”გაიცანით ქართველი გოგონები, რომელთა სიმღერამ იუთუბი ”გადარია” - კვირის პალიტრა

”გაიცანით ქართველი გოგონები, რომელთა სიმღერამ იუთუბი ”გადარია”

"ვმღერით ყველგან. მეტროში, ქუჩაში, მეგობრების სახლში, სუფრებზე..."

"სამივე თვითნასწავლი ვართ... დაკვრაც ჩვენით ვისწავლეთ..."

"არც ერთ ადამიანს არ ვიცნობთ, უცხოელებს ვგულისხმობთ, ვინც ჩვენი ვიდეო ინტერნეტში გააზიარა, მაგრამ ვიცით, რომ ბერლინის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე განთავსებულ დიდ მონიტორზე აჩვენებენ ჩვენს სიმღერას"

”ქართველი გოგონების შესრულება, რომელიც ტრანსში ჩაგაგდებთ,” - ასე გამოხატა ემოცია ამერიკელმა ქალბატონმა, როდესაც ჯგუფ ”მანდილის” სიმღერა მოისმინა. ”ზეცას შახენეო აპარეკას” მერამდენე დღეა ინტერნეტსივრცეში ლიდერობს. ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე დღეში 800 ათასზე მეტი ნახვა და ასევე ძალიან ბევრი გაზიარება ჰქონდა.

ექსპრომტად ჩაწერილი სიმღერის ავტორებიდან, ორი სტუდენტია, ერთი კი სკოლის მოსწავლე. გოგონები ”მანდილის” შექმნის ისტორიაზე, ვიდეოს ჩაწერის ამბავსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრებიან.

შორენა ცისკარაული:

- ”მანდილი” სულ რაღაც 5 თვის წინ დაარსდა და ამ დღის შემდეგ, ვმღერით ყველგან. მეტროში, ქუჩაში, მეგობრების სახლში, სუფრებზე... ასევე, საქველმოქმედო საღამოებსა და კონცერტებზე. ეს ჩვენთვის კეთილშობილურ საქმესთან ერთად, გამოცდილებაც არის. სიმღერა "ქალო"-ს ყველაზე ხშირად ვმღერით, რადგან მსმენელს ძალიან მოსწონს.

ანი ჭინჭარაული:

- თბილისის 48-ე სკოლის მოსწავლე ვარ. ხშირად მიწევს სკოლის გაცდენა, რადგან რეპეტიციები გვაქვს... ერთმანეთი სრულიად შემთხვევით, სოციალურ ქსელში გავიცანით და დავმეგობრდით.

- რაც შეეხება სიმღერას, რომელმაც პოპულარობა მოგიტანათ. ცნობილი ხევსური მომღერლის ალუდა ქეთელაურის სიმღერაა, ხომ?

- დიახ. სიმღერა ალუდასია, ტექსტის ავტორი კი პოეტი გიორგი არაბულია...

ანი:

- ყველაფერი გართობით დაიწყო. ეს ვიდეოც გასართობად გავავრცელეთ და არც მოველოდით, თუ საზოგადოება ასე აიტაცებდა. შორენა ცხვარიჭამიაში ისვენებდა მთელი ზაფხული ვპირდებოდით, ჩამოვალთო. ისიც მოუთმენლად გველოდებოდა. ერთ დღესაც, მე და თათიამ როგორც იქნა, მოვაბით თავი და მოულოდნელად დავადექით. ისეთი გახარებული იყო ჩვენი სტუმრობით, ვერ გადმოგცემთ. ერთი სიტყვით ემოციებში ვიყავით. იმ ვიდეოში თათია ამბობს კიდეც, - შორენასთან ვართ სტუმრად ცხვარიჭამიაში და ძალიან გახარებულები ვართო. ასეთი ვიდეოები ადრეც ჩაგვიწერია სამახსოვროდ და ინტერნეტშიც აგვიტვირთია, მაგრამ ასეთი გამოხმაურება არ ჰქონია. არც ერთ ადამიანს არ ვიცნობთ, უცხოელებს ვგულისხმობთ, ვინც ჩვენი ვიდეო ინტერნეტში გააზიარა, მაგრამ ვიცით, რომ ბერლინის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე განთავსებულ დიდ მონიტორზე აჩვენებენ ჩვენს სიმღერას.

თათია:

- თავიდან ძალიან ცოტა გაზიარება გვქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იმ ამერიკელმა ქალბატონმა გააზიარა და ასეთი კომენტარიც გააკეთა, მალე დაინტერესდნენ ჩვენით. იუთუბზეც შემთხვევით ავტვირთე... 3 დღის შემდეგ, შევედი ინტერნეტში და ჩვენს ვიდეოს 300 ათასი ნახვა ჰქონდა, თავიდან ვერ დავიჯერე. ღამე ხომ არ აურია იუთუბმა-მეთქი, მაგრამ კომენტარებში ისე გვეფერებოდნენ, რომ დავრწმუნდი, ძალიან დიდი მოწონება დაგვიმსახურებია. ალბათ იმიტომ მოეწონა ხალხს, რომ ექსპრომტად არის ჩაწერილი და გულწრფელი ემოცია ჩავდეთ... ახლა უკვე იმდენი გაზიარება აქვს, კომენტარებზე პასუხის მიწერას ვერ ვასწრებთ...

- სამომავლო გეგმებზეც გვითხარით...…

- ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ჩვენი ვიდეო პოპულარული გახდებოდა, როგორც აღვნიშნეთ, ერთი სიმღერის, ”ქალოს” სტუდიურად ჩაწერას ვაპირებდით. საჭირო თანხაც ექსპრომტად ”მოვიპოვეთ”, - თიანეთში, ერთ ოჯახში გამართულ სუფრაზე სტუმრად ვიყავით და იქ ვიმღერეით, სუფრის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც იქ ვნახეთ პირველად, გვითხრა, რომ საჩუქარს გაგვიკეთებდა და სიმღერის ჩაწერას დაგვიფინანსებდა. ამ სიმღერის ჩაწერის ნებართვაც გვაქვს და სულ მალე, მის ჩასაწერად დავიწყებთ მუშაობას. თუ საავტორო უფლებების საკითხი გავიარეთ, ”ზეცას შახენეო აპარეკასაც” ჩავწერთ.

- მუსიკალური განათლება გაქვთ?

შორენა:

- არა, სამივე თვითნასწავლი ვართ და არც პროფესიონალური შესრულების ამბიცია გვაქვს. ჩვენთვის ვერთობოდით და ასეთივე ჩანაფიქრით გადავიღეთ ის ვიდეო, რომელმაც პოპულარობა მოგვიტანა.

- დაკვრაც თქვენით ისწავლეთ?

- დიახ, ფანდურის გარდა, ვუკრავთ კლასიკურ ჩონგურზე და ჯემბეზე... ამიტომაც ორმაგად გვიხარია ასეთი ყურადღება და ინტერესი და ყველას მადლობელი ვართ.

იხ. სიუჟეტი პალიტრა TV-ზე

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)