დეფი: "ისინი, ვინც ჩემს პოეტობას დასცინიან, ავად არიან. თანაც ძალიან ავად"
"მე წარმატებული პოეტი ვარ და ამ უღიმღამობას ვერ ვიტან, მე ზეიმი მინდა და ბედნიერება"
"ქართულ მწერლობაში უღიმღამო ვითარებაა. აქ წარმატება სიკვდილია. მე კი სიკვდილს ვერ ვეგუები. მე სიცოცხლე მიყვარს. მკვდართა მხარეში კი, ასეთ ნეკროპოლისში ჩემისთანები სძულთ."
ცოტა ხნის წინ პოეტმა დავით-დეფი გოგიბედაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააზიარა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს შვიდ საუკეთესო პოეტთა შორის მოხვდა, სწორედ ამ ამბით დავიწყეთ მასთან საუბარი:
- ორი ამერიკული ლიტერატურული საზოგადოების ინიციატივით, "ლედიგ ჰაუსი" და "არტ ომაი", არტ პროექტი განხორციელდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შვიდი პოეტის შემოქმედებიდან ერთი ნამუშევარი შეიქმნა, მათ შორის გახლავართ მე. ქართველი პოეტი დავით დეფი. ორმა ამერიკულმა ლიტერატურულმა საზოგადოებამ "ლედიგ ჰაუსმა" და "ამერიკენ პოეტმა" შექმნა "ქენთო"- მთელი მსოფლიოდან, სხვა და სხვა ავტორების პოეზიიდან ამოკრეფილი სტრიქონებით შედგენილი ლექსი. ჩემი ლექსიც პროექტში შევიდა. ქენთო მაისურებზე დაიტანეს და ახლა ნიუ იორკის, ჩიკაგოს, სან ფრანსისკოს, ფილადელფიის, ბალტიმორის, ბოსტონის, სიეტლის და ლოს ანჟელესის წიგნების მაღაზიებში იყიდება. მონაწილეობენ პოეტები : ლუკას ჰირში, ადამ ზდროდოვსკი, კატარინა გრიფენბერგ, სერჯიო ბადილა, ჰოანგ ჰუნგი, იულია პანა და მე..
- სოციალურ ქსელებში და ფორუმებზე ბევრმა დაცინვის საგნად აქცია ეს ფაქტი. რატომ?
- ავად არიან. თანაც ძალიან ავად. მათი ეს ავადობა მათივე არჩევანია, მე ამასთან საერთო არაფერი მაქვს.
- იგივე სოციალურ ქსელებში ხშირად მოგიხსენიებენ, როგორც "ნაციონალების" მწერალს. რამდენად სწორია ეს შეფასება?
- რა თქმა უნდა არასწორია, ჩემს შემოქმედებას რომ იცნობდნენ, უკეთესები იქნებოდნენ. მოქალაქეობრივი არჩევანით კი მე ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს და რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობას" ვირჩევ, ვიდრე "ქართულ ოცნებას". ეს ჩემი არჩევანია და დანარჩენი კომპეტენციის საკითხია. სხვა მწერლები სხვა პოლიტიკურ სიმპატიებს გამოხატავენ, მე კი იმას გამოვხატავ რისიც მჯერა, რომ სწორია. რა იდეალებიც მამოძრავებს.
- როგორ შეაფასებდით ქართულ მწერლობაში დღეს არსებულ ვითარებას?
- ერთი ჩვეულებრივი უღიმღამო ვითარებაა, როგორც ყველგან. აქ წარმატება სიკვდილია. საქართველოში მოთხოვნადი მწერალი მკვდარი მწერალია, მე კი სიკვდილს ვერ ვეგუები. მე სიცოცხლე მიყვარს. მკვდართა მხარეში კი, ასეთ ნეკროპოლისში ჩემისთანები სძულთ.
მე წარმატებული პოეტი ვარ და ამ უღიმღამობას ვერ ვიტან, მე ზეიმი მინდა და ბედნიერება, თუმცა უფრო მეტი მჭირდება, რათა მეტი ადამიანის გულამდე მივაღწიო. თუ ეს გამომივა სამყარო ოდნავ მაინც უკეთესი გახდება, თუ არ გამომივა მაშინ ისევ ისეთ ილუზიაში დარჩება საქართველოც და თუ გნებავთ, საერთოდ, მთელი მსოფლიო, როგორშიც ახლაა.
- 15 ნოემბერს თუ აპირებთ მიტინგზე წასვლას და სიტყვით გამოსვლას?
- დიახ, რა თქმა უნდა მივალ. ეს ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციაა. რა გაეწყობა ასეთი ვარ. მადლობა ღმერთს მაქვს ბედნიერება ვიყო ის ვინც ვარ.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საითისთვის)