LONDON EVENING POST, 1761 – "მთელ იმპერიაში სახელგანთქმულია პრინცი ჰერაკლიუსი, საქართველოს მმართველი" (ექსკლუზივი)
"ჩვენ ყოველთვის წარმოვაჩენთ ჩვენს სწრაფვას ევროპისაკენ, მაგრამ თურმე ევროპაც არაერთხელ ყოფილა საქართველოთი დაინტერესებული. რადგან ევროპული პრესა მთავარ გვერდებზე წერდა მეფე ერეკლეს შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპა თავის უკიდურეს საზღვრად საქართველოს აღიქვამდა. მას აღიქვამდა ევროპულ კედლად და ამ კედლის ყველაზე საუკეთესო დამცველი - მეციხოვნე ერეკლე მეორე იყო"... ამბობს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს თეატრის,მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი - გიორგი კალანდია..
- არსებობს ლეგენდა, რომ ერეკლე მეორეს ბეთჰოვენმა მეცხრე სიმფონია მიუძღვნა. ეს ოდნავ საეჭვოა, რადგან ბეთჰოვენის დროს ერეკლე მეორე აღარ იყო ისეთი ცნობილი და პოპულარული. თუმცა გამორიცხულიც არ არის, რადგან ბრიტანული და საერთოდ ევროპული პრესა დიდი იმედებით ადევნებდა თვალყურს ერეკლე მეფის პოლიტიკურ ცხოვრებას და სამხედრო კარიერას.
- რას გვაცნობს ბრიტანული პრესა?
- მასალები, რომელიც ერეკლე მეორეს შესახებ ჩამოვიტანეთ არის 1642 წლიდან 1798 წლის ჩათვლით. ვიცით რომ ერეკლე მეორე დაიბადა 1720 წელს და მისი სახელი ბრიტანულ პრესაში პოპულარული ხდება 1752 წლიდან. 1752 წლიდან მთავარ გვერდებზე ყოველთვის არის ინფორმაცია ერეკლე მეორის შესახებ... აი მაგალითად: PUBLIC ADVERTISER. LONDON. 15. 11. 1772 წერს: - პრინცი ჰერაკლიუსი საქართველოდან არის სპარსეთის ტახტის პრეტენდენტი, რომელმაც გამანადგურებლად დაამარცხა ბრძოლაში შაჰ-სეფი და ისპაჰანში მისი ტახტი დაიკავა... რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია ძალიან გაზვიადებულია, იმიტომ რომ ერეკლეს არ დაუკავებია ისპაჰანში ტახტი და არც სპარსეთის ტახტის პრეტენდენტი ყოფილა. თუმცა მან ბრძოლაში ირანის ტახტის ორი პრეტენდენტი დაამარცხა და ამას როგორც ჩანს ძალიან დიდი იმედით შეხედა ევროპულმა საზოგადოებამ. 1754 წელს შემდეგ წერენ: ჩვენ გვაცნობეს სპარსეთიდან, რომ პრინცმა ჰერაკლიუსმა, რომლის გმირობებმაც მთელს მსოფლიოში უდიდესი ხმაური გამოიწვია, გადაისროლა თავისი ძალები კასპიის ზღვის ნაპირებთან. ხოლო Dublin 1744 year წერს: საქართველო აზიის უდიდესი ქვეყანაა, რომელიც კასპიის ზღვის ნაპირებამდეა გადაჭიმული... - ანუ იმდენად აქტუალური და პოპულარულია ერეკლე მეორე, რომ მის ქვეყანაზეც ლეგენდები დადის. LONDON EVENING POST, 1761 წერს: შაჰ ნადირის სიკვდილის შემდეგ მთელ იმპერიაში სახელგანთქმულია პრინცი ჰერაკლიუსი, საქართველოს მოქმედი მმართველი, რომელმაც დიდება იმპერიის სამოქალაქო ომში მოიხვეჭა... ერეკლე მეორე არ იყო სამოქალაქო ომში ჩართული, მაგრამ ვიცით რომ ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს სპარსეთიდან გამოგზავნილ მტერს საქართველოს წინააღმდეგ და ეს მოვლენა როგორც ჩანს ევროპულ პრესაში დიდ გამოხმაურებას პოულობდა... იგივე გაზეთი წერს: ამსტერდამიდან მიღებული ბოლო წერილის თანახმად, პრინცი ჰერაკლიუსი - სპარსეთის ახალი დამპყრობელია.
- როგორც ზემოთ გვითხარით, არამარტო ბრიტანული პრესა წერდა ერეკლე მეორეს შესახებ...
