თავდაცვის სამინისტროს კაპრალმა ღამის 3 საათზე თავი ჩამოიხრჩო
"ვეჭვობდით, რომ სამსახურში ჰქონდა ცუდად საქმე"
"თოკი დაბალ ტოტზე ჩამოუბამს, ჩამოკიდებული ფეხისწვერებით მიწას სწვდებოდა..."
"შვილი რომ ვერ იპოვა, ქალი ჭკუაზე გადავიდა. თუმცა იმას რა აფიქრებინებდა, ჩემი შვილი ხეზეა ჩამოკიდებულიო"
სუიციდის მორიგი შემთხვევა გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში რამდენიმე დღის წინ მოხდა. შეღამებისას მეზობელმა ჭალაში, ხეზე ჩამოკიდებული ადამიანი შემთხვევით იპოვა... თავზარდაცემული კაცი გარდაცვლილს მიუახლოვდა და 31 წლის ლადო ქერდიყოშვილი ამოიცნო. ამ ახალგაზრდას სოფელი მთელი ღამის განმავლობაში დაეძებდა. ის წინა დღეს, შღამებისას გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. ამით ამოიწურა ლადო ქერდიყოშვილის დედის უკანასკნელი იმედი, რომ მისი შვილი ცოცხალი იქნებოდა. როგორც ახლობლები ამბობენ, ლადო ქერდიყოშვილი იმათ რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვისაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და ახლობლების გაუფრთხილებლად დაგვიანება არ სჩვევია. ამასთანავე, ლადო ქერდიყოშვილი ნიჭიერი ადამიანი იყო, -თავდაცვის სამინისტროში, სადაც ის უმცროს კაპრალად მუშაობდა, თანამშრომლები აფასებდნენ და ენდობოდნენ. მშობლიურ სოფელ ხიდისთავში ლადო შაბათ-კვირას დედ-მამის მოსანახულებლად ჩადიოდა. ამჯერედაც ასე იყო...
მ.ნ; გარდაცვლილის მეზობელი: -საშინელება მოხდა.... ვინც ლადოს იცნობდა, იცის, რომ ამას გადაჭარბებით არ ვამბობ. ისეთი კარგი ბიჭი, როგორიც ლადო იყო, ცოტაა. ასეთმა ხალხმა უნდა გაიხაროს და გამრავლდეს, მან კი სიცოცხლე დაასრულა და გაქრა... თანაც ისე, არავინ იცის, რატომ. სოფლის მოსახლეობა გაოგნებულია, -განა რა უნდა დაეშავებინა, ან რა უნდა მომხდარიყო ასეთი, რომ ლადოს თავი მოეკლა? მაგის გვერდით კაცი არ იყო, რომ ეგ არ ჰყვარებოდა. ვეჭვობდით, რომ სამსახურში ჰქონდა ცუდად საქმე, მაგრამ მისი თანამშრომლები აქეთ კითხულობენ, -სამსახურში ყველაფერი კარგად ჰქონდა, თქვენ ხომ არ იცით, რა მოხდაო...
-უმიზეზოდ არაფერი ხდება, ალბათ მაინც ჰქონდა მიზეზი, უიმედოდ ხომ არ იყო შეყვარებული?
-რა უიმედოდ! ცოლი და შვილი ჰყავს. ლადო ერთგული კაცი იყო.... სოფელში მაგაზე ბედნიერი კაცი არ გვეგონა, სულ კარგ ხასიათზე იყო... ამ შაბათ-კვირასაც რომ ჩამოვიდა სოფელში, მეზობელმა დაპატიჟა და ისე გულით იქეიფა, გესიამოვნებოდა.. ხო, შეიძლება წამით ჩაფიქრებულიყო და სახე მოღრუბვლოდა, ეგეც კი არ ყოფილა!
-ისეც ხდება, როცა მსგავს სასტიკ გადაწყვეტილებებს სიმთვრალის გამოც იღებენ....
