დრეს-კოდი ჯაფარიძისაგან - კვირის პალიტრა

დრეს-კოდი ჯაფარიძისაგან

"ჩაატარეს" ნაციონალებმა! მაგარი იყო ძალიან!

მიშა განსაკუთრებით - "სტო ტიში" კაცი მოვიდაო, უკრაინელებს რომ "აბოლებდა" პირდაპირი ჩართვის წინ.

მაგრამ, როგორც იტყვიან: ეს ყველაფერი - არაფერი. სანამ "ნაციონალები", "ოცნებისტები", ჟურნალიტები თუ "ექსპერტები" იმას გაარკვევენ, სინამდვილეში რამდენი "ტიში" მოგროვდა რუსთაველზე, მანამდე არც აქეთ ხდება დიდი სასიკეთო ამბები და ამიტომ, "ნაციონალები" თავის ოცნებებთან დავტოვოთ (ვაჰ, როგორ "შეამხანაგდა" ამ წინადადებაში ეს ორი სიტყვა) და საქმეს მივხედოთ: სამთავრობო დელეგაცია ევროპაში გაემგზავრა და ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმაც, პირველი "პაეზდკა გაარტყა", - თანაც "ზედ-შიგ-პირდაპირ" ნატოს შტაბ-ბინაში!

რა მიკვირს, იცით? რა და, - თამარ ბერუჩაშვილს უპრინციპობას რომ საყვედურობს ზოგიერთი მორალისტი. კი, წინა "პროვოკაციაშიც" ვწერდი ამაზე და აღარ გავაგრძელებ, მაგრამ მინდა ვიკითხო: რომელიმე თქვენგანი უარს იტყოდა მინისტრობაზე? მე არ ვიტყოდი! ბატონო ბიძ... კი არა და, ირაკლი - მოადგილეობა მაინც, ჰა? არა? გრძელი ენა მაქვს? ეგ ვინ გითხრათ, ნაცებმა? ისინიც ეგრე ამბობდნენ...

კარგი, კარგი, ვიხუმრე - მინისტრობა და პარლამენტარობა რომ მნდომებოდა!.. ჰმ, ხომ ვარ ღირსი, ახლა რომ მითხრან (ალბათ ბევრმა მითხარით კიდეც), რომ გნდომებოდა, ვის რას... ხახვს დააჭრიდიო, მაგრამ მართლა არ მინდა და ეს განსაკუთრებით "ოცნების" ერთი დეპუტატის გასაგონად მინდა ვთქვა - ბატონი თამაზ ჯაფარიძის გასაგონად, რომელმაც თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ბოლო სკანდალის შემდეგ დატოვა ალასანიას პარტია, "ჭეშმარიტებას ეზიარა" და ალბათ იმ "ჭეშმარიტებს" რომ თავი მოაწონოს (ოღონდ ვერ ვხვდები - ასე რატომ?), პირველი აქტიურობა ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოავლინა: მედიის წარმომადგენლები შეუსაბამოდ ჩაცმულები მოდიან პარლამენტშიო, "ტელნიაშკებითა" და "ტელეგრეიკებითო", აზრზე მოდითო, ეს რა თაობააო?! ჰოდა, ბატონო თამაზ, იმის მიუხედავად, რომ მეც თქვენი თაობა ვარ, ამჯერად "საყვედურარტყმულთა" მარაქაში ვარ, პროფესიული კუთვნილების გამო და სწორედ იმით გიპასუხებთ, რითაც დავიწყე:

- წვერის გაპარსვა, ჰალსტუხით ხრჩობა, "შარვალ-კასტუმი", დილას ადრე ადგომა და სამსახურში ზუსტ დროს გამოცხადება რომ მნდომებოდა, სწორედაც მანდ, თქვენი თუ ზოგიერთი თქვენი კოლეგის ადგილზე ვისხდებოდით ჟურნალისტები, რადგან გაგიკვირდებათ და, ბევრ თქვენგაზე კარგად და დიდი ხანია, გვესმის პოლიტიკაც და ლაპარაკიც რომ გვეხერხება, ზემოთაც დავწერე - აგე, "მთავარმა ჭეშმარიტმა", გრძელი ენა გაქვსო, რომ მითხრა.

ამიტომ, ბატონო ჩემო, თქვენ თქვენ საქმეს მიხედეთ, ჩვენ - ჩვენსას მოვუვლით და "ქალაქიც აშენდება".

ჰო, ახლა მთავრობის ევროპულ ვიზიტებს რაც შეეხება: მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს ნატოს ახალ გენერალურ მდივანთან და ევროსაბჭოს ხელმძღვანელებთან; ისიც ძალიან კარგია, ღარიბაშვილმა რომ ხაზი გაუსვა და იქურებმაც ბოლოს და ბოლოს, არც თუ დიდ ხალისით, მაგრამ მაინც რომ დაიქნიეს თავი - უკრაინაში რაც ხდება, საქართველოს ამბების გაგრძელებაა და როცა რუსეთს უკრაინაში ჩადენილ უმსგავსობებს უპროტესტებთ, ჩვენც გვახსენეთო; მაგრამ ამ კმაყოფილებაზე ცივი წყალი გადაასხა ელჩ ნორლანდის ნათქვამმა - საქართველოსო, ვულოცავო... აბა, თუ მიხვდებით, - რას? იმას, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდით ნატოს? - არა! იმას, რომ შეიარაღებას გაგვიუმჯობესებენ? - არა! იმას, რომ პუტინს გ-20-ისა თუ სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებზე უკრაინასთან ერთად საქართველოთიც შეარცხვენენ? - არა და არა! ნორლანდმა, - იმას გილოცავთო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა დრო გამონახა და შეხვდაო! აი, ასე თქვა და შეგიძლიათ, გადაამოწმოთ, რომ არაფერს ვიგონებ - "ინტერპრესნიუსით" დაიწყეთ და სხვა სააგენტოებსაც ჩახედეთ...

ბიჭო, ესენი მგონი, გვატყუებენ რაღაცას...

P.S. კაცო, კი არ მახსოვდა სახეზე ეს თამაზ ჯაფარიძე რომელი იყო. ის ყოფილა, მსახიობი როა, კაი კაცი - "მაიტა ნასოსში" რომ ექიმს ერჩის, მაგრამ მთავარი სხვა რამეა: ორ-სამჯერ ნანახი მყავს ეგ ადამიანი პარლამენტში, არც ჰალსტუხი დამინახავს მის კისერზე, შავი ჯინსიც მშვენივრად უხდება და შავი "როლინგიც", წვერის გაპარსვაზე აღარაფერს ვამბობ და როგორც გავარკვიე, სხდომების გაცდენა-დაგვიანებაც არ ყოფილა მისთვის უცხო...

ეეე, მაშინ მეც მინდა პარლამენტარობა!