"ეს ჩემი ოჯახის ტრაგედია იყო..." - ინტერვიუ მოკლული ტრანსგენდერის დედასთან
საბის ოჯახი ვალის გამო მკვლელობას გამორიცხავს
"ლისის ტბაში გადახტა, მაგრამ გადაარჩინეს. მაშინ ხალხი ძალიან აგრესიულად იყო განწყობილი, აქეთ მე ვეჩხუბებოდი, ამის უფლებას არ მოგცემ-მეთქი და ვერ გაუძლო ზეწოლას..."
პეკინის ქუჩაზე, ერთოთახიან ბინაში სადისტურად მოკლული 23 წლის ტრანსგენდერი ბექა ბერიანი, იგივე საბი იპოვეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი, სახეზე, ხელებსა და ტანზე კი დამწვრობის კვალი ეტყობოდა. მკვლელმა სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. როცა მეზობლებმა ალი შენიშნეს, სახანძრო გამოიძახეს. ცხედარი დანახშირებისგან მაშველებმა იხსნეს...
მეგობრები მიიჩნევენ, რომ საბი ორიენტაციის გამო მოკლეს, თუმცა ოფიციალური ვერსია განსხვავებულია - ძალოვანებმა დააკავეს 1988 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები ლევან კ. მას ბრალად ედება ბერიანის განზრახ მკვლელობა. "ბრალდებულმა ბექას რამდენიმე თვის წინ ფული ასესხა და ამ თანხის უკან დაბრუნებას ითხოვდა. ამის გამო შელაპარაკდნენ, რასაც მოჰყვა მკვლელობა", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, თუმცა დეტალები სასამართლოზე გახდება ცნობილი.
ბექა 16 ნოემბერს გურჯაანის სოფელ ველისციხეში დაკრძალეს. გამოძიების ვერსიის არ სჯერა მოკლულის დედას. ირწმუნება, რომ მის შვილს არავის ვალი არ ჰქონდა.
თამუნა, ბექას დედა:
- ტყუილია, რომ ჩემს შვილს ვინმეს ვალი ჰქონდა. შეიძლება პირიქით - ბექას ფული მართებდა მკვლელს. ბანკში ანაბარიც კი ჰქონდა გახსნილი, უხაროდა, თანხას რომ აგროვებდა, პროცენტებიც მემატებაო. შინაც ჰქონდა 1 000 ლარამდე. ჩემს შვილს ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. სანამ ნაქირავებ ბინაში გადავიდოდა, მეგობარ გოგონებთან ცხოვრობდა. ყველაზე ახლოს ნინისთან იყო. თბილისში თვეში ერთხელ ვაკითხავდი, სალონში სტილისტად მუშაობდა. მითხარით, რატომ მომიკლეს? წინადღეს ვესაუბრე ტელეფონით. 15 ნოემბერს, ჩემი დაბადების დღეს, სოფელში უნდა ჩამოსულიყო. იმ დასაწვავ დღეს დილიდან ვურეკავდი, ტელეფონი სულ გათიშული იყო. ძალიან ცუდი წინათგრძნობა მქონდა. ავფორიაქდი, ვერ ვისვენებდი, თავს იმით ვინუგეშებდი, ალბათ, სძინავს-მეთქი. დილით ტელევიზიით გავიგე, რომ პეკინზე ვიღაც მოკლეს და მოსვენება დავკარგე. 25 წლის არისო, თქვეს და ცოტათი დავმშვიდდი - ბექა 23 წლის იყო. ვინაობას არ აცხადებდნენ. მაინც ტელევიზორს ვიყავი მიჯაჭვული, ახლობლებსაც ვუთხარი, თუ საღამომდე არ მიპასუხა, თბილისში ჩავაკითხავ-მეთქი. ბევრმა ახლობელმა დამირეკა, თურმე უკვე იცოდნენ, რაც მჭირდა. ტელევიზიებიც მოვიდნენ, ოღონდ მიზეზი არ უთქვამთ. უბრალოდ, გვინდა ბექას შესახებ მოგვიყვეთო. უარით გავისტუმრე. ამ საკითხზე საუბარი არ მსიამოვნებდა... მერე 3-საათიან "კურიერში" გამოაცხადეს, ვინაობა დადგინდაო. ვიჯექი და ვლოცულობდი, ოღონდ შენ არ იყო, შვილო-მეთქი. რომ გამოაცხადეს, გამწარებული ვბღაოდი. ერთადერთი შვილი მყავდა, მეტი არავინ, დედა მოუკვდეს, კარგი მოსწავლე იყო, დღესაც იყვნენ მისი მასწავლებლები სამძიმარზე. ველისციხის სკოლა დაამთავრა, მერე თბილისში წავიდა და იქ აირია მისი ცხოვრება.
- ბავშვობაში არაფერი უცნაურობა შეგინიშნავთ მისთვის?
- ბიჭებიც ჰყავდა მეგობრები, მაგრამ უფრო გოგონებთან გამოსდიოდა ურთიერთობა. მერე თბილისში, უცხო ენების კურსებზე ჩააბარა და "ნიკალაში" მიმტანადაც მუშაობდა. ვხედავდი, ეს ის ბექა აღარ იყო, ძალიან შეიცვალა... თბილისიდან რომ ჩამოდიოდა, ისე იქცეოდა, როგორც მამაკაცს შეეფერება, მაგრამ, როცა შევიტყვე, თბილისში ქალის ტანსაცმლით დადიოდა, ცუდად გავხდი. მაშინ მდგომარეობიდან ძლივს გამოვედი. ვერ წარმომედგინა ჩემი შვილი კაბაში. ის გადაცემა დღემდე არ მინახავს...
- თვითონ რა გითხრათ, რატომ გარისკა ტელევიზიით, ასე საჯაროდ გამოსვლა?
- არ მინდა, ჩუმად გავაკეთო რამე, ხალხმა უნდა იცოდეს, როგორიც ვარო. ამ თემაზე ჩემთან საუბარი უჭირდა. არადა, ვერ წარმოიდგენთ, როგორი მხიარული ბავშვი იყო, სიმართლის მოყვარული... ყველაზე მეტად პაპასი ერიდებოდა, მისი შინ მოსვლისას ქუდს იხურავდა, რომ შინდისფრად შეღებილი თმა არ გამოსჩენოდა და პაპას გული არ სტკენოდა. სიგიჟემდე უყვარდა პაპა. ბექა 3 თვის იყო, როცა ქმარს გავცილდი, მას შემდეგ მშობლების გვერდში დგომით გავზარდე შვილი.
- სქესი შეცვლილი ჰქონდა?
- სქესის შეცვლაზე ლაპარაკი ჩემთანაც დაიწყო. აპირებდა, ოპერაცია საზღვარგარეთ გაეკეთებინა, მაგრამ ამის ფული არ ჰქონდა, აგროვებდა, ანაბარიც ამიტომ გახსნა. საქართველოდან წასვლა უნდოდა. ალბათ, მეც არ დავუშლიდი. ვხედავდი, რა დღეშიც იყო...
კარს უცხოს არ გაუღებდა, ორმაგი საკეტით კეტავდა - ქალაქია და სიფრთხილეა საჭიროო, მეუბნებოდა. როგორც ჩანს, მკვლელს იცნობდა, შეიძლება, გასაძარცვად მივიდა ბინაში და მოკლა... მაინც მეშინოდა, რადგან ვიცოდი, ქუჩაში ქალის ტანსაცმლით დადიოდა. მაკიაჟიც ჰქონდა და შინდისფრად შეღებილი თმაც. ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარდა, ალბათ, იმ შოუშიც ამიტომ მივიდა... ხანდახან ისეთი სევდიანი იყო, გული მოგიკვდებოდა. ჭკუის დარიგებას რომ დავუწყებდი, მეტყოდა, კარგი, დედა, ჩემიც მეყოფაო. თვითონაც ძალიან განიცდიდა. ერთხელ თვითმკვლელობაც სცადა, ლისის ტბაში გადახტა, მაგრამ გადაარჩინეს. მაშინ ხალხი ძალიან აგრესიულად იყო განწყობილი, აქეთ მე ვეჩხუბებოდი, ამის უფლებას არ მოგცემ-მეთქი და ვერ გაუძლო ზეწოლას... მერე მივხვდი, ჩხუბს აზრი არ ჰქონდა, ეს ჩვენი ოჯახის ტრაგედია იყო...
სახლის კიბესთან პაპა იდგა და მოთქვამდა - რა ვქნა, უშენოდ როგორ ვიცხოვროო...
ახლა ამ სახლში მხოლოდ ბექას დედა და მოხუცი პაპა დარჩნენ.
თეა ხურცილავა