"რუსეთის ციხეში მომკლავენ" - რას ჰყვება თბილისში დაკავებული დაღესტნელი მოჯაჰედი (ექსკლუზივი)
დაღესტნელი მიკაილ კადიევის ცხოვრება 2009 წლიდან აირია, როცა მას სამშობლოდან გადახვეწამ მოუწია. საქართველოში 2011 წლიდან ცხოვრობდა და ორ წელიწადში, 2013 წლის ივნისში, მიკაილ კადიევი ბიძაშვილ რიზვან ომაროვთან ერთად საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა. შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დაკავებულები ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ, თუმცა, საბოლოოდ მათ ბრალი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვაში დასდეს... რუსეთის ფედერაციამ კადიევის ექსტრადირება ორჯერ მოითხოვა. მას დაღესტნელი მაღალჩინოსნის მკვლელობაში ადანაშაულებენ, რასაც ბრალდებული უარყოფს.
მოქმედი კანონმდებლობით, თუ კადიევს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებს, მისი რუსეთში ექსტრადირება აღარ მოხდება. კადიევმა ეს სტატუსი მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ადვოკატებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს...
გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მიკაილ კადიევთან: - საქართველოში ჩამოსვლამდე 1 წელი თურქეთში ვცხოვრობდი, მაგრამ ენობრივი ბარიერის გამო იქ ცხოვრება გამიჭირდა. ოჯახიც ხშირად ვერ ახერხებდა ჩემთან ჩამოსვლას, ამიტომაც მივაშურე აზერბაიჯანს. ჩემი ძმებისა და მეგობრებისგან გაგონილი მქონდა, რომ ქართველები ნორმალურად ეპყრობიან მუსლიმებს, თანაც საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა... მოკლედ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩამოვედი და ვცხოვრობდი მანამ, სანამ მოვიდოდა ხელისუფლება, რომელმაც ლამის ტერორისტად გამომაცხადა. საქართველოში აზერბაიჯანიდან ოფიციალურად, კანონიერი გზით შემოვედი. დაპატიმრებამდე თბილისში, კავსაძის ქუჩაზე ვცხოვრობდი.
- სამშობლოში რას საქმიანობდით?
- დაღესტანში საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ვმუშაობდი, ვიყავი მე-10 კატეგორიის მაშველი. ერთ-ერთი ფონდის ორგანიზატორიც გახლდით, რომელიც გაჭირვებულ მოსახლეობას ეხმარებოდა და იცავდა მუსლიმების უფლებებს რუსეთში. ვაწყობდით მიტინგებს ციხეებში მუსლიმების წამების, ასევე კავკასიაში მათი უკანონო დევნისა და მკვლელობების წინააღმდეგ.
- თბილისში ექსპრეზიდენტის მფრინავ ზაურ ქორთოშიძის ბინაში ცხოვრობდით...
- ზაურის მამა წარმოშობით დაღესტნელია, დედა ქართველი ჰყავს. ის ნათესავებმა გამაცნეს და ერთხანს მის მშობლებთან ვცხოვრობდი თელავში, შემდეგ კი - თბილისში, მის ბინაში გადმოვედი. ეს კაცი რუსეთის წინააღმდეგ ორი ომის მონაწილეა. ის ჩემთვის გმირია.
- როგორ მოხვდა თქვენი და რიზვან ომაროვის საცხოვრებელ ბინაში იარაღი, რომლის შეძენა-შენახვისთვისაც ორი წელი მოგისაჯეს?
- ბინაში არც იარაღი მქონდა და არც ყუმბარმტყორცნები, ისინი ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დამიდეს.
ჩხრეკამდე ჩემს ბინაში იყვნენ ზაურ ქორთოშიძე, მისი ვაჟი თორნიკე და მათი მძღოლი. ისინი იმის უფლებას მომცემდნენ, რომ იქ იარაღი შემენახა?
რატომ არავინ ესწრებოდა ჩხრეკას, ან რატომ არ აიღეს იარაღიდან თითის ანაბეჭდები? ამასთან, ბინიდან ამოიღეს ორი პასპორტი, ერთი ჩემს სახელზე, მეორე - სხვა სახელითა და გვარით, ოღონდ, ჩემი ფოტოთი. რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება ამ პასპორტებთან დაკავშირებით?
ჩემს დაკავებამდე ნახევარი წლით ადრე საქართველოდან კანონიერად ვგეგმავდი გამგზავრებას თურქეთში დაღესტნელ თანამემამულე მაგომედ მაგომედოვთან ერთად, თუმცა ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ბათუმში დაგვაკავეს. ჩამოგვართვეს პასპორტები და წაგვიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. მე თავის დაღწევა მოვახერხე... ამის შემდეგ ვეღარსად წავიდოდი, რადგან პასპორტები ატც-ის თანამშრომლებს ჰქონდათ. მერე ინტერნეტით შევიტყვე, რომ მაგომედოვი რუსეთის ფედერაციას გადასცეს და დღეს ცოცხალიც აღარ არის. არსებობენ ჩემი დაკავების მოწმეები, რომლებმაც ნახეს, როგორ ჩამომართვეს პასპორტები. მაინტერესებს, როგორ აღმოჩნდა ბათუმში ჩამორთმეული პასპორტები დაკავების დროს თბილისში?..