-რა სიმთვრალის?! მაგ ქეიფის შემდეგ 2 დღე გავიდა და მერე ჩამოიხრჩო თავი! ფხიზელი რომ იყო, ეს ექსპერტიზამაც დაადგინა,...
-ანუ სოფლიდან შაბათ-კვირის შემდეგ აღარ წამოსულა და სახლში რამდენიმე დღე დარჩა, ეს შინ არ გაუკვირდათ?!
-ლადოს ძალიან კარგი მშობლები ჰყავს, შვილს ყველაფერში ენდობოდნენ და რომც გაჰკვირვებოდათ, ამაში საშიში რა უნდა დაენახათ?
ვ.ნ; გარდაცვლილის ახლობელი: - ლადოს მაგის არაფერი ეტყობოდა, რომ ვინმე იმაზე დაფიქრებულიყო, ეგ თავს მოიკლავსო... არც დეპრესიული იყო, არც არაფერი... კაცი საღამოს ფლოსტებით გავიდა სახლიდან, დედამისი როგორ უნდა დაეჭვებულიყო, - ჩემი შვილი თავის ჩამოსახრჩობად მიდისო?! მეზობელთან წასული ეგონა, იდგა და ელოდა, ან ახლა დაბრუნდება, ან ახლაო.... რომ დააგვიანდა, მაშინ მოიკითხა და ვერსად იპოვა, ქალი ჭკუაზე გადავიდა. თუმცა იმას რა აფიქრებინებდა, ჩემი შვილი ხეზეა ჩამოკიდებულიო... არადა, ასე ყოფილა, ხალხი ეძებდა, ბიჭი კი ღამის 3 საათზე ხეზე ასულა, თოკი ჩამოუბია და თავი ჩამოუხვრჩია. ეტყობა თოკი სახლიდან რომ გავიდა, მაშინ ჩაიდო ჯიბეში
- პოლიციამ თქვა, ღამის 3 საათზეა ჩამომხრაჩვალიო... ღამის 3 საათამდე არავის შეხვედრია? ზოგჯერ შემთხვევითი შეხვედრაც ბევრ რამეს წყვეტს...
- არავინ. ისიც არავინ იცის, რას აკეთებდა სად იყო ღამის 3 საათამდე, მას შემდეგ რაც სახლიდან გავიდა. ახლა ღამე ძლიან ცივა, თანაც მდინარის ჭალაში. ჭალა სოფლიდან არც ისე დიდ მანძილზეა. ტელეფონი კი თან წაუღია, მაგრამ გამორთული ჰქონდა, ეტყობა იმიტომ გამორთო, რომ არავის არ დაერეკა და ეს გადაწყვეტილება არ გადაეფიქრებინა... ჭალაში არც ისე ბევრი ხე დგას. ეტყობა, იმ შუაღამისსა ტელეფონით მოათვალიერა და ასე გაარკვია, რომელ ტოტზე ჩამოეხრჩო თავი... ბევრი არ უძებნია, -თოკი დაბალ ტოტზე ჩამოუბამს, ჩამოკიდებული ფეხისწვერებით მიწას სწვდებოდა...
- ძნელი წარმოსადგენია ადამიანმა ისე მიიღოს ამ ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება, რომ ყველა კვალი გააქროს...
- ერთადერთი, შეიძლება, რომ პროკურატურამ მისი ტელეფონიდან შეიტყოს რაიმე, თუკი ტელეფონზეც ყველაფერი წაშლილი არ აქვს... ასეა თუ ისეა, თავს ის ხალხი იკლავს, რომელიც გამორჩეული და კარგია... ეს რატომ ხდება, ვერ ვხვდები... ხანდახან ვფიქრობ, იმიტომ რომ სუფთები არიან და ცხოვრების სიბინძურეს ვეღარ უძლებენ-მეთქი... მაგრამ ეს რა შღაავათია მაგათი ოჯახებსთვის?!
ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)