველოში სახელმწიფო ხარჯებით ამერიკიდან მასაჟისტი დოროთი შტეინი ჩამოიყვანა (ე.წ. დოქტორი დოტი), რომელმაც სააკაშვილი ექსტრავაგანტური მასაჟით გაანებივრა. თავის დროზე "დოქტორ დოტის" საქართველოში სტუმრობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა ინტერნეტშიც განთავსდა, რომელშიც კარგად ჩანს, თუ როგორ ევლებოდა თავს სააკაშვილი მასაჟისტს ასევე სახელმწიფო ხარჯებით. პროკურატურის ცნობით, 2009 წელს ამ თემაზე ამტყდარი აჟიოტაჟის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილმა მისი პირადი ხარჯების გასაიდუმლოების შესახებ.
სხვათა შორის, არსებული ინფორმაციით, 2009 წელს "დოქტორი დოტის" მიერ ფოტო და ვიდეომასალის გავრცელებას სააკაშვილი აღუშფოთებია და მას თავისი მასაჟისტი "ღალატშიც" კი დაუდანაშაულებია.
ბოლო დრომდე გასაიდუმლოებული იყო ესპანელი მზარეულის, სერხიო ქალდერონ ლატასას სააკაშვილისთვის დაქირავების ამბავი, რაც სახელმწიფოს 191.643 ლარი დაუჯდა, ისე როგორც ის, რომ ლონდონში მკერდით მხატვრის, მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 15.989 ლარი გადაიხადა.
თავის დროზე, მედიაში გავრცელდა იტალიაში სააკაშვილის ვიზიტის ამსახველი ფოტოები, სადაც ის პიჯაკებს ირგებდა და ბრენდულ მაჯის საათებს ათვალიერებდა. პროკურატურის ინფორმაციით გაირკვა, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით სხვადასხვა ქვეყანაში შეძენილი ათი ერთეული მაჯის საათისთვის ჯამში 53.283 ლარი ყოფილა გადახდილი, 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად კი 49.499 ლარი, ხელით შეკერილი 2 კოსტიუმისთვის - 7.994,84 ლარი. პროკურატურისავე ინფორმაციით, სააკაშვილის კოსმეტიკური პროცედურებისთვის 673.260 ლარია გაღებული (მათ შორის ბოტოქსის ინიექციისთვის), სუვენირების შესაძენად - 237.354 ლარი, სხვადასხვა ხარჯის ასანაზღაურებლად - 576.508 ლარი. ყურადღების ცენტრში მოექცა როგორც პრეზიდენტის, ასევე, ყოფილი მერის - გიგი უგულავას სამკურნალო-გასახდომი პროცედურებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი 26.388 ლარიც. მათ ეს პროცედურები ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში ჩაიტარეს. იტალიაში, ქალაქ ვერონაში, სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისთვისაც არცთუ მწირი თანხა - 45.214 ლარი ყოფილა გაღებული; ქალაქ პიზაში მიხეილ სააკაშვილისთვის იახტის დასაქირავებლად სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 25.237 ლარი გადაუხდია. საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისთვის მხოლოდ ველოსიპედების დაქირავება 35.350-ლარიანი სიამოვნება ყოფილა. ქართველი საზოგადოებისთვის არც ის არის ახალი, რომ სააკაშვილის ვაჟის სწავლის ხარჯი საზღვარგარეთ^ სახელმწიფო ფულით ფინანსდებოდა...
თავად სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, რომ 8 მილიონი დახარჯა სტუმრების მიღებაზე, პრეზიდენტის სასახლის ფუნქციონირებაზე, ტურიზმის რეკლამირებაზე, საქართველოს აუღიარებლობის პოლიტიკაზე. "ჩვენ ყოველი თეთრი დავადოკუმენტირეთ კანონის ფარგლებში და ახალ მთავრობას გადავეცით. ეს ყველაფერი პირადად ივანიშვილმა წაიღო და ჩაკეტა საკუთარ სეიფში. ამის შემდეგ გაუშვეს ორი-სამი ყალბი ინფორმაცია - რაღაც ანგარიშფაქტურები ხომ იყო ცარიელი. ერთი ასეთი ინფორმაცია იყო ბოტოქსის შესახებ, რაც პრესაში გაუშვეს, მეორე - საჯაიასა და ბოკუჩავას საჩუქრების შესახებ, რასაც მათ სიამოვნებით ვაჩუქებდი, მაგრამ არ მიუღიათ", - განაცხადა სააკაშვილმა. ექსპრეზიდენტმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ინსბრუკში (დღენახევრიანი) გასახდომ-გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩაიტარა და აღნიშნა, რომ 2-3 წელიწადში ერთხელ ასეთი რამ ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტისთვის ჩვეულებრივი ამბავია; რომ მისთვის სახელმწიფოს ფულით 7 პიჯაკისა და ერთი პალტოს (თუნდაც ათასობით ლარად შეძენაც) არ უნდა გამხდარიყო დასამადლებელი, მაშინ როცა "9 წელი ემსახურებოდა ქვეყანას". სამწუხაროდ, "დოქტორ დოტის" ექსტრავაგანტურ მომსახურებაზე არც წამყვანს უკითხავს რამე ყოფილი პრეზიდენტისთვის და არც ამ უკანასკნელს გასჩენია ახსნა-განმარტების სურვილი.
მისი აზრით, ყველა ქვეყანაში პრეზიდენტის მიმოსვლა, ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რას ჭამს, რას სვამს და რას მკურნალობს, საიდუმლოა. "გაიგო ხომ საქართველოს საზოგადოებამ, რომ თირკმლისთვის ვიღებ ტაბლეტებს და პროსტატის პრობლემები მაქვს. ამით მოეშვა მთავრობას?!" - კითხულობს ექსპრეზიდენტი.
აშშ-ში მყოფი ცოტნე ბაკურია, რომელიც ამერიკულ პრესაში პოსტსაბჭოთა სივრცეში განვითარებულ მოვლენებზე ხშირად აქვეყნებს პუბლიცისტურ წერილებს, აცხადებს: "არ ვიცი, რა ხდება სხვა ქვეყნებში, მაგრამ, მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში უფასოდ ცხოვრობს, თავად არ იხდის კომუნალურ გადასახადებს. მას 6 თვეში ერთხელ სახელმწიფოს ხარჯით უტარდება ჯანმრთელობის გამოკვლევა. სახელმწიფო ანაზღაურებს მის ნებისმიერ გადაადგილებას, სტუმრების მიღებას და ა.შ. ამ ყველაფრისთვის გაღებული ხარჯები კი გამჭვირვალეა. აქ პატარა გადაცდომასაც არავინ აპატიებს პრეზიდენტს. ობამამ ერთი ცენტიც რომ დახარჯოს მისი მასაჟის, გასახდომი პროცედურის თუ ბოტოქსისთვის, იმD დღესვე იმპიჩმენტს მოუწყობენ. ასევე, არც ერთი ნორმის ფარგლებში არ ჯდება პრეზიდენტის შვილის სწავლის საფასურის სახელმწიფო თანხებით დაფინანსება".
"კვირის პალიტრა" პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარეს, ადვოკატ ამირან გიგუაშვილს ესაუბრა:
- არავინ დაობს იმაზე, რომ პრეზიდენტმა ღირსეულად უნდა ჩაიცვას, იმკურნალოს და მაღალი კლასის სასტუმროებში იცხოვროს, მაგრამ გამოქვეყნებულ ხარჯებში არის საკითხები, რომელიც რბილად რომ ვთქვათ არაეთიკურად გამოიყურება, ვგულისხმობ ვინმე მკერდით მხატვრის ნახატების შეძენას, "ნაცმოძრაობის" ლიდერების ვოიაჟებს, სპა-მომსახურებასა და სხვ. განსაკუთრებით საეჭვოდ გამოიყურება 2013 წელს გაწეული ხარჯები, როდესაც პრეზიდენტი 112 დღის განმავლობაში მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ. მაშინ ის რეალურ ძალაუფლებას უკვე აღარ ფლობდა და ასეთი გრძელვადიანი მივლინებები, არა მგონია, ქვეყნის ინტერესებს დაჰკავშირებოდა...
- რამდენად აზარალებს ქვეყანას ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, მით უმეტეს, ყველამ ვნახეთ, თუ როგორი მძაფრი რეაქცია ჰქონდათ ამერიკელ სენატორებსა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს, მათ ხმამაღლა დააფიქსირეს უკმაყოფილება...
- მიმაჩნია, რომ სააკაშვილის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა და მით უმეტეს, მისი დაჭერა დაგვიანებულია. სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების გასამართლება თეორიულად შესაძლებელი იყო 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც საზოგადოებაში ამის აშკარა მოთხოვნა არსებობდა და როდესაც პარლამენტმა უპრეცედენტო აქტი გამოსცა პოლიტპატიმრებისა და ამნისტიის შესახებ. შეიძლებოდა შექმნილიყო ფართო საგამოძიებო კოლეგია, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების ჩართულობით და მომხდარიყო არათუ სააკაშვილის, არამედ მთლიანად "ნაციონალური ხელისუფლების" საქმიანობის სამართლებრივი შესწავლა. მოქმედმა ხელისუფლებამ თავის დროზე ეს ვერ, ან არ გააკეთა, დღეს კი ამის გაკეთება შეუძლებელია. რამდენიმე პენსიონერი პროკურორის ჩამოყვანით საერთო სურათს ვერ შეცვლი. რეალობა ასეთია, ამის გაუთვალისწინებლობა თავად "ოცნებისთვის" იქნება დიდი შეცდომა, რადგან აისახება ქვეყნის ევროპული განვითარების დინამიკაზე. ამიტომაც ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა.
- გამოდის, არჩევანი ორ უკიდურესობას შორის არის. ან სააკაშვილის დაჭერა და ევროპულ არჩევანზე უარის თქმა, ან ე.წ. სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა და ქვეყნის განვითარება.
- არავინ მოითხოვს საქართველოსგან უარის თქმას სამართლიანობაზე. არავის სჭირდება ევროპულ ოჯახში ქვეყანა, სადაც კანონის უზენაესობას პატივს არ სცემენ და სადაც ყოფილი პრეზიდენტიც და რიგითი მოქალაქეც თანასწორი არ არის მართლმსაჯულების წინაშე, მაგრამ არც პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები სჭირდება ვინმეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესები წლების მანძილზე არ გაჭიანურდეს და სააკაშვილისთვის თუნდაც დაუსწრებლად იქნეს გარანტირებული, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება. როდესაც ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები გვთხოვენ ვიყუროთ წინ და თავი დავანებოთ წარსულში ქექვას, ეს გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე.
ეკა ასათიანი
ემა ტუხიაშვილი