რას ჰყვება აბაშიძის ქუჩაზე მოკლული მახარაძის დედა
ამონარიდი ოქროპირიძის ჩვენებიდან: "ცოლი მინდა მოვიყვანო და ვიცხოვრო. არავის მოკვლა არ მნდომებია, მით უმეტეს, ლაშა მახარაძის. მაღალჩინოსნებს ჰქონდათ ჩემ მიმართ ინტერესი და ეს მომიწყვეს..."
"გიორგი ოქროპირიძემ ლაშას მკვლელობამდე დოლიძის ქუჩაზე ბიჭები დაჭრა"
აბაშიძის ქუჩაზე 27 წლის ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე ირწმუნება, რომ შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა. თუმცა, პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა მის ბრალეულობაზე და მისი ძველი დანაშაულებიც გაიხსენა.
გიორგი ოქროპირიძე ("ოქრიკა") განზრახ მკვლელობისთვის, იარაღის უკანონო ტარება-შენახვისა და ქურდობისთვის იყო გასამართლებული. სასჯელთა შეკრებითობით, 16 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი. უზენაესმა სასამართლომ სასჯელი ოდნავ შეუმცირა და 13 წელი და 5.000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. როგორც ყველას, ოქროპირიძესაც შეეხო საყოველთაო ამნისტია. შეკრებითობაც გაუქმდა და არჩევნების შემდეგ 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა განუსაზღვრეს. არც ამით დაკმაყოფილდა, შეწყალება სთხოვა პრეზიდენტ მარგველაშვილს, მანაც სასჯელი გაუნახევრა, ამის შემდეგ ოქროპირიძემ კიდევ ერთი გზა გამოიყენა ციხიდან გამოსასვლელად - ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მიმართა და ის ციხიდან გამოუშვეს. პროკურატურის მტკიცებით, პირობითად მსჯავრდადებულმა ოქროპირიძემ 2 სექტემბერს ლაშა მახარაძე მოკლა და მიიმალა. რამდენიმე დღეში ის ცხინვალში დააკავეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს.
ამ საქმეზე ბრალდებული ოქროპირიძის მეგობარი ვლადიმერ ბერძენიშვილიც იხდის სასჯელს. მას დანაშაულის დამალვაში ედება ბრალი. სწორედ მისი მანქანით გადაადგილდებოდა ოქროპირიძე დანაშაულის დღეს.
გიორგი ოქროპირიძის ჩვენებიდან (სტილი დაცულია):
"ჩემს მშობლებს მე ვყავარ მხოლოდ და როგორია, მიაძახონ, მკვლელი შვილი გაგიზრდიათო. ძალიან ცუდი ფაქტია მომხდარი, მაგრამ ტრაგედიას ტრაგედიას ნუ დაამატებთ. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ვარ, სპორტსმენი, ცოლი მინდა მოვიყვანო და ვიცხოვრო. არავის მოკვლა არ მნდომებია, მით უმეტეს, ლაშა მახარაძის. მაღალჩინოსნებს ჰქონდათ ჩემ მიმართ ინტერესი და ეს მომიწყვეს... მე იქ არ ვყოფილვარ. მაშინ მოტივი მითხრას პროკურატურამ, რატომ მოვკლავდი ლაშა მახარაძეს?"..
ლაშა მახარაძის დედა, ნინო დიდებულიძე დარწმუნებულია, რომ შვილი ოქროპირიძემ მოუკლა.
- ოქროპირიძე ჩემი შვილის ახლო ამხანაგი არ ყოფილა. ის ჩვენი უბნელია. არც ის ინფორმაციაა სიმართლე, თითქოს ჩემს უფროს შვილთან, თენგოსთან ჰქონდა ციხეში კონფლიქტი და მერე ლაშაზე იძია შური. ისინი ერთ საკანში არასოდეს ყოფილან, მაგრამ ვიცი, რომ თენგო, როგორც უმცროს უბნელ ბიჭს, პატივს სცემდა, უყოფდა შაქარს, ჩაის, ტანსაცმელს. ამ არაკაცმა კი ასე დააფასა ის ურთიერთობა... მკვლელმა კარგად იცოდა, რა უბედურებაც დაგვატყდა თავს - შარშან თენგო მეუღლესა და შვილთან ერთად ავარიაში მოყვა და სამივე დაიღუპა. ლაშა ამ ტრაგედიას საშინლად განიცდიდა. მთელი დღეები იჯდა გარინდული და ხმას არ იღებდა. იმ ტკივილს რა მოგვიშუშებს, ახლა ლაშას მკვლელობა... არ ვიცი, როგორ ასწია იმ არაკაცმა ლაშაზე ხელი, როგორ დაახალა ტყვიები. ოქროპირიძე უახლოესი მეგობრის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. დედამისმა ციხეში წამების ფაქტები დაიხვია ხელზე და იმდენი გააკეთა, მკვლელი გარეთ გამოიყვანა.
ლაშას არავისთვის არაფერი დაუშავებია. მკვლელი კი თურმე სიით დადიოდა, უნდა დაეხოცა ხალხი, ეს ცნობილია, ბევრს ემუქრებოდა მოკვლით. დარწმუნებული ვარ, ლაშა იმ სიაში არ ყოფილა. შემთხვევით გადაეყარა მას აბაშიძის ქუჩაზე. ეტყობა, ქუჩაში შეყოვნდა, ალბათ, ვინმეს ელოდებოდა, და ამ დროს გამოიარა ოქროპირიძემ ბერძენიშვილის მანქანით. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის მანქანა ისევ უკან წამოვიდა და ლაშასთან გააჩერა. რომ ამბობს, მე არ მომიკლავს, იქ არ ვყოფილვარო, ტყუილია. თალაკვაძის მკვლელობის დროსაც გაიძახოდა დედამისი, ჩემს შვილს არ მოუკლავს მეგობარი, პოლიციამ მოკლა და ჩემს შვილს დააბრალაო. არადა, მაშინ როცა დედამისი კბილებით გლეჯდა ყველაფერს, ციხეში ოქროპირიძე პატიმრებთან აღიარებდა, რომ თალაკვაძე მან მოკლა. ახლაც იმავეს ცდილობენ, მაგრამ არ გამოუვათ, პირველი წუთიდან ცნობილია, რომ ჩემს შვილს არაკაცმა ოქროპირიძემ ესროლა. ალბათ, ლაშას ვიღაცების ადგილსამყოფელი ჰკითხა, რომ დაეხოცა. ლაშამ კი უთხრა, არ ვიცი, სად არიან, დაბადების დღეზე მივდივარო. ამ დროს ამოიღო იარაღი და ესროლა...
ოქროპირიძე ამ ტრაგედიამდე ორი თვით ადრე დაჭერილი ჰყავდათ - დოლიძის ქუჩაზე მან ორი ახალგაზრდა დაჭრა. ბიჭები გაიქცნენ და ზურგიდან დააწია ტყვიები. მაშინ ოქროპირიძე დაიჭირეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს. ამის მერე ქუჩაში ისევ იარაღით დადიოდა და თურმე გაიძახოდა, მწვანე მაქვს იარაღზეო. გამაგებინეთ, ვინ მფარველობს მას?
- როგორც ვიცით, თქვენი შვილის მეგობრები ლაშას მკვლელობის შემდეგ დასაკითხად დაჰყავდათ პოლიციაში, მათგან რას ითხოვდნენ?
- ამ ტრაგედიით ატირებულ ბიჭებს დაათრევდნენ პოლიციაში და სცემდნენ. არ ვიცი, ამ ბიჭებისგან რას ითხოვდნენ... ეს ხდებოდა მანამ, სანამ ბერძენიშვილს დააკავებდნენ. მანამდე სასტიკად სცემეს ლაშას უახლოესი მეგობრები, რომლებმაც სასიკვდილოდ დაჭრილი ჩემი შვილი საავადმყოფოში მიიყვანეს. ისინი, ვინც ბოლოს ნახა ლაშა, ლამის მოკლეს ცემით. ბერძენიშვილის დაკავების შემდეგ ეს თემა დაიხურა.
თეა ხურცილავა