"ჩუმად! ხმაურის გამო დაისჯები"
როდის ეშველება ბათქაბუთქით შეწუხებულმოსახლეობას
"ჯიბეზე რომ მოხვდათ, კანონმორჩილნი გახდნენ"
რამდენიმე დღის წინ, საღამო ხანს, ელენე ახვლედიანის, ყოფილ პეროვსკაიას ქუჩაზე გავიარე. ქუჩის თავიდან ბოლომდე გასვლისას კინაღამ დავყრუვდი, ბარების, კაფეებისა და კლუბების ღია კარ-ფანჯრებიდან ცოცხალი მუსიკის ან ფონოგრამის ხმები ერთმანეთში ირეოდა. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას გრძნობს ამ ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა. იმედი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში ამოქმედდება კანონი ხმაურის შესახებ, მყუდროების დამრღვევთ კი ჯარიმები აიძულებს, ბიზნესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მართონ და პატივი სცენ ადამიანთა უფლებებს. საკუთარი სიამოვნებისთვის გული არ უნდა გაუხეთქო სხვას ხმამაღალი მუსიკითა თუ ფეიერვერკების ბათქაბუთქით... საკრებულო მუშაობს პროექტზე, რომელიც შესაძლებელს გახდის მრავალი წლის განმავლობაში უმოქმედო ხმაურის შესახებ კანონის ამოქმედებას.
"კვირის პალიტრა" თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ალექსანდრე ელისაშვილს ესაუბრა:
- როგორც ცნობილია, ხმაურის შესახებ კანონი ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან არსებობს...
- 2004 წელს ხმაურთან საბრძოლველად დადგენილებაც მიიღეს, მაგრამ კონტროლის და აღსრულების მექანიზმზე არავის უფიქრია. კანონშიც და დადგენილებაშიც წერია, რა არ შეიძლება, მაგრამ არაფერი წერია იმაზე, ეს როგორ უნდა გაკონტროლდეს და აიკრძალოს... როდესაც დაჯარიმდებიან ისინი, ვინც მუსიკას დასცხებენ ღამის ორ საათზე, ფეიერვერკებს მოაწყობენ ან სხვანაირად იხმაურებენ, დაფიქრდებიან, შემდეგ ჯერზე იხმაურონ თუ არა.
ღამის კლუბების, ბარების, კაფეებისა და რესტორნების მეპატრონეებმა საიზოლაციო სამუშაოების ჩატარება რომ შეძლონ, ერთ-ორ თვეს მივცემთ. ხმის ჩამწერი სტუდიებიდან ხომ არ გამოდის ხმა გარეთ, ასევე უნდა გაკეთდეს ყველა ასეთ დაწესებულებაშიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმა აიძულებთ, კანონს დაემორჩილონ.
ჯარიმის ოდენობა იმდენი უნდა იყოს, ნებისმიერ ადამიანს კარგად დაამახსოვრდეს და იცოდეს, თუ სურს ქალაქში ცხოვრება და ფულის გაკეთება, ამისთვის სხვას სიცოცხლე არ უნდა გაუმწაროს.
- ხმაურს ბარ-რესტორნებში ემატება ტრასებზე გამართული ავტო თუ მოტორბოლაც...
- მოტოციკლეტები დღისით თუ ღამითაც მაყუჩებით უნდა მოძრაობდნენ, რომ მათი ბღუილი არ აწუხებდეს მოსახლეობას. ზალდასტანიშვილის, ძმები კაკაბაძეებისა და ზანდუკელის ქუჩის მობინადრეები ლამის შეშალეს მეტრო "რუსთაველთან" შეკრებილმა ბაიკერებმა - მთელი ღამე მოტოციკლების გუგუნი იდგა. ასე რომ, ბაიკერებს მაყუჩებზე ზრუნვა მოუწევთ, ავტორბოლა კი ქალაქში იკრძალება და პოლიციამ უნდა მიხედოს კანონის დამრღვევებს.
- მეზობელი რომ ხმაურობს, მას როგორ უნდა ვებრძოლოთ?
- გამოიძახებთ ზედამხედველობის სამსახურს, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. თუ მეზობლის ხმაური აჭარბებს კანონით დადგენილ ნორმას, მაშინ უნდა დაჯარიმდეს.
მეზობელიც და ნებისმიერი სხვა, ვინც 23 საათის შემდეგ დასაშვებ ზღვარზე მეტად იხმაურებს, დაჯარიმდება.
- რომელი უბნები ან ქუჩები ითვლება ყველაზე ხმაურიანად?
- ჩემთან შემოსული განცხადებების მიხედვით, ვაჟა-ფშაველას ქუჩის ის ნაწილი, სადაც ბარები და კაფეებია, ლესელიძის, ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩები... ქიაჩელის ქუჩის დასაწყისში, ბაღში, თინეიჯერული ბარიდან გამომავალი ხმაურიც ძალიან აწუხებს მოსახლეობას.
- როგორ ფიქრობ, ქართული ხასიათიდან გამომდინარე, კანონით დარეგულირდება ხმაურის პრობლემა?
- ხშირად მომისმენია, ქართველები ღვედს არასდროს გაიკეთებენო, ეს იყო წლების წინ. ახლა ნახეთ, მთავრობის წარმომადგენლების გარდა, ყველა იკეთებს ღვედს. ჯიბეზე რომ მოხვდათ და მიხვდნენ, ამის გამო დაჯარიმდებოდნენ, კანონმორჩილი გახდნენ. შეგნებული მოქალაქეები ისედაც არ ხმაურობენ, ეს კანონი, ძირითადად, შეუგნებლებისთვის არის.
P.S. ამას წინათ ერთი ქართველი წერდა: "გერმანიაში ასეთ ფაქტს შევესწარი - კაფე-ბარს ხანძარი გასჩენოდა, სულ დამწვარიყო. იქვე მცხოვრები მოსახლეობა მხიარულად ადევნებდა თვალს პოლიციისა და სახანძროს მუშაობას. გაკვირვებულმა ვკითხე, ასე მხიარულები რატომ ხართ-მეთქი? ხმაურით სიცოცხლეს გვიმწარებდნენო"...
ასე რომ, ხმაური არ არის "ქართული სენი", მას არც ერთ ქვეყანაში არ მიიჩნევენ ნორმად, ყველგან იკრძალება.