ქართული "დიდგორი" უდაბნოში გამარჯვებისთვის იბრძოლებს...
საქართველოში აწყობილი ჯავშანმანქანის - "დიდგორის" სამედიცინო-საევაკუაციო მოდიფიკაცია სექტემბრის პირველი რიცხვებიდან საუდის არაბეთის უდაბნოს ქვიშას შეეჭიდება, სადაც მას 800 კმ ექნება გასავლელი და ყველასთვის დასამტკიცებელი, რომ "დელტას" სამხედრო პროდუქცია მსოფლიოშიც კონკურენტუნარიანია.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა დახურული ტენდერი სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის შესარჩევად და მასში მონაწილეობის მიღების სურვილი რვა კომპანიამ გამოთქვა, რომელთაგან ერთი პოლონურია, დანარჩენი კი - ამერიკული.
"დელტამ" ამ ტენდერის შესახებ გვიან შეიტყო, თუმცა ერთი საერთაშორისო პარტნიორის დახმარებით მაინც მოახერხა დახურულ ტენდერში ჩართვა. კონკურსის პირობების თანახმად, ცხრავე მანქანას საუდის არაბეთის სამხედროები გამოცდიან და ყოველი ეტაპის შემდეგ თავიანთ შენიშვნებს გამოთქვამენ. საგულისხმოა, რომ თითქმის ყველა კონკურსანტი ჯავშანმანქანა ამერიკული Ford F550-ის შასიზეა შექმნილი (ისევე, როგორც ჩვენი "დიდგორი"), რაც მათ თითქმის ერთნაირ პირობებში აყენებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება კონსტრუქციულ დეტალებს - თუ რამდენად ეფექტურია ძრავის გაგრილების სისტემა უდაბნოს მაღალ ტემპერატურაზე, ქვიშაში გამავლობის ხარისხი, საკაცეების მოხერხებულად განთავსება და ა.შ.
"დელტაში" ამაზე იზრუნეს და "დიდგორი" სამედიცინო-საევაკუაციო მოდიფიკაციის კონდიციონერით აღჭურვეს, ხოლო უკანა სადესანტო კარი გააგანიერეს, რომ საკაცე შეტეულიყო.
ქართულ "დიდგორს" ყველა მონაცემი აქვს, საუდის არაბეთში წარმატებას მიაღწიოს 1-დან 19 სექტემბრამდე გასამართ შესარჩევ დახურულ ტენდერში, თუმცა შესაძლოა, გამარჯვებულის ვინაობა არა ჯავშანმანქანების ტაქტიკურ-ტექნიკურმა მახასიათებლებმა, არამედ პოლიტიკურმა და სუბიექტურმა (ცნობილი საერთაშორისო კომპანიებისთვის არცთუ უცხოა ტენდერების მომწყობთათვის ქრთამის მიცემა) ფაქტორებმა განაპირობოს.
"დიდგორის" მთავარი ღირსება მაინც მისი ფასი იქნება - იგი კონკურენტების მანქანებზე იაფია (ობიექტური მიზეზის გამო ფასს ჯერჯერობით არ გავამხელთ) და წესით, ეს საუდის არაბეთის სამხედროებისთვის გადამწყვეტი არგუმენტი უნდა გახდეს.
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში შეკვეთის რაოდენობა რამდენიმე ასეული მანქანით განისაზღვრება, ეს კი ფინანსურად წელში გამართავდა არა მარტო "დელტასა" და "თბილავიამშენს", არამედ საქართველოს ბიუჯეტიც კარგად იხეირებდა...
უფრო დაწვრილებით ინფორმაცია ქართული "დიდგორის" საუდის არაბეთში "ბრძოლის" შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" ახალ ნომერში, რომელიც 29 აგვისტოს გამოვა.