"ექიმმა მითხრა, მეოთხე შემთხვევაა, როცა მეუფე პეტრეს დათვმა ადამიანი დაგლიჯაო"
"მეუფეს ეს დათვი მაშინ აჩუქეს, როცა პატარა და ობოლი ბელი იყო.… იმდენად უსუსური იყო, რომ ზოოპარკმა არ ჩაიბარა "
"მეუფე პეტრეს დათვმა ჩემი შვილიშვილი დაგლიჯა, მას კი არც ბავშვი უნახავს და არც მისი გამოჯანმრთელების თანხა გაუღია"
ჭყონდიდელი ეპისკოპოსის, მეუფე პეტრეს (პაატა ცაავა) დათვს სახელი მას შემდეგ გაუვარდა, რაც სოფელ სალხინოში, რაც 75 წლის სენაკელმა პატიკო გულორდავამ დათვსა და საკუთარი 13 წლის შვილიშვილის, დიმა კაკულიას შორის მომხდარი ”ინციდენტის” შესახებ პრესაში განაცხადა:
”ჩვენი სოფლის ახალგაზრდები და მათ შორის ჩემი შვილიშვილი, დიმა კაკულია სოფელ სალხინოში იყვნენ დადიანების რეზიდენციის დასათვალიერებლად. მეუფე პეტრეს რეზიდენციასთან რომ მისულან, დათვის გალიასთან დაუწყიათ სურათების გადაღება. გალიის გისოსები ისე ყოფილა დაშორებული ერთმანეთთან, რომ დათვი ტორებს გალიის გარეთ ჰყოფდა. ჩემი შვილიშვილი, დიმა რომ დამდგარა გალიასთან, მოულოდნელად დათვმა გალიიდან ტორი გამოყო, რომელიც ბავშვს ფეხში გამოსდო და დიმა წააქცია. წაქცეული ბავშვი დათვმა მარჯვენა ფეხით შეათრია გალიისკენ და მარჯვენა ფეხში ჩააფრინდა. ერთ-ერთმა მეზობელმა რკინის ნაჭერი დასცხო დათვს ცხვირზე და ასე გააგდებინა მხეცს ბავშვის მარჯვენა ფეხი პირიდან. მარტვილში ბავშვის სანახავად რომ ჩავედი, ექიმმა მიხეილ გაბისონიამ მითხრა, რომ ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა მეუფე პეტრეს დათვმა ადამიანი დაგლიჯაო”.
ამ შემზარავი ამბის შემდეგ, მურა დათვის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, სამაგიეროდ, შეიცვალა დასახელებული ექიმის ცხოვრებაში. ამ უკანასკნელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა: ”ამ ადამიანის განცხადებამ უხერხულ სიტუაციაში ჩამაგდო, - აღნიშნული შემთხვევა თებერვალში მოხდა. ნამდვილად ვუმკურნალე პაციენტს, მაგრამ იმის თქმა აზრად არ მომსვლია, რასაც ეს ადამიანი ამბობს, რომ მეუფის დათვმა ოთხი ადამიანი დაგლიჯაო. ან საიდან უნდა მომსვლოდა, როცა ასეთი ფაქტი არ მომხდარა.
- აბა, რამდენი დაგლიჯა?
- ზოგადად, დათვის მიერ ადგილობრივი დაფლეთვითი ჭრილობების ორი შემთხვევა მქონდა. მათ შორის აღნიშნულ პაციენტსაც ფეხზე დაფლეთვითი ჭრილობა ჰქონდა. ორივე შემთხვევა იმიტომ მოხდა, რომ პაციენტები დათვს ძალიან მიუახლოვდნენ, ისეთ მანძილზე, რომელზეც ნადირთან არ შეიძლება მიახლოება. დათვები ყველგან გალიაში ჰყავთ, ყველგან საშიში არიან, სადაც ზომაზე მეტად მიუახლოვდები, შესაძლოა მსგავსი რამ მოხდეს. მაგრამ ყველა ადეკვატურ სიტუაციაში არის გამაფრთხილებელი წარწერა, რომ იქ მიახლოება არ შეიძლება. არც ”სალხინოელი დათვია" გამონაკლისი, იქაც ყველა ეს ატრიბუტი იყო. ბავშვი სამღვდელოების წარმომადგენლებმა მოიყვანეს, ვუმკურნალე და გამოჯანმრთელდა.
- თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა ჰყავდეს მეუფეს რეზიდენციაში დათვი?
- ალბათ ამაზე ჩემზე უკეთესად მეუფე გაგცემთ პასუხს, მაგრამ მე როგორც ვიცი, მას ეს დათვი მაშინ აჩუქეს, როცა პატარა და ობოლი ბელი იყო.… არა მგონია, ობოლი ბელის გაზრდა დანაშაული იყოს. ჩემი აზრით უკეთესი იქნება, თუ მსგავს სიტუაციაში უფროსები გაამახვილებენ ყურადღებას, რომ ბავშვები გალიასთან ახლოს არ მივიდნენ”…
განაცხადა ექიმმა, რის შემდეგაც შევეცადეთ მეუფე პეტრეს დავკავშირებოდით. თუმცა მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა გვითხრა, რომ მეუფე ამ ფაქტზე კომენტარს არ გააკეთებს:
- მეუფე თავად ქადაგებს მიმტევებლობას და შემწყნარებლობას, ამიტომაც აღნიშნულ ამბავზე დავა მისთვის მიუღებელია.
- როგორც ამბობენ, მეუფეს დათვის ბელი აჩუქეს და გაზარდა. რატომ არ ჩააბარა ზოოპარკს?
- როცა ეს ბელი აჩუქეს, იმდენად უსუსური იყო, რომ ზოოპარკმა არ ჩაიბარა. მეუფემ გამოზარდა და ორმაგი დაცვაც გაუკეთა. დათვს გალიამდე კიდევ ერთი ჯებირი აქვს, სადაც ყველას აფრთხილებენ, რომ ცხოველთან ახლოს არ მივიდეს.
- როგორც ირკვევა, დაზარალებული იმაზეც ჩივის, რომ მეუფემ საკუთარი დათვისაგან დაფლეთილი მისი შვილიშვილი არ მოინახულა საავადმყოფოში.
- ბავშვი საავადმყოფოში სასულიერო პირებმა გადაიყვანეს და გამოჯანმრთელებამდე უპატრონეს. მეუფემ მისთვის ყველაფერი გააკეთა და ეს თავად ბავშვის მშობლებმაც აღნიშნეს. თუმცა, მე როგორც ვიცი, ბაბუა კიდევ ფულს ითხოვს.
… ბატონ პატიკო გულორდავა შემთხვევის გამო კვლავ აღშფოთებულია:
- რა უნდა გითხრათ, რაც ჟურნალისტს მოვუყევი, ერთი სიტყვაც არ არის ტყუილი! ჩემს შვილიშვილს ფეხი ამ შემთხვევიდან 7 თვის გასვლის შემდეგ ძალიან ცუდად აქვს. არადა, ბავშვს სპორტული მონაცემები ჰქონდა, ძალიან უნდოდა, მეკარე გამოსულიყო. ახლა ეს სურვილი დამთავრდა, წესიერად ვეღარც კი დადის, რამდენი გაინძრევა, იმდენი კანი ასკდება და სისხლი გადმოდის. პლასტიკური ოპერაცია სჭირდება. მართალია, სოციალურად დაუცველები ვართ და პოლისი გვაქვს, მაგრამ ოპერაციას ფული მაინც დასჭირდება და ეს ფული არ გვაქვს. მეუფეს კი ჩემი შვილიშვილი არც უნახავს და არც მისი გამოჯანმრთელების თანხა გაუღია.
- თქვენი შვილიშვილი არც თუ ისე მცირე ასაკის ყოფილა. რატომ მიუახლოვდა დათვის გალიას ასე ახლო მანძილზე, ეს ხომ აკრძალულია?
- კი, 80 სანტიმეტრზე მიუახლოვდა, მაგრამ დათვს რატომ უნდა შეეძლოს გალიიდან ამ მანძილზე ტორის გამოყოფა?!
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)