ქართველი ”მოღვაწეები” უკრაინის არჩევნებში - კვირის პალიტრა

ქართველი ”მოღვაწეები” უკრაინის არჩევნებში

დღეს მთელ უკრაინულ საზოგადოებაში იგრძნობა სერიოზული გაღიზიანება საქართველოს მიმართ

უკრაინაში არჩევნების პირველი ტური დასრულდა. ეს არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებამ კანონიერად და დემოკრატიულად მიიჩნია, აშშ-ის მთავრობამაც მიულოცა უკრაინელ ხალხს პირველი ტურის წარმატებით დასრულება, თუმცა, ქართველი დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის ეს პროცესი მშვიდობიანი ნამდვილად არ ყოფილა: 4 დღის განმავლობაში ქალაქ დონეცკში ჩვენს ჟურნალისტებსა დამკვირვებლებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ და საარჩევნო უბნებზეც კი არ უშვებდნენ.

უკრაინაში დატრიალებულმა ამბებმა ქართულ საზოგადოებაში დიდი კამათი გამოიწვია. ოპოზიციის აზრით, ქართულმა მხარემ იქ დამკვირვებლები კი არა, 2 ათასამდე "დაქირავებული სპეცრაზმელი" გააგზავნა, ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ 300 ქართველი დამკვირვებელი უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად ჩავიდაო.

იმას, რაც მოხდა უარყოფით შეფასებას აძლევს ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- თუ შედეგის მიხედვით ვიმსჯელებთ, ქართველმა დამკვირვებლებმა უკრაინაში ბევრი ვერაფერი გააკეთეს გარდა იმისა, რომ გაუმართლებელი კონფლიქტი მოუხდათ იქაურ ადმინისტრაციასთან. თქვენ წარმოიდგინეთ, ეუთომ უკრაინის არჩევნები ცივილიზებულად და კანონიერად სცნო და ამ დროს ჩვენი დამკვირვებლები გაყალბებასა და უკანონობაზე საუბრობდნენ. სხვათა შორის, მხოლოდ ისინი ამტკიცებდნენ, არჩევნების დროს ასობით დარღვევა აღმოაჩინესო. ცხადია, ამას ვერც ერთ ქვეყანაში ვერ მოითმენდნენ და ვერც უკრაინელებმა მოითმინეს. ამ ჯგუფმა შეძლო ის, რაზეც რუსეთი ვერც კი იოცნებებდა - საფრთხე შეუქმნა ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობას. რუსეთი ვერანაირად ვერ მოახერხებდა ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაფუჭებას, ამის მოხერხება მარტო ჩვენ შეგვეძლო საკუთარი ხელით და მოვახერხეთ კიდეც. დღეს მთელ უკრაინულ საზოგადოებაში იგრძნობა სერიოზული გაღიზიანება საქართველოს მიმართ. ეს არც არის გასაკვირი იმ ორომტრიალის შემდეგ, რაც 2-3 დღის განმავლობაში დატრიალდა. სამწუხაროდ, როგორც ხდება ხოლმე, ე.წ. დემოკრატიის დროშის ფრიალით რუსული სცენარი განხორციელდა და უკრაინა-საქართველოს ურთიერთობას სერიოზული ბზარი გაუჩნდა.

- ბატონო გია, ჩვენი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ურთიერთობა მაინც არ შეიცვლება…

- ხელისუფლება ბევრ რამეს ამტკიცებს: იმასაც ამტკიცებდა, რომ ცხინვალსა და აფხაზეთს დავიბრუნებდით, ეკონომიკურ პრობლემებსაც გადავწყვეტდით, მაგრამ სინამდვილეში სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით წავედით. მაშინ, როდესაც უკრაინის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ აპროტესტებს არჩევნების შედეგებს და მიიჩნევს, რომ ის ნორმალურად ჩატარდა, როცა საერთაშორისო ორგანიზაციებიც იმავე აზრს იზიარებენ, საქართველოდან ჩასული ჯგუფი შეგნებულად ამწვავებს სიტუაციას, უვარდება საარჩევნო კომისიებს და რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურად იქცევა! ეს რაზე მეტყველებს? არჩევნებში მონაწილეობდნენ გუბერნატორები, დეპუტატები, ფაქტობრივად ჩვენი სახელმწიფო აპარატი იყო ჩართული ამ პროცესში და ბუნებრივია, ეს აქტიურობა მთელი უკრაინული საზოგადოებისათვის გამაღიზიანებელი იყო. მაშინ, როდესაც ევროკავშირმა იქ 500 კაცი გააგზავნა დამკვირვებლად, ერთი პატარა საქართველოდან ამდენი კაცის ჩასვლა როგორ უნდა ავხსნათ? მნიშვნელობა არა აქვს, 2 ათასი კაცი იყო ჩასული თუ 300, როგორც ხელისუფლება გვარწმუნებს, მთავარია, რომ ისინი სხვა სახელმწიფოს საქმეში ჩაერივნენ.

შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად სპეცოპერაცია ჩატარდა უცხო ქვეყანაში. არც იმას აქვს მნიშვნელობა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ ისინი, თუ სხვები. მთავარია, რომ გააფუჭეს ურთიერთობა მეგობარ ქვეყანასთან და აამხედრეს უკრაინელები ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ. ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთი რაზეც ოცნებობდა,  ქვეყნის ბედით "დამძიმებულმა და დამწუხრებულმა" ქართველმა "მოღვაწეებმა" ადვილად მოახერხეს.

- საზოგადოების ერთი ნაწილი აღაშფოთა იმან, რომ უკრაინაში დამკვირვებლად "გაყალბების დიდოსტატად" მონათლული ლევან თარხნიშვილიც იყო.

- ეს არც არის გასაკვირი - როცა შენს ქვეყანაში ვერ ახერხებ ნორმალური, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და სხვა ქვეყანაში მიდიხარ წესრიგის დასამყარებლად, პაროდიული საქციელია და სხვა არაფერი. ყველას გვახსოვს როგორი დარღვევები იყო აქ არჩევნების დროს. დავფიქრდეთ, რამდენად დემოკრატიულად ჩატარდა ის საქართველოში და მერე დავიწყოთ სხვების დამოძღვრა.

- ყველაფერს იმით ამართლებენ, რომ არ სურთ უკრაინა რუსეთის გავლენის სფეროში მოექცეს…

- ვერ გავიგე, ამის გამო საქართველომ ომი უნდა დაიწყოს უკრაინაში? რაიმე შედეგი რომ ჰქონოდა ამ ყველაფერს, კი ბატონო. საბოლოო შედეგი რა მივიღეთ, ამის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. ერთადერთი შედეგი იქნება ის, რომ ვინც უნდა გახდეს პრეზიდენტი, ინაუგურაციის შემდეგ საქართველოსთან სავიზო რეჟიმს შემოიღებს. ეს არის და ეს.

თითქოს პრორუსული ორიენტაციის მქონე იანუკოვიჩის დასაბალანსებლად ატეხეს ამბავი, მაგრამ წააგო ამით რაიმე ვიქტორ იანუკოვიჩმა? დიდია ალბათობა, რომ სწორედ ის გახდეს პრეზიდენტი და როდესაც ჩვენი წარმომადგენლები მის შესახებ მწვავე განცხადებებს აკეთებენ, ეს სახელმწიფოებრივ აზროვნებას უნდა დავაბრალოთ, თუ სხვა რამეს?!

ხათუნა ჩიგოგიძე