"უფროსობის სინდრომი", ანუ ეჰეი, "უფროსო", ნუ წაუყრუებ!
ერთმა ჩემმა კოლეგამ შემომჩივლა, შვიდი დღეა ერთ-ერთი მინისტრის მოადგილესთან ვცდილობ დაკავშირებას, არც თვითონ იღებს ტელეფონს და არც პრესსამსახური მაკავშირებსო. ბედის ირონია ის არის, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ზემოხსენებული მომავალი მაღალჩინოსანი ამ ჩემს კოლეგას დღეში ათჯერ ურეკავდა ხოლმე, არიქა, რაღაც ღონისძიებას ვატარებთ და ძალიან გთხოვ, გააშუქოთო.
თუ ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობს, წინა მმართველ გუნდს ყველაფერში გაემიჯნოს, უპირველესად მეთოდებს უნდა გადახედოს, მათ შორის - საზოგადოებასთან ურთიერთობისას. გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე წლის წინ საშუალოზე დაბალი ჩინოსნებიც კი არ კადრულობდნენ, პრესისთვის ტელეფონზე ეპასუხათ და როგორც დაამთავრეს, კარგად მოგეხსენებათ.
დღეს ზოგიერთ ჩემს ახალგაზრდა კოლეგას არც სჯერა, რომ იყო დრო, როდესაც თბილისის მერი (ვანო ზოდელავა) ქალაქის ნომრიდან გაშვებულ სატელეფონო ზარებსაც კი პასუხობდა (მერის სავარძელში ზოგადად რას აკეთებდა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ სიმართლეც ხომ უნდა ითქვას). ამჟამინდელი მერისაც ვთქვათ - მისასალმებელია, რომ დავით ნარმანიამ ორშაბათი მოქალაქეების მიღების დღედ დააწესა (თუმცა, ორგანიზაციული საკითხები, ალბათ, დასახვეწია), სხვა მაღალ თუ დაბალჩინოსნებზე რა მოგახსენოთ.…
როგორც ჩანს, ახლად დაფრთიანებული ჩინოსნების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ანგარიშვალდებული მხოლოდ პრემიერთან და კიდევ ერთ კაცთანაა, რომლის წყალობითაც რატომღაც შავ ჯიპში აღმოჩნდა.
რა გითხრათ, რით გაგახაროთ, ხომ გაგიგიათ და ჯიპებისა და პრემიების სკანდალს "უფროსობის სინდრომი" მოჰყვა - სწორედ ასე ახასიათებენ ფსიქოლოგები იმ ადამიანის მდგომარეობას, რომელიც უცბად მოხვდა მაღალ თანამდებობაზე, ცა ქუდად აღარ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად, კუდი ყავარზე გადო
და საზოგადოების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას ისე იქცევა, როგორც არისტოკრატი პლებეებთან. ტელეფონზე პასუხსაც კი უკადრისობს, აქაოდა დაკავებული ვარ, საქმეები მაქვსო, მაგრამ მინდა შევახსენო, რომ ისინი საზოგადოების სამსახურში არიან და არა პირიქით საზოგადოებაა მათი მსახური, როგორც ეს მათ წარმოუდგენიათ.
"უფროსობის სინდრომი" გადამდებია. მაგალითად, როდესაც "მთლად უფროსი" ტელეფონს არ იღებს, ჟურნალისტებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს არ ეკონტაქტება, ასე იქცევიან მისი თანაშემწეები თუ პრესსამსახურის ხელმძღვანელებიც. "უფროსობის სინდრომი" სწრაფი ტემპით იკიდებს ფეხს ახალი მთავრობის ადმინისტრაციებში და კარგი იქნება, თუ პრემიერი ამას ყურადღებას მიაქცევს. ასე ხდება რიგ სამინისტროებში თუ სხვა სახელმწიფო უწყებებში.
ვიმეორებთ - მხოლოდ უმაღლესი თანამდებობის პირებში არ არის საქმე. მაგალითად, ერთ-ერთი სამინისტროდან ჩემს კოლეგებს ელემენტარული სტატისტიკის მიღება სურდათ და სამი დღე ალოდინეს. თურმე იმ სამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც ამ ინფორმაციის გაცემაზე ნებართვა უნდა გასცეს, სემინარზე იყო და "უფროსს ვერ შეაწუხებდნენ".
გაცილებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში.
როგორც ჩანს, ზოგიერთ გუბერნატორს თუ მის მოადგილეს ჰგონია, რომ თანამდებობა მემკვიდრეობით მიიღო და მოსახლეობასთან შეხვედრები მის ღირსებას ამცირებს(?!).
მოქალაქე კი, რომელიც ვერ აწვდენს ხმას ჩინოსანს, თავს ისევ დაბეჩავებულად გრძნობს, როგორც ბოლო წლების განმავლობაში. ის ვაჟბატონი, რომელიც ამავე მოქალაქემ მოიყვანა ხელისუფლებაში, შავ ჯიპში ჩაჯდომამდე ფარაონივით გადახედავს ხოლმე მათ და მერე ელვის სისწრაფით თვალს მიეფარება, ანუ მიანიშნებს, "საქმეზე" მივდივარო. სინამდვილეში კი იმის ნაცვლად, მართლა საქმე აკეთოს, თავისი უშუალო "უფროსის" შეწუხებაც არ უნდა (მაგ. გამგებელს გუბერნატორის ან გუბერნატორს რომელიმე მინისტრის), "ხალხზე ზრუნვაში" ემანდ რამე არ წამომცდეს და "უფროსის" საყვედური არ დავიმსახუროო, ფიქრობს, ვიჯდები ჩემთვის სავარძელში და შავი ჯიპითაც ვივლი, სანამ ვინმე რამეს არ დამავალებსო. სინამდვილეში კი ამ ადგილობრივ გაქსუებულ ჩინოვნიკებს ფეხები უნდა ჰქონდეთ გადატყავებული რაიონებსა თუ სოფლებში სიარულით და ხალხზე ზრუნვით, მაგრამ "უფროსობის სინდრომი" მუშაობს მათ მაგივრად(!) ამ დროს კი ხალხი იტანჯება და შველას ითხოვს ზოგჯერ სულ უბრალო და ელემენტარული საკითხების გადასაწყვეტად. თქვენგან განსხვავებით ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოებას და ვიცით მათი პრობლემებიც და ზოგიერთი ჩინოვნიკის უგულო დამოკიდებულებაც (დაკონკრეტებაზე მომავალში გადავალთ), ამიტომ ჩვენ მაინც მოგვისმინეთ(!).
უფროსებო! (აქ შეიძლება ვიხმაროთ "უმფროსებო". - ავტ.) თქვენ თანამოქალაქეებმა მოგიყვანეს ხელისუფლებაში და სწორედ ჩვენი ხარჯებით დადიხართ ჯიპებით და გაქვთ საკმაოდ მაღალი ხელფასები (4.000-7.000 ლარი). ვერც იმაში დაარწმუნებთ ვინმეს, თითქოს, არიქა, ისე დაკავებულები ხართ, რომ სატელეფონო ზარზე პასუხისთვის ან ჟურნალისტთან 5 წუთით გასაუბრებისთვის ვერ იცლით, რომელიც თავის პრობლემაზე კი არა, ხალხის პრობლემის გადასაჭრელად გეხმიანებათ. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ არ გსურთ მწარე სიმართლის მოსმენა (ან გაჭირვებული თანამოქალაქის პრობლემების მოსმენით თავის შეწუხება) და ნელ-ნელა ეფლობით ვირტუალურ სამყაროში, სადაც მხოლოდ თქვენ, თქვენი უშუალო ხელმძღვანელი და შავი ჯიპია.
თანამოქალაქეებთან ფეოდალივით ურთიერთობა გამოიწვევს იმას, რომ უკმაყოფილება დაგროვდება, ამოხეთქავს და თქვენი ვირტუალური სამყაროც დაიმსხვრევა - მოგხსნიან ან გადაგირჩევენ თანამდებობიდან და როგორც ერთ-ერთ ზღაპარშია, გატეხილი გობის პირისპირ დარჩებით გაკვირვებული.
ასე რომ, როგორც იტყვიან ხოლმე, "დროზე გამოფხიზლდი, უფროსო!"