ძარცვა სიყვარულის სახელით
თავდავიწყებით შემიყვარდა. ყველა ქალური საქმე დიდებულად იცოდა და შესანიშნავი საყვარელიც იყო... საოცარი თვალები ჰქონდა, ანგელოზისა და მეძავის სხეული... ჯადოქარი ალბათ ასეთ ქალებს ერქვათ წინათ. გეგმა ასეთი იყო, ესმა ყველა აზიელ მდგმურს თავბრუს ახვევდა და
მერე ჯიბეცარიელს ტოვებდა...
რამდენიმე დღის წინ აბაზანაში ონკანი გამიფუჭდა. იმ დროს მეგობარი იყო ჩემთან სტუმრად. შემომთავაზა, მე მოგცემ კარგი ხელოსნის ნომერს, ერაყელი ქურთია, ქართული კარგად არ იცის, შესაძლოა, საგაზეთოდაც გამოგადგეს მისი ამბავი - შეყვარებულის გამო, ერაყში რაც ებადა, ყველაფერი გაყიდა და სატრფოს უფეშქაშაო.
ნაზიმი გულახდილი გამოდგა, ონკანის შეკეთების მერე, ჩაის სმისას, თავისი თავგადასავალიც მიამბო.
- თბილისში სასწავლებლად ჩამოვედი. დასაქირავებელ ბინას რომ ვეძებდი, მაშინ გავიცანი ჩემი დამაქცევარი... მირჩიეს, მშრალ ხიდზე ბინების პატრონები დგანან და ზედმეტის გადახდა არ მოგიწევსო. მივედი თუ არა, ერთი ფაშფაშა ქალი გამომელაპარაკა - საშენო პირობები მაქვსო. მომეწონა ბინაც, რომელიც მართლაც იაფი იყო, მაგრამ ხომ არ ვკითხავდი, ასე იაფად, ასეთ კარგ ბინას რატომ აქირავებთ-მეთქი. გვიან მივხვდი მის "მარკეტინგულ" ხრიკს.
- რა მოხდა?
- მეზობლად ცხოვრობდა ძალიან ლამაზი გოგო, თურმე იმ ფაშფაშას დისშვილი. მეძავი ყოფილა, მაგრამ მე რა ვიცოდი. ისე წარმოაჩენდა თავის თავს, უცოდველი კრავი მეგონა, მერე მივხვდი, ვისთანაც მქონდა საქმე. ჩემსავით რამდენიმე უცხოელი ჰყოლია მონელებული.
- მაინც რა ჩაიდინა?
- თავი შემაყვარა... ყოველ საღამოს ცხელი კერძი შემოჰქონდა. ნაზიმ, მიირთვიო, - მეტყოდა ნაზი ხმით, მიამიტად შემომხედავდა და განარნარდებოდა ოთახიდან. როგორია, ახალგაზრდა აზიელი კაცი მშვენიერი ქალის მზრუნველობას რომ გრძნობ. მალე წამოვეგე ანკესს. თავდავიწყებით შემიყვარდა ესმა. ყველა ქალური საქმე დიდებულად იცოდა და შესანიშნავი საყვარელიც იყო. მითხრა, - ოდესღაც ერთმა ბიჭმა მომიტაცა და მერე ღვთის ანაბარად მიმატოვა... ზოგჯერ ჩაიზე მისატანებელიც არაფერი მქონდა და მეგობრები რომ არ დამხმარებოდნენ, სული გამძვრებოდაო. მერე მოხუც კაცს წავყევი ცოლად და მისგან დამრჩა მემკვიდრეობაო. ესმას ზღაპარში მხოლოდ ის იყო სიმართლე, რომ მდიდარი ბერიკაცი ისე გადაიყვანა ჭკუაზე, თავი შეართვევინა. მერე ქმარმა მთელი ქონება ამ ალქაჯის სახელზე გააფორმა, შვილები კი ულუკმაპუროდ დატოვა. ერთ ღამესაც ნორჩი და ტემპერამენტიანი ცოლის სექსუალურ ზეწოლას ვერ გაუძლო და წაიღო წერილი... ესმას კი ბინის გარდა მაღაზიაც დარჩენია, საიდანაც მუდმივი შემოსავალი ჰქონდა. მაგრამ თურმე მხოლოდ ამას როდი სჯერდებოდა - დეიდასთან ერთად დროდადრო თურქეთსა და საბერძნეთში მიდიოდა და მეძაობით გვარიან ფულს შოულობდა. ესეც არ ჰყოფნიდათ. ამიტომ იყიდეს ბინა, გაარემონტეს და დაიწყეს უცხოელებზე ნადირობა. დაიყენებდნენ მდგმურად ყმაწვილ კაცს, აუცილებლად აზიელს, რადგან ევროპელს ასე იოლად ვერ მოატყუებდნენ. ჩვენი ფსიქოლოგია კარგად იციან. სარგებლობენ ჩვენი მიამიტობით, იმითაც, რომ ქალი ჩვენთან იოლად ხელმისაწვდომი არ არის, თან ესმასნაირი ლამაზი... კინაღამ ლექსების წერა დავიწყე. საოცარი თვალები ჰქონდა, ანგელოზისა და მეძავის სხეული... ჯადოქარი ალბათ ასეთ ქალებს ერქვათ წინათ. მოკლედ, გეგმა ასეთი იყო, ესმა ყველა აზიელ მდგმურს ისევე ახვევდა თავბრუს, როგორც მე და მერე ჯიბეცარიელს ტოვებდა. საამისოდ მიზეზი არ ელეოდა. კარგად სწავლობდა მსხვერპლის სუსტ მხარეებს, მის ინტერესებს და შესაბამისად იქცეოდა. სამწუხაროდ, ეს გვიან შევიტყვე.
- თურმე ერაყში ყველაფერი გაგაყიდიათ...
- სამწუხაროდ, ესმას სულით ხორცამდე ვენდობოდი. ერთ დღეს ვთქვი, - ბინის დაგირავება მირჩიეს ქართველმა მეგობრებმა, ქირაში რა ცოტაც უნდა გადაიხადო, მაინც ფულის გადაყრააო. მალე ესმამ მითხრა, - ჩემი ნაცნობი ბინას აგირავებს, თუ გინდა, ნახეო. ერთად წავედით. ის ნაცნობიც მისნაირი თაღლითი ყოფილა, მაგრამ მე ხომ ბრმა ვიყავი! უცებ ბინის ვითომ პატრონი მეუბნება, თუ საშუალება გაქვს, დაგირავების ღირებულებას ამდენიც დამიმატე და მოგყიდიო. გამიხარდა - მე ხომ ესმას გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომედგინა და ძალიან მინდოდა საქართველოში საკუთარი ბინა მქონოდა. მოკლედ, ერაყში ოჯახს დავურეკე, ჩემი წილი ქონება გაეყიდათ და ფული გამოეგზავნათ. ჩემი ჭკუით ვიყიდე ბინა, რომლის გამოც კინაღამ დამიჭირეს. სხვისი ბინა მაჩვენეს, სხვისი საბუთები... მოკლედ, ფული დავკარგე... ის ალქაჯი ესმა, მას შემდეგ თურქეთში თუ საბერძნეთში იმალება, დეიდამისიც სადღაც გაქრა. ვიცი, ფულს ვეღარ დავიბრუნებ, მაგრამ ერაყშიც ვერ დავბრუნდები ასე ჯიბეგამოფხეკილი, სწავლაც უნდა დავასრულო. კიდევ კარგი, სიყმაწვილეში მამამ რამდენიმე ხელობა მასწავლა და კი გამომადგა გაჭირვებისას.
- ალბათ ქალებს გაურბიხარ.
- ხო, ასეა. მეშინია, თუმცა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შეიძლება ყველა ესმას ჰგავდეს. პირიქით, ძირითადად ქალბატონები მეხმარებიან. მირეკავენ ხოლმე და მთავაზობენ, - ნაზიმ, ეს საქმეა გასაკეთებელი, შენ ხომ არ აიღებო. ჭკუა ვისწავლე და ახლა ვერავინ გამაცურებს. სამწუხაროდ, ჩემი ამბავი ერთადერთი ასეთი შემთხვევა როდია საქართველოში. ძირითადად ერაყელები, თურქები, ირანელები იოლად უვარდებიან ხელში აქაურ ქალებს და ისეთი დღე ადგებათ, წესიერი კაცი რომ ვერც წარმოიდგენს.
- ესმა აღარ გიყვარს? პატიება რომ გთხოვოს, აპატიებ?
- მიყვარს ის ქალი, ვინც ესმას სახით შემიყვარდა, პატიებით კი ვერ ვაპატიებ... იმას, რაც მან გამიკეთა, ღალატი სჯობს. ჩემი თავგადასავალი არის ძარცვა სიყვარულის სახელით...
სოფო გამრეკელი