ზღაპარი სამი გიგანტური გოგრისა
"ყველაზე დიდი გოგრა 75 კილოგრამს იწონის. შესაფერისი სასწორიც ძლივს ვიპოვეთ"
"უცნაური ფერისა და ზომის გოგრები მივიღეთ, გემო როგორი ექნება, როცა გავჭრით, მაშინ გავიგებთ"
არავინ იცის, ის სამი გიგანტური გოგრა, რომელიც წლეულს სოფელ მარტყოფში მოიწიეს, ზღაპრული და ჯადოსნური ჯოხის შეხებით გადაიქცევა თუ არა კონკიას ეტლად (როგორც ცნობილ ზღაპარშია), მაგრამ გარეგნობით კი ძალიან ჰგავს ზღაპრულს.
სოფელ მარტყოფში, ილურიძეების მამულში, საინტერესო ამბავი მოხდა - გაზაფხულზე დათესილი ორი ცალი გოგრის თესლისგან სამი გიგანტური გოგრა "გაიბერა". ეს ამბავი ოჯახმა მარტყოფიდან თავად გვაცნობა.
მანანა ილურიძე: - ჩემმა ძმისშვილმა გერმანიიდან, სპეციალური პაკეტით, ორი მარცვალი გოგრის თესლი გამოგვიგზავნა, რომელიც გაზაფხულზე სხვა ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურასთან ერთად დავთესეთ. გოგრები დღითი დღე იზრდებოდა, დიდდებოდა.
- იმ ორი თესლიდან რამდენი გოგრა მიიღეთ?
- სამი - ერთმა ძირმა ერთი გოგრა გამოიბა, მეორემ - ორი. ფოთლებიც დიდი ჰქონდა. უჩვეულოდ იზრდებოდა, ყოველდღე ზომავდნენ და დღეში 2-2 სანტიმეტრს იმატებდა.
იქვე ქართული გოგრებიც ეთესა და ჩვეულებრივი ზომის ნაყოფი მივიღეთ, მათგან მხოლოდ რამდენიმე იქნება ოდნავ მოზრდილი.
- იცოდით, რომ ეს გიგანტური გოგრის თესლი იყო?
- არაფერი ვიცოდით. სანამ ჩემი რძალი იმ ორ მარცვალს დათესავდა, შეჭოჭმანებულა - ღირს კი ამ ორი ცალის მიწაში ჩაყრაო? მაგრამ მაინც დაუთესავს.
- გოგრები უკვე მოჭერით?
- გასულ კვირას ვენახში სიმინდის მოსატეხად ვიყავით და ვნახეთ, რომ ყუნწი დარბილებოდა, თან ნახევრად გამხმარიც იყო, დატოვებას აზრი აღარ ჰქონდა და 2 ცალი მოვჭერით. გაჭირვებით წამოვიღეთ. მანქანის საბარგულში ძლივს მოვათავსეთ.
- თითოეული რამდენს იწონის?
- სამივე თითქმის ერთი ზომის არის. ყველაზე დიდი 75 კილოგრამია. შესაფერისი სასწორიც ძლივს ვიშოვეთ - ხორბლის გამყიდველს აღმოაჩნდა.
ახლა მთელი სოფელი ამ გოგრების სანახავად გვსტუმრობს, სურათებს უღებენ. გაისად ვნახავთ, რა იქნება, მისი თესლისგან თუ აღმოცენდება მსგავსი გოგრები.
- რას უპირებთ გიგანტურ მოსავალს?
ლია ილურიძე: - გავჭრით და მეზობლებსაც გავუნაწილებთ, რომ ყველამ იგემოს...
- როგორ უვლიდით?
- არანაირი მოვლა მათ არ ჰქონიათ. თავისით გაიზარდნენ ამხელა. დათესვის მერე თბილისში წამოვედი და მხოლოდ აგვისტოში ვნახე ისინი პირველად. მანამდე ჩვენები რომ მეუბნებოდნენ, გოგრები უსაშველოდ იზრდებაო, არც ვუჯერებდი, ხუმრობა მეგონა. არც კი გაგვითოხნია...
- ზაფხულიც გვალვიანი იყო წლეულს...
- ახლაც, რომ მოვჭერით, ფოთოლი მწვანე აქვს... ბაღის ახლოს ღელე ჩამოდის და ეტყობა, ნესტს იქიდან იღებდა. მოკლედ, უცნაური ფერისა და ზომის გოგრები მივიღეთ, გემო როგორი ექნება, როცა გავჭრით, მაშინ გავიგებთ.
- წონით 75 კილოგრამია და გარშემოწერილობით?
- ერთის დიამეტრი 2 მეტრი და 4 სმ-ია, მეორისა - ერთი მეტრი და 98 სმ. სიმაღლე - 60 სმ. მესამე კი, იმის გამო, რომ ვეღარ წამოვიღეთ, ბაღში მოჭრილი დევს და ჯერ არ გაგვიზომავს...
ლალი ფაცია