კვიციანის მომხრეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ
"კაცს, რომელიც 14 წელი იცავდა კოდორს, 18 წელი მიუსაჯეს, მერე თურმე სამადლოდ ამნისტია შეეხო და 6 წელი მოაკლდა"
კოდორის ხეობაში ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის, ემზარ კვიციანის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციები დროებით შეწყდა. შიმშილობა შეწყვიტეს მისმა თანამებრძოლებმაც, სანაცვლოდ კი ხელისუფლებას პირველ დეკემბრამდე რეაგირება და დაკავებულის გათავისუფლება მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობისა და საპროტესტო აქციების განახლებას აპირებენ.
ემზარ კვიციანს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მას ბრალად ედება უკანონო გასამხედროებული ჯგუფის - „"მონადირის"“ შექმნა და 2006 წელს კოდორის ხეობაში ამბოხის მოწყობა.
"მებრძოლ პატრიოტთა კავშირის" თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავისი ფეხით სამართალდამცველებთან გამოცხადებული კაცის საქმე იმ პროკურორის ხელში დატოვა, ვინც წინა ხელისუფლების დროს კვიციანის საქმის „შეკერვას“ ხელმძღვანელობდა.
- სწორედ პროკურორმა თენგიზ ხარებავამ წარუდგინა კვიციანს ბრალი "ნაცმოძრაობის" დროს. ნუთუ ხელისუფლება ისეთი გულუბრყვილოა, რომ ჰგონია, ხარებავა თავის შეთითხნილ საქმეზე იტყვის, ემზარი უდანაშაულოაო? მოვითხოვთ, ემზარის საქმე გადაეცეთ მიუკერძოებელ გამომძიებლებს.
კვიციანის საქმე არის ტესტი იმის დასადგენად, კვლავ მართავენ თუ არა ქვეყანას "ნაციონალები".
აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად ტომარაძე მიიჩნევს, რომ ემზარ კვიციანის გასამართლება და მისთვის განაჩენის გამოტანა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში წაყენებული ბრალდებით უსამართლობაა. მისი აზრით, კვიციანის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო კომისია უნდა შექმნილიყო, რის შედეგადაც ფარდა აეხდებოდა არა მხოლოდ ემზარის უდანაშაულობას, არამედ კოდორში ჩადენილ ყველა დანაშაულს.
ემზარ კვიციანის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები ქუთაისშიც გაიმართა.
აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია ორგანიზაცია "ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის", რომლის თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი საზოგადოებას ახსენებს, რომ პროკურორმა ხარებავამ არა მხოლოდ კვიციანის, თორნიკე მოლაშვილის წინააღმდეგაც "შეკერა" საქმე.
ზვიად ტომარაძე: - ემზარ კვიციანი რუსეთიდან მიმდინარე წლის 28 თებერვალს დაბრუნდა. მან წინასწარ განაცხადა, რომ ბრუნდებოდა სიმართლის დასადგენად და მზად იყო, ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი. შეცდა არა მხოლოდ ემზარი, არამედ მთელი საზოგადოება, რომელსაც დღემდე აქვს იმედი, რომ სამართალი იზეიმებს. ვინც საეჭვო ვითარებაში დაგვაკარგვინა კოდორი, იმას პასუხს არავინ სთხოვს, ის კი, ვინც ლამის სიცოცხლის ფასად იცავდა ხეობას, დაპატიმრებულია.
თავისი გულგრილობითა და უმოქმედობით ემზარს განაჩენი გამოუტანა საზოგადოებამაც. ცხრა თვე გავიდა და მესამე აქციაზე ძლივს შევძელით ხალხის შეკრება. ყველა რატომღაც მაყურებლის როლში ყოფნას და შორიდან წუწუნს ამჯობინებს.
- რატომ არ მოხვდა ემზარ კვიციანი პოლიტიკური პატიმრების სიაში, მას ხომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა წინა ხელისუფლებამ?
- თურმე ემზარი პოლიტიკური პატიმრების სიიდან იმიტომ ამოიღეს, რომ მისი სახელით განცხადება არ ყოფილა წარდგენილი. სასაცილო მიზეზია. თუ ნება და სურვილი გაქვს, რომ დაეხმარო კაცს სიმართლის დადგენაში, განცხადების უქონლობა რა სათქმელია? 35-მა დეპუტატმა უშუამდგომლა კვიციანს, რომ გათავისუფლებულიყო, მაგრამ... კაცს, რომელიც 14 წელი იცავდა კოდორს, 18 წელი მიუსაჯეს, მერე თურმე სამადლოდ ამნისტია შეეხო და 6 წელი მოაკლდა. სამარცხვინოა, იმ ადამიანს, ვინც სიცოცხლის ფასად იცავდა კოდორს, უკანონო სამხედრო ფორმირების შექმნა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხება დააბრალო.
ეს პროკურორები კვიციანის საქმეს არ დასჯერდებიან და კიდევ ბევრ ისეთ საქმეს გააკეთებენ, რაც, შესაძლოა, ხელისუფლებისთვის ყელში დანის გამოსმის ტოლფასი გახდეს, ხელისუფლება უნდა გამოფხიზლდეს და დაიწყოს არა მხოლოდ კვიციანის წინააღმდეგ შეკერილი საქმის, არამედ იმის გამოძიებაც, თუ რა მოხდა კოდორში 2008 წელს. ძალიან უცნაურია, რომ ის ადამიანები, ვინც დაკარგა სამაჩაბლო, კოდორი, ახალგორი, ზოგი პარლამენტში, ზოგიც სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობენ და ჭკუას ასწავლიან საზოგადოებას. ამასთან, თითოეულმა ქართველმა უნდა გაითავისოს, რომ ის იცავს არა ემზარ კვიციანს, არამედ სიმართლეს და ღირსებას. მოსამართლემ კი განაჩენი გამოუტანა არა ემზარ კვიციანს, არამედ პატრიოტიზმსა და მთელ ქართველ ხალხს.