მე და რიზვან ომაროვი შინ ვიყავით, როცა კარზე დააკაკუნეს, გვითხრეს, პოლიციიდან ვართო. კარი მაშინვე გავაღეთ. ბინაში იარაღი რომ გვქონოდა, კარს მაშინვე გავაღებდით? შემოცვივდნენ ნიღბიანები და იატაკზე დაგვყარეს.
- რუსეთში თქვენ მიმართ სს საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა, ამბობენ, თითქოს სისხლი აიღეთ. აქვს თუ არა თქვენს წინააღმდეგ მტკიცებულებები რუსეთის პროკურატურას?
- რუსეთში ბრალს მდებენ ალიკ ალხამატოვის, დაღესტნის ხასავიურტის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მკვლელობაში. თითქოს მკვლელობა სისხლის აღების მოტივით ჩავიდინე... სინამდვილეში აი, რა მოხდა: ერთ დღეს მე და ჩემი ბიძაშვილი მაგომედ უმახანოვი მანქანით მივდიოდით. მოულოდნელად ცეცხლი გაგვიხსნეს. მე მსუბუქად დავიჭერი, მაგომედი კი გარდაიცვალა. დავინახე, ვინც ეს ჩაიდინა. ესენი იყვნენ ხასავიურტის რაიონის სპეცრაზმის (ომონი) უფროსი მარატ იმავოვი თავის დაცვასა და რუს ჯარისკაცებთან ერთად. პროკურატურას მაშინვე მივეცი ჩვენება, რის შემდეგაც იმავოვი დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მან და მისმა თანამშრომლებმა გამიტაცეს, მაწამეს, მაიძულებდნენ ჩვენების უარყოფას. დაცხრილეს ჩემი სახლიც... დახმარებისთვის მივმართე პოლიციას, რათა დაეპატიმრებინა იმავოვი, მაგრამ მე გამოვედი დამნაშავე - მადანაშაულებენ, თითქოს მე მოვკალი ალხამატოვი, რომელმაც მის დაქვემდებარებაში მყოფ მარატ იმავოვს უბრძანა ჩვენი მანქანა დაეცხრილა... მაქვს ალიბი, რომ ალხამატოვის მკვლელობის დროს სამსახურში ვიყავი, რასაც ჩემი უფროსი და თანამშრომლებიც ადასტურებენ. რუსეთში გავგზავნეთ ჩემი თითის ანაბეჭდები, მაგრამ იქ არ აღმოჩნდა ჩემი ანაბეჭდები, რომ შეედარებინათ.
- რა გელით, თუ ლტოლვილის სტატუსს არ მოგანიჭებენ და რუსეთში დაბრუნება მოგიწევთ?
- რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში მელის სიკვდილი! შეგიძლიათ YouTube-ზე ნახოთ ზაურბეკ მაგომედოვის დაკავების კადრები და ნახავთ, როგორ ესხმიან თავს ნიღბიანები ჩემს მეგობარს, რომელიც მეჩეთიდან გამოდის. ზაურბეკიც ჩემთან ერთად იყო ბრალდებული. ის მოკლეს და მეც იგივე მელის რუსეთის ციხეში, სადაც მუსლიმებისთვის გაუსაძლისი პირობებია.
- და აქ რა პირობებში იხდით სასჯელს?
- მე და ჩემი ბიძაშვილი მორწმუნეები ვართ, არ ვეწევით, არ ვსვამთ, არ ვიგინებით და არც უხამსობას ვუყურებთ ტელევიზორში. ციხის ადმინისტრაციას ვთხოვეთ, ჩვენთან საკანში არ შემოეშვათ ისეთი პატიმრები, რომლებიც ამ წესებს არ იცავენ. მიუხედავად ამისა, ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ და უშვებენ მწეველებს, ნარკომანებს... ჩვენ მათ ვუშლით მოწევას, გინებას, რის გამოც ხშირად გვაქვს კონფლიქტი. ჩვენ არ ვჭამთ ხორცს (საქონლის და ქათმის), თუ ის ჰალალი (დაკვლამდე მოლას ნაკურთხი) არ არის. უკვე წელიწადი და სამი თვეა ციხეში ვართ და ერთხელაც არ მიგვიღია ასეთი ხორცი. ნათესავებს მაინც მისცენ მოტანის უფლება! სხვა პრეტენზია არ გვაქვს.
ნანა ფიცხელაური