ახალი ესტაკადა - რეალობით ნაკარნახევი აუცილებლობა?!
ქარიშხალი ჭიქაში ანუ ხმაური არაფრის გამო - ასე აფასებენ ექსპერტები საზოგადოების ერთი ნაწილის აჟიოტაჟს პუშკინის ქუჩის ესტაკადასთან დაკავშირებით. ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მარჯვენა სანაპიროსა და თავისუფლების მოედნის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის შესახებ განაცხადა. 26 სექტემბერს თბილისის საკრებულოში გადაწყდა, რომ იქ, სადაც დღეს საფეხმავლო გზაა და ძველისძველი ციხის ბურჯები ჩანს, კვლავ სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება, რისთვისაც ესტაკადა ბურჯებს თავზე მოექცევა. საზოგადოებამ სიტყვა ესტაკადა მტკივნეულად აღიქვა და რატომღაც წარმოიდგინა, რომ პუშკინის ვიწრო ქუჩაზე რამდენიმესართულიანი გზა უნდა აშენდეს. საქმეს ვერ უშველა მერიის მომზადებულმა ფოტოესკიზებმაც... საზოგადოების ისტერიას ხელი შეუწყო საკრებულოს "ნაციონალური მოძაობის" დეპუტატების განცხადებებმაც. მათ მხარი არ დაუჭირეს ესტაკადის მშენებლობის პროექტს და განაცხადეს, რომ ასე დაიმარხება თბილისში შემოსასვლელი ისტორიული კედელი და გალავანი, მშენებლობის შედეგად გაჩნდება ისტორიული მემკვიდრეობის დაზიანების საფრთხე.
"კვირის პალიტრას" მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე ესაუბრა: - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან გაკეთდება ბურჯები და ლითონის კონსტრუქციებით გადასასვლელი ხიდი აშენდება. გზა, რომელიც ბარათაშვილის ხიდიდან მიდის მოედნისკენ, რჩება უცვლელად, შესაძლოა, მხოლოდ ასფალტის საფარი შეიცვალოს, ისიც - თუ დაზიანებულია.
უსაფუძვლოა პანიკა, რომ ესტაკადა ძალიან მაღლა აიწევს და ავტომობილები ფანჯრების წინ ივლიან, ან თითქოს არქიტექტურულ ანსამბლს დავამახინჯებთ. ავაშენებთ არქიტექტურული სტილის შესაბამის სამანქანო გზას, მსუბუქ ესტაკადას და არავითარ შემთხვევაში - ბეტონის ნაგებობებს, როგორიც არის გმირთა მოედანზე ან სხვაგან. ჩვენ ხომ მიწაყრილს ვეღარ გავაკეთებთ, ისევ ხომ არ დავმარხავთ ძეგლს, ამიტომაც ვაკეთებთ ესტაკადას. კატასტროფული არაფერი ხდება. ამასაც ვაკეთებთ იმიტომ, რომ გადაადგილება იოლი გახდეს.
- განაცხადეთ, რომ ეს მშენებლობა ორი მილიონი ლარი დაჯდება. როდისთვის აპირებთ დასრულებას?
- თანხა, შესაძლოა იყოს მეტი ან ნაკლები. ვვარაუდობთ, რომ პროექტი 2015 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს და ამიტომაც ახლავე ვიწყებთ მუშაობას. დაახლოებით 160-დღიანი პროცედურა გვექნება ტენდერისთვის. ვფიქრობთ, 2015 წლის მაისიდან დაიწყება მშენებლობა, რაც 7-8 თვეში უნდა დასრულდეს. საპროექტო, სამშენებლო, ურბანული და სატრანსპორტო ორგანიზაციები დიდი ხანი მუშაობდნენ ამ საკითხზე.
- ოპონენტებმა მერია დაადანაშაულეს კულტურული მემკვიდრეობის დასამარების მცდელობაში.
- პირიქით, ეს არის პროექტი, რომელიც სწორედ კულტურულ მემკვიდრეობას დაიცავს. ვინც ამ აბსურდულ ბრალდებას გვიყენებს, რატომღაც არ ამახვილებს ყურადღებას, როგორ ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა თუნდაც სოლოლაკში, სადაც ინტენსიური მოძრაობა, ვიბრაცია ანგრევს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ერთი მხრივ, სატრანსპორტო კვანძი გავხსნათ და მოსახლეობას მიეცეს საშუალება, მთაწმინდიდან, ოქროყანიდან და სხვა ზედა ქუჩებიდან სწრაფად მოხვდეს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. მეორე მხრივ, განიტვირთება სოლოლაკიც, მოძრაობის განტვირთვის შედეგად კი კულტურული ძეგლებიც გადარჩება.
რობერტ იანტბელიძე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი: - იდეა შესანიშნავია, მთავარია, ჭკვიანურად დაიგეგმოს და არა ისე, როგორც უგულავამ გააკეთა არა მხოლოდ გმირთა მოედანზე, არამედ მთელ ქალაქში ქვეითად მოსიარულეთათვის ხიდების სახით. ამ ხიდებზე ხომ ფეხით მოსიარულეთა 1 პროცენტიც არ გადადის.
- უგულავას გუნდს მიაჩნია, რომ პუშკინის ქუჩაზე ბურჯები კოლექტორს დააზიანებს.
- სისულელეა, ააცდენ იმ კოლექტორს და სადაც შესაძლებელი იქნება, იქ დასვამ ბურჯს. სჯობდა, უგულავას იმაზე ეფიქრა, გზა რომ გააუქმა, ალტერნატივას სად სთავაზობდა ტრანსპორტის ნაკადს?! ეს იყო წინდაუხედავი პროექტი. მანდ სატრანსპორტო არტერიის შევიწროება არ შეიძლებოდა.
- ეს ესტაკადა განტვირთავს მოძრაობას?
- რა თქმა უნდა. მოდიხარ რუსთაველიდან და გინდა პუშკინის ქუჩიდან სანაპიროთი წახვიდე ორთაჭალაში, ან ბარათაშვილის ხიდით გადახვიდე ვარკეთილის, კახეთის მიმართულებით. იმის გამო, რომ პუშკინის ქუჩა დაკეტილია, იძულებული ხარ, დაბრუნდე უკან, ქაშვეთისკენ და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ჩაუხვიო, სადაც საცობებით ჯოჯოხეთი იქმნება. ესტაკადით დაიზოგება მანძილი და საწვავი, რაც ეკოლოგიურადაც განმუხტავს მდგომარეობას. თავისუფლების მოედანზე ავტომობილების ნაკადი რომ დაეთვალათ, ასეთ სისულელეს არ დაუშვებდნენ, მაგრამ უგულავას დროს გათვლები არ გაკეთებულა. კომპიუტერში შექმნიდნენ დიზაინს, მოსწონდათ, როგორც ბავშვებს და მშენებლობას პროექტის მომზადებამდე იწყებდნენ. თავისუფლების მოედნისთვის ხელი არ უნდა ეხლოთ. გამოეღოთ გვირაბი, გაემაგრებინათ რკინის კონსტრუქციით და კაცი არ იქნებოდა აუგის მთქმელი, ფულიც ნაკლები დაიხარჯებოდა და საწვალებელიც არ გახდებოდა.