- დიახ... ასევე: "სპარსეთიდან მოსული ბოლო ცნობების თანახმად, რასაც ასტრახანშიც გვიდასტურებენ პრინცმა ჰერაკლიუსმა საქართველოდან თავის ძლევამოსილ არმიასთან ერთად უკვე დაიპყრო რამდენიმე ქალაქი და ნახევარი ისპაჰანი" - ჰამბურგი, 1752, 13 მარტი... ეს ინფორმაცია საინტერესოა იმ მხრივ, რომ მეფე ერეკლეს შესახებ არამარტო ინგლისში იციან, არამედ იციან ჰამბურგშიც, ასტრახანშიც, ამსტერდამშიც... მთელი ევროპული საზოგადოება ძალიან დიდი იმედით შეჰყურებდა ერეკლე მეორეს. თავისთავად ცნობებიც ძალიან გაზვიადებულია. იმ ეპოქაში, როდესაც დასავლური ცივილიზაციის ღირებულებები ფაქტიურად გაანადგურა ერთის მხრივ სპარსეთმა და მეორეს მხრივ ოსმალეთმა, (რომელიც ლამის ვენამდე იყო მისული თავის ძლევამოსილებით), ამ დროს გამოჩნდა ქართლ-კახეთის მმართველი, ქრისტიანი მეფე, რომელიც ახერხებს დასავლური ცივილიზაციის შენარჩუნებას და ამ ცივილიზაციისთვის ბრძოლას. სწორედ ამიტომ იყო დიდი იმედით განმსჭვალული ერეკლე მეორეს მიმართ ევროპული საზოგადოება: ამის ერთ-ერთი გამოძახილია 1766 წელს დაბეჭდილი ცნობა: პრინცი ჰერაკლიუსი საქართველოდან, რომელიც მსახურობდა ლეიტენანტის ხარისხში პრუსიის მეფის, ფრიდრიხ დიდის შეიარაღებულ ძალებში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იწყებს განმათავისუფლებელ ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ... მეფე ერეკლეს არასოდეს არ უმსახურია პრუსიის მეფის შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ პრუსიის მეფის ფრიდრიხ დიდის ცნობილი სიტყვებია - მსოფლიოს ორი მმართველი ჰყავს, დასავლეთში ეს მე ვარ და აღმოსავლეთში პრინცი ერეკლე... მარტო ლეგენდები და გაზვიადებული ცნობები არ არის, აი, ეს უკვე სიმართლეა: ლეგჰორანიდან მოსული პირადი წერილებიდან ჩანს, რომ პრინცმა ჰერაკლიუსმა საქართველოდან, მოიპოვა სრული გამარჯვება ერზერუმის ფაშის 50 ათას კაციანი არმიის წიინააღმდეგ... ვიცით რომ ერეკლე მეორემ რამდენჯერმე დაამარცხა მუსლიმთა დიდი კოალიცია... არცერთი გაზვიადებული ინფორმაცია ჰაერიდან მოტანილი არ არის. მას რაღაც საფუძვლად სიმართლე უდევს... ერეკლე მეორის შეფასებას ასე გაზვიადებულად თავის ახსნა აქვს. ევროპულ საზოგადოებას, დასავლურ ქრისტიანულ სამყაროს ძალიან დიდი იმედი ჰქონდა ერეკლე ბაგრატიონისა, რომელიც აღმოსავლური ძალიან ძლიერი იმპერიების კლანჭებში იყო მოქცეული და თავდადებულად და გმირულად იბრძოდა დასავლური ცივილიზაციისა და ქრისტიანული ღირებულებების შესანარჩუნებლად.
ინფორმაციები ერეკლე მეორეს შესახებ გადმოგვცა ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ. ხუთასზე მეტი ნაბეჭდი გვერდი მივიღეთ. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს საელჩოს ირლანდიაში, ბატონ გიორგი ზურაბიშვილს და ქალბატონ ნათია კალანდიას.
- როგორ გაეცნობა ამ ინფორმაციებს დაინტერესებული პირი?
- ჩვენი მიზანია, ეს მასალა, ერთის მხრივ სტუდენტების და მეორეს მხრივ პროფესიონალების მიერ ითარგმნოს ქართულ ენაზე და კრებულის სახით გამოიცეს ქართულ-ინგლისურად. ძალიან გვიყვარს ქართველებს, თავს რომ ვიქებთ, ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ამიტომაც უცხოელ მკითხველს საშუალება ექნება არა ქართულად გაზვიადებული, არამედ ინგლისურად გაზვიადებული ცნობები ნახოს ჩვენი სახელოვანი მეფის შესახებ... ისტორიკოსები ძალიან აქტიურად ჩავერთვებით. ვეცდებით მკითხველს ვაჩვენოთ რა არის გაზვიადებული და რა სიმართლე. იმიტომაც გვსურს ეს კრებული გამოიცეს ინგლისურად და ქართულად, რომ ეს არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ საქართველოთი დაინტერესება ევროპიდან ამდენად დიდი იყო.
- ისტორიკოსებისთვისაც ერეკლე მეორეს შესახებ ბევრი სიახლე იქნება...
- ისტორიკოსებს ეძლევათ საშუალება კიდევ ერთხელ შეაფასონ ერეკლე მეორე. ვიცით, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის გამო მის შესახებ ჯერ კიდევ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ეს წერილები კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რაოდენ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა იგი. ჩვენ არ გვყავს ამ მასშტაბის პოლიტიკოსი, რომლის შესახებაც ამდენი დაწერილა. არამარტო ინგლისური არამედ გერმანული და რუსული პრესაც ყოველთვის ზეაღმატებულად წერდა ერეკლე მეფის შესახებ. ერეკლე მეორეს არ ვადარებ დავით აღმაშენებელს, მაგრამ ერეკლე მეორე არის ერთადერთი ქართველი მამაკაცი მონარქი, რომლის შესახებაც ასეთი დიდი გამოხმაურება იყო. ქეთევან დედოფალსაც თავის დროზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ არა პრესაში, არამედ უცხოურ გამოცემებში... ამდენად ძალიან საამაყოა, როდესაც მსოფლიოს უდიდეს ბიბლიოთეკაში ზიხარ და შენი მონარქის შესახებ ასეთ ცნობებს კითხულობ.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)