მარგველაშვილი ახალ სკანდალში გაეხვევა?!
ნიკა ჩიტიძე: "ქვეყნის იმიჯს ეს გადაწყვეტილება აზიანებს. ასეთი დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულების შეწყალება არა მგონია გონივრული იყოს"
პრეზიდენტი უვადო პატიმრებს შეიწყალებს?!
როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობა უკვე დაწყებულია უვადო პატიმრების შეწყალების საკითხზე. შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ადასტურებს, რომ უვადო პატიმრების საკითხი პრეზიდენტთან უახლოეს შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იქნება. მისი თქმით, შეხვედრის ინიციატივა მარგველაშვილს ეკუთვნის.
ზვიად ქორიძე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე: "- დიახ, ჩვენ უახლოეს დღეებში შევხვდებით პრეზიდენტს მისივე სურვილით. არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც ჩამოსაყალიბებელია პოზიცია, მათ შორის ერთ-ერთია სწორედ უვადო მსჯავრდადებულთა თემა. ჩვენ ბევრი უვადო პატიმარი გვყავს, მათ შორის - 3 ქალი. გვინდა, მეტი ჰუმანიზმი გამოვიჩინოთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუ არ იქნება მედიისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა, გაგვიჭირდება ამის საზოგადოებისთვის სწორად მიწოდება.
უვადო მსჯავრდადებულთა თემა არის დამღა, რომელიც ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას ადევს.
ნურავის ექნება განცდა, რომ თუ 85 მსჯავრდადებული დღეს უვადოდ იხდის სასჯელს, ამით სრული საზოგადოებრივი სიმშვიდეა ქვეყანაში. ამ ადამიანებს სახელმწიფო ეუბნება, განწირული ხარ სამუდამო უიმედობისთვისო. ძალიან გვინდა, ამ თემაზე გაიმართოს დისკუსია, ოღონდ არა ისე, უი, ეს რა ჩაიდინა მარგველაშვილმა"ო. ამ პროცესს უნდა მივუდგეთ არა ნიშნის მოგებით, თითქოს ეს ანგრევს საზოგადოებრივ წესრიგს, არამედ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეწყალებამ შეიძლება უფრო ჰუმანური გახადოს საზოგადოება.
პატიმრებმა ნაწილობრივ მოიხადეს სასჯელი, პრეზიდენტმა კი გადაწყვიტა, მისცეს მათ შანსი, რათა დაიწყონ ნორმალური ცხოვრება.
ამ კუთხით თუ შევხედავთ საკითხს, არანაირი კავშირი არ არის პრეზიდენტის შეწყალებებსა და კრიმინალური სიტუაციის გართულებას შორის.
- საზოგადოების ნაწილის აზრით, პატიმართა ხშირად შეწყალება რისკთან არის დაკავშირებული.
- არ შეიძლება საზოგადოებაში სკეპტიციზმის დათესვა. პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება, გაათავისუფლოს ნებისმიერი მსჯავრდადებული, რა თქმა უნდა, ეს მისი რისკი და პასუხისმგებლობაა. პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირებიდან (მარგველაშვილმა სულ შეიწყალა 660 პატიმარი, აქედან სასჯელაღსრულების დაწესებულება 460-მა მსჯავრდადებულმა დატოვა, დანარჩენებს კი სასჯელის ვადა შეუმცირდათ), ციხეში მხოლოდ 8 კაცი შებრუნდა და მათ არ ჩაუდენიათ ისეთი ტიპის დანაშაული, რომელიც ქვეყნის კრიმინოგენულ ვითარებაზე აისახა.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი და შეწყალების კომისიის წევრები ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დანგრევას ცდილობენ, ეს მათი პრობლემაა.
ალბათ, გახსოვთ, წინა ხელისუფლების დროს შეწყალების აქტი რომ ცხადდებოდა, ჟურნალისტები ციხეებთან მირბოდნენ და გახარებულ პატიმრებს ინტერვიუებს ართმევდნენ. გასულ კვირას კი მედიის პოზიტიური განწყობა ვერ დავინახე. უფრო მეტიც, პატიმრების ოჯახის წევრებიც, რომლებიც გარეთ ელოდნენ, ჩუმად იყვნენ, ემანდ, ჩვენც არ ჩაგვქოლონო. რატომ? რატომ გახდა საზოგადოება ასეთი არაჰუმანური? რა შეიცვალა? ყველა ის ადამიანი ჩასაქოლია, ვინც გათავისუფლდა?
- შესაწყალებელ პატიმართა საქმეების განხილვა რამდენად კვალიფიციურად ხდება?
- პრეზიდენტი დეტალურად განიხილავს კომისიის მიერ რეკომენდებულთა სიას, სათითაოდ სწავლობს ყველა საქმეს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას.
- რამდენად საკმარისია ის ვადა, რაც საქმეების განსახილველად გაქვთ მოცემული?
- ბოლო შეწყალებაზე კომისია 26-დან 29 სექტემბრამდე მუშაობდა. 29 სექტემბერს გადავუგზავნეთ პრეზიდენტს ჩვენი სია და მან 9 დღის შემდეგ გამოსცა განკარგულება. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ოთხჯერ შევხვდით ერთმანეთს და დეტალურად განვიხილეთ თითოეული საქმე. დარწმუნებული ვარ, ის 88 პირი, რომლებმაც გასულ კვირას დატოვეს საპატიმრო, არ ჩაიდენს ასოციალურ ქმედებას და თავს ისევ არ ჩაიგდებს საპატიმროში. მაგალითად, 31 ივლისს 168 კაცი გათავისუფლდა და აქედან მხოლოდ ერთი შეაბრუნეს უკან.
- თუ არ ვცდები, შეწყალება მკვლელობაში ბრალდებულებსაც შეეხოთ.
- ამ მუხლით მსჯავრდადებულ ორ პირს მხოლოდ გაუნახევრდა სასჯელის ვადა.
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად ორგანიზაცია "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" ხელმძღვანელი, ზაზა ჭაია მიიჩნევს, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით პატიმრების მასობრივად შეწყალება არა მხოლოდ საზოგადოებრივ სიმშვიდეს არღვევს, არამედ სირთულეებს უქმნის პოლიციასაც: "შეწყალებულ პირებს შემდგომში სხვადასხვა დანაშაულისთვის აპატიმრებენ. ბუნებრივია, ამან საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. არ შეიძლება რამდენიმე დღეში ასობით პატიმრის საქმის შესწავლა და ასე ხელაღებით მათი გათავისუფლება. ყოველივე ეს იწვევს ათას უბედურებას, მკვლელობას, დანაშაულებრივი ვითარების დაძაბვას და საზოგადოების უკმაყოფილებას. საქართველოში ეროვნული და რელიგიური დღესასწაულები არ დაილევა და არ შეიძლება ყველა ასეთ დღესასწაულზე მარგველაშვილი პატიმრებს გარეთ უშვებდეს, მით უმეტეს, როდესაც საუბარია მძიმე დანაშაულში მსჯავრდადებულებზე. ბოლოდროინდელ შეწყალებაშიც მოხვდნენ ასეთი პირები. მოგეხსენებათ,
პრეზიდენტმა გასულ კვირას მკვლელობისთვის ნასამართლევი 2 პირიც შეიწყალა.
ამ გაუთავებელი შეწყალებებით პრეზიდენტი არა მარტო პოლიციას, არამედ მთელ საზოგადოებას ურთულებს ცხოვრებას. რაც შეეხება უვადო პატიმრების შეწყალების საკითხს, ეს მიუღებელია და საზოგადოებაში სკანდალს გამოიწვევს".
ექსპერტ ნიკა ჩიტიძის აზრით, თუ მარგველაშვილი უვადო მსჯავრდადებულებს შეიწყალებს, ის სერიოზულ სკანდალში გაეხვევა: "საუბარი იმაზე, რომ ქვეყანას ჰყავს ბევრი უვადო პატიმარი და ეს ცუდ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის იმიჯზე, არასწორია. ქვეყნის იმიჯი ნამდვილად დაცული იქნება, თუ მძიმე დანაშაულისთვის სასჯელად უვადო პატიმრობა იქნება გამოყენებული. მე უფრო პირიქით მგონია, ქვეყნის იმიჯს ეს გადაწყვეტილება აზიანებს. მაგალითად, საერთაშორისო საზოგადოებრიობა გაგვაკრიტიკებს, თუ გაათავისუფლებენ უვადო პატიმარ ვოვა არუთინიანს, რომელიც გარდა იმისა, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისთვის ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის იხდის სასჯელს, მან 2005 წლის 10 მაისს, სპეცოპერაციის დროს, პოლიციელი მოკლა. ტერორიზმი, რომელსაც თან ახლავს ასევე განზრახ მკვლელობა, არის სწორედ იმ კატეგორიის დანაშაული, რომელიც უვადო პატიმრობას ექვემდებარება. ასეთი დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულების შეწყალება არა მგონია გონივრული იყოს. რაც მთავარია, საქართველოში აკრძალულია სიკვდილით დასჯა. ამ ზომის სანაცვლოდ მოქმედებს უვადო პატიმრობა, რომელიც, ვფიქრობ, ადეკვატური სასჯელია მათთვის, ვისაც ბრალად ედებათ უმძიმესი დანაშაულები. როდესაც ჰუმანიზმზეა საუბარი, უპირველესად საზოგადოების უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ. თუ უვადო პატიმარს გაათავისუფლებენ და ის კვლავ ჩაიდენს მორიგ სასტიკ დანაშაულს, ვინ აგებს პასუხს?!"