"არ მესმის, რატომ ხმაურობს ხალხი, ქალი რომ ქმარს უღალატებს, უნდა დაისაჯოს!"
სიყვარულის მსხვერპლი თუ ტრადიციების მეამბოხე - რა ვითარებაში მოკვდა 30 წლის ქალი ლამბალოში
"ეგ ქალი არავის არ ერიდებოდა, ისე ღალატობდა ქმარს"
"ქმარი ცოტა დებილია. ცოტა მახინჯიც არის"
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მკვიდრის, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობამ საზოგადოება შეძრა. ადგილობრივთა მონათხრობით, ის ქმრის ნათესავებმა ქმრის ღალატში საჯაროდ ამხილეს,- საყვარელთან ყოფნის დროს გადაღებული მისი ფოტოები გაავრცელეს, რის შემდეგაც სოფლის ბირჟის თვალწინ სცემეს; ნაცემი სოფლის მაღაზიის უკან გაიყვანეს, სადაც კვლავ სცემეს. ბოლოს მამის სახლში წაიყვანეს, სადაც ქალმა თავი ჩამოიხრჩო.
ლ.ქ; ლამბალოს მკვიდრი:
- არ მესმის, რატომ ხმაურობს ხალხი, ქალი რომ ქმარს უღალატებს, უნდა დაისაჯოს; ჩვენი ხალხი მოღალატე ქალებს ყოველთვის ასე უკეთებს. ეს ჩვენთან არავის უკვირს.
- თქვენ არ ითვალისწინებთ, რომ დასჯის უფლება მხოლოდ კანონს აქვს...
- ჩვენი წესი ასეთია, ქალი ჩვენი იყო და მისი დასჯაც შეგვიძლია. თუ ქმარი არ უნდოდა, რატომ ცხოვრობდა მასთან 13 წელიწადი?! ეგ ამბობდა, ქმარი არ მიყვარსო, მაგრამ უყვარდა თუ არა, ქმარი ქმარია...
- როცა ჯეირანოვას სცემდნენ, თქვენც უყურებდით? ეს ხომ სისასტიკეა, - სუსტ ქალს კაცები ერთმანეთის თვალწინ სცემდნენ და არც ერთ მათგანს არ ეცოდებოდა...
- სცემდნენ, არ სცემდნენ, ეგ ერთია, მაგრამ ეგ ქალი არავის არ ერიდებოდა, ისე ღალატობდა ქმარს.
ნ. ხ; ლამბალოს მკვიდრი:
- ეგ გოგო 17 წლის რომ იყო, მაშინ გაათხოვეს მშობლებმა, ჩვენი წესის მიხედვით. ვინც მშობლებს უნდოდა, იმას გააყოლეს.
- ანუ ვის?
- მაგის ქმარი მწყემსია, მთაში ჰყავს ძროხები და ცხვარი. ცოლი რომ მოუკლეს, მაშინაც არ იყო სახლში.
- საქმიანობაზე არ გეკითხებით, რა თვისებების ადამიანია? მომხდარზე რას ამბობს?
- ლაპარაკი არ შეუძლია, არ ლაპარაკობს.
- მუნჯია?
- არა.…
- აბა?…
- ცოტა დებილია. ცოტა მახინჯიც არის.
- თავად ჯეირანოვა როგორი გარეგნობის იყო?
- ლამაზი... ეგ ქალი მამასთან სახლში ბევრჯერ მივიდა, - ჩემი ქმარი არ მიყვარს, მაგასთან ვერ გავჩერდებიო. მაგრამ მამა ეუბნებოდა, ეგ შენი ქმარია, მაგასთან უნდა მოკვდეო.
- ის პიროვნება ვინ არის, რომელთანაც ჯეირანოვა ქმართან ღალატში დაადანაშაულეს?
- მეზობელ სოფელში ცხოვრობს 26 წლის ბიჭია. ისიც ლამაზი ბიჭია; ახლა დანიშნულია და ცოლი მოჰყავს.
- და ჯეირანოვას მაინც ხვდებოდა?
- ჰო. მაგრამ ეგ გოგო, ჯეირანოვა ამბობდა, ჩემი შეყვარებული იმ გოგოს ცოლად არ მოიყვანს, მე მომიყვანს ცოლადო.
- ამის თქმას აშკარად ბედავდა?
-კი. მისი შეყვარებული ბიჭიც არ ერიდებოდა არავის. მანქანით მიდიოდა ჯეირანოვას სახლთან. ეგ დაინახეს ქმრის ნათესავებმა და გადაუღეს სურათები მანქანაში.
-ჯეირანოვამ თავი რა ვითარებაში ჩამოიხრჩო?
- მამამისთან რომ იყო სახლში. მამამისს სახლში ძროხები და ცხვრები ჰყავს. სადაც ეს ძროხები არიან, გოგო იქ შევიდა და ძროხის თოკი ჩამოკიდა და თავი ჩამოიხრჩო.
- ამჯერად რაღას ამბობენ მისი მშობლები?
- ამბობენ, ქმრის სახლში რომ არ უნდოდა წასვლა, იქ არ უნდა გაგვეშვაო. არ ვიცი, მის შვილებს ვინ გაზრდის, ორი შვილი ჰყავს. ახლა გოგოს დედ-მამასთან არიან.
ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